ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, – თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს.
“შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროენდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.






























































