მას მაღალი რანგის რეჟისორად მიიჩნევდნენ, რომელსაც არ დასცალდა საკუთარი ნიჭის რეალიზაცია. მალე ხუთი წელი გახდება, რაც ლევან ზაქარეიშვილი, 53 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი წარმოშობით ჩოხატაურიდან, სოფელ საჭამიასერიდან იყო. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა 7 ფილმს ითვლის, აქედან 2 _ სრულმეტრაჟიანი, 5 კი მოკლემეტრაჟიანია.
“ამერიკულ კინოს უნდა მოვერიდოთ, ამას ვუდი ალენიც გვირჩევს, _ ამბობდა იგი, თან დასძენდა, _ ეროვნული, საავტორო ფილმები უნდა გადავიღოთ”.
ლევან ზაქარეიშვილის მიერ, ქართული თემის ხაზგასმა იმ ფილმში უნდა მომხდარიყო, რომელიც 9 აპრილის ტრაგიზმს ეხებოდა და რომლის გადაღებაც აუხდენელ ოცნებად დარჩა. სიუჟეტი ასეთი იყო: ერთმანეთს გადაეჯაჭვა სამი მეგობრის ტრაგედია, რომელთაგან ერთი მწერალია, მეორე _ “წითელ ჯვარში” მომუშავე ექიმი, მესამე კი _ ჯარში სამსახურის მოწინააღმდეგე, რომელიც სასულიერო აკადემიაში აბარებს. ტრაგიკული ამბების დროს, სამი მეგობრის ბედი ერთმანეთს ენასკვება და უფრო და უფრო, საპირისპირო შეხედულებათა და მისწრაფებათა შეჯახებას განიცდის…
პირველი კინოფილმი “გარსევანი” 1984 წელს გადაიღო, შემდეგ კი გაჩნდა “თემო”, “ნისლი”, “მამა”, “ისინი”. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც 1991-97 წლებმა განაპირობა, გადაიღო “თბილისი _ თბილისი” და აღიარებამაც არ დააყოვნა _ ამ ფილმმა მარტო ერთ ფესტივალზე, დსთ-ს ქვეყნებისა და ბალტიის კინოფესტივალ “კინოშოკზე” ანაპაში, სამი პრემია მიიღო. ეს მართლაც კინოშოკი იყო _ ტიროდა კაცი! ამ საერთაშორისო აღიარებით, მან კინოსამყარო აალაპარაკა და ქართულ კინემატოგრაფიაში გარღვევა მოახდინა. შემდეგ რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი “ნიკა” დაიმსახურა; ვისბადენის კინოფესტივალზე გრან-პრი და 10 ათასი ევრო მიიღო; ოსკარის პრემიაზეც იყო წარდგენილი და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, შემდეგ პალესტინური ფილმით ჩაანაცვლეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობებს შეეხებოდა.
ფილმში “თბილისი _ თბილისი” განსაკუთრებული სიმძაფრით აისახა 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველოს შემზარავი სინამდვილე, გაჩანაგებული ინტელიგენციის გაუსაძლისი ყოფა, ბაზრობად ქცეული დედაქალაქი, სამართალდამცავთა აღვირახსნილობა.
განსაკუთრებული წარმატება და აღიარება მოიპოვა ფილმმაც “მამა”. ლევან ზაქარეიშვილი ამბობდა, რომ საკუთარი ფილმის გმირები მას ჰგავდნენ. ემოციები არ ასვენებდა, საზოგადოების კულტურული განვითარების შეჩერებაზე წუხდა, შოუები კულტურად არ მიაჩნდა და უზომოდ წუხდა იმის გამო, რომ აქაც და სხვაგანაც, უხილავი ხელი ხალხის ზომბირებას, ანუ კულტურისგან მოწყვეტას ცდილობდა. გამუდმებით იმეორებდა, რომ კულტურას დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან ეს არის გადარჩენის შანსი!
ლევან ზაქარეიშვილში თხემით ტერფამდე ქართველი ცოცხლობდა, სამშობლოს სიყვარულით გათანგული და მოუდუნებელი. ამიტომაც იყო, ამერიკაში, ატლანტაში სამუშაოდ მიწვეულმა და კარგი ანაზღაურებით უზრუნველყოფილმა, როცა გაიგო, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო, ყველაფერი მიატოვა და სამშობლოს მოაშურა.
ნაღვლიანი, ღრმა პესიმიზმით სავსე რეჟისორი მიიჩნევდა, რომ მაყურებელზე ოპტიმისტურად მოქმედებდა. მისი შემოქმედების “შოკური თერაპია”, ადამიანს დაუყოვნებლივ მოქმედებისთვის აღვიძებდა. მართალია, ფილმის _ “ისინი” მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი ბარაბა ჯვრიდან ჩამოხსნეს და მის ადგილას ქრისტე გააკრეს, მაგრამ მას თავი აუცილებლად იარაღით უნდა მოეკლა, რადგან ადამიანებს წარმოუდგენელი ტკივილი მიაყენა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ლევან ზაქარეიშვილის ფილმებს, სხვადასხვა ფესტივალებზე, 15 ჯილდო ხვდა წილად.
მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია ტექსტების ნაკლებობა და ამ სიმცირის შესახებ ამბობდა კიდეც: _ რა საჭიროა ლაპარაკი და სიტყვები, როცა კადრებით ისედაც ყველაფერი ნათელია. “მხატვრული დოკუმენტები” _ ასე მიიჩნევდნენ ზაქარეიშვილის ფილმებს და ამით იგი ამაყობდა. “ჩემი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ცრემლი ბავშვის თვალებში. მცირედისა და დიდის მუდმივი კავშირიც მის არსშია”, _ არაერთხელ იმეორებდა იგი და საკუთარ თვალსაზრისში ვერც ვერავინ შეედავებოდა. მისი უახლოესი მეგობრები იხსენებენ, რომ ყველაფერი იცოდა! ვერ ედავებოდნენ, ყოველთვის გულით და სულით მუშაობდა, ხშირად 24 საათის განმავლობაშიც! ახსოვთ, როგორც უმართავი რეჟისორი. ადამიანურ ურთიერთობებს მიიჩნევდა ამქვეყნიური არსებობის საფუძვლად. მუდამ ტკივილით იყო სავსე, ოღონდ, არა _ პირადით! ამ ტკივილებით სავსე გულმა ვერ გაუძლო სწორედ!
“9 აპრილზე დამრჩა სათქმელი. ვერ მოვისვენებ, სანამ არ ვიტყვი,” _ ამბობდა, ოცნებობდა და დარჩა აუხდენელ ოცნებად. რაოდენ დასანანია, რომ ეს ფილმი დაუმთავრებელი დატოვა. ამიტომაც გაუნელებელი დარჩა ტკივილი და ჩაკლული ინტერესის განცდა ქართველ მაყურებელში, მთელ ქართულ საზოგადოებაში. ალბათ, ვერც იმ ქვეყნად ისვენებს, რადგან საქართველოს ნაცხრააპრილარი ჭრილობები ჯერ არ მოშუშებია…