სოციალურ ქსელში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ მახარაძემ გაავრცელა ბახმაროში გადაღებული ფოტო _ ფოტოზე ასახულია მშენებარე პარკს რკინაბეტონის მრგვალი კონსტრუქცია შუაში ხის ნერგით.
არასამთავრობო ორგანიზაციის “ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე პარკი მშენებლობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ბახმაროს ჩაბეტონება დაიწყო ისე, რომ ადგილობრივებისთვის არავის არაფერი უთქვამთ და არც პროექტის განხილვა ყოფილა“.
პარლამენტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს კურორტის განვითარება.
“…ბევრი უკმაყოფილო პოსტი ვნახე ბახმაროს მშენებარე სკვერზე
თავიდან მეც შემეშინდა, ნუთუ, ასეთი შეუფერებელი რაღაც გამოდის-თქო, რადგან ამ სკვერის მოწყობა ჩემი მაჟორიტარობის დროს გადაწყდა. უამრავი შეხვედრა და თხოვნა დამჭირდა, რომ ბახმაროში კომფორტული თავშეყრის სივრცე შექმნილიყო…
ახლა როგორია, ამ ფოტოს აქვე ვდებ და რეალურად როგორი იქნება კი მეორე სურათზე ჩანს _ ამფითეატრი, სივრცე ბავშვებისთვის, ბილიკები, ადაპტირებული გარემო..
მინდა მჯეროდეს, რომ გუშინ ვინც ნეგატიურ კომენტარებს აკეთებდა ამ პროექტზე, უბრალოდ, არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია და მათი თვითმიზანი კრიტიკა არ ყოფილა.
უფრო ავთენტურთან მიახლოებული რომ გაკეთებულიყო, კარგი იქნებოდა? დიახ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლაც ძალიან კარგი იქნება, ლამაზი და კომფორტული და ოდნავადაც არ შეესაბამება იმ გავრცელებულ ფოტოს, რაც ესე მავნებლურად გაავრცელეს“, _ წერს წილოსანი.
წილოსანის ამ პოსტს სოციალურ ქსელში მოჰყვა კომენტარები, რომ როდესაც მსგავსი პროექტები ხორციელდება რეგიონში და კონკრეტულად ბახმაროში, კარგი იქნებოდა, ჩატარებულიყო გაცნობითი სახის შეხვედრა, სადაც მოსახლეობა გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს, რომ უნდა გათვალისწინებულიყო ხალხის აზრი და ასე შემდეგ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გიორგი ბერძენიშვილის თქმით, ჩოხატაურში ამ პროექტის განხილვა არ მომხდარა:
_ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გააკეთა პროექტი, განიხილა, ტენდერიც თვითონ გამოაცხადა და მოხდა ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან.
_ როდის უნდა დასრულდეს პროექტი?
_ ეს არის გასართობი სკვერის მოწყობა. თუ არ მოხდა ვადის გადაწევა, მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, _ გვითხრა გიორგი ბერძენიშვილმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროში დავით ჟღენტი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ პროექტის განხორციელებას მიესალმება.
_ ბატონო დავით, თქვენ თვითონ თუ იცნობთ პროექტს?
_ კი ვიცნობ და ყველანაირი ნორმების ფარგლებში მიმდინარეობს პარკის მშენებლობა.
_ თქვენი აზრით, “ჩაბეტონებული“ ბახმაროს ნახვა მისაღებია?
_ არ ხდება ჩაბეტონება. ეს კარგი პროექტია. რაც უფრო კარგი პროექტი გახორციელდება და განვითარდება ბახმარო, გამიხარდება. სოციალურ ქსელში იყო გამოხმაურებაა, ვნახე და მე პირადად ასე არ ვფიქრობ, _ გვითხრა დათო ჟღენტმა.
სოციალურ ქსელში ბახმაროში დასვენების მოყვარულები წერენ, პარკის მშენებლობის მაგივრად, წყლის და კანალიზაციის საკითხი უნდა მოგვარებულიყო, მოწესრიგებულიყო შიდა გზები და გადაწყვეტილიყო სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ამ მართლაც უნიკალურ კურორტზე საკმაოდ მრავლადაა.
თუ რას ითვალისწინებს პროექტი, როგორია მისი სრული ღირებულება, ვინ გაიმარჯვა ტენდერში _ ამ და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ მალე გესაუბრებათ.
[sexy_author_bio]