“თუ სახელმწიფო არ იზრუნებს გაჭირვებულ ადამიანებზე, რა საჭიროა სახელმწიფო თავისი სტრუქტურებით?” _ კითხულობს ლევან ჩხაიძე.
“გურია ნიუსში”, 2009 წლის 23 ნოემბერს (#92) გამოქვეყნდა სტატია “დედა-შვილს ძაღლის “ჭენებით” ნაშოვნი ფულით გაჰქონდათ თავი”, რომელშიც საუბარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებ 10 წლის რიკარდოს ცხოვრებაზე. ის სკოლაში წასვლაზე ოცნებობდა, დღეს კი, როცა პირველ კლასშია, პურსა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე ოცნებობს.
… ახლა, როცა მარჩენალი ძაღლი მოუკვდა და აღარ ჰყავს, რიკარდო, დარსა თუ ავდარში, ქუჩაში დგას, ავლილ თუ ჩავლილ მანქანებს აჩერებს და მძღოლებს დახმარებას სთხოვს. თუმცა, ასე ფულის შოვნა ძალიან უჭირს, რადგან გამვლელები მანქანას იშვიათად აჩერებენ, თან ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, მათი რიცხვი საკმაოდ შემცირდა.
სხვა რომ არაფერი, რიკარდოს “საქმიანობა” ძალიან სახიფათოა _ ნატანების გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ის ხშირად დგას, მანქანები ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობენ. ადრე, სანამ ძაღლი ჰყავდა, ფულის შოვნა უფრო უადვილდებოდა. საქმე ისაა, რომ რიკარდომ ძაღლის ჭენება იცოდა და ძაღლიც საკმაოდ გაწვრთნილი ჰყავდა _ შეისვამდა თავის პატარა პატრონს ზურგზე და დააჭენებდა ხალხმრავალ ადგილებში. ამ უცნაური სანახაობით განცვიფრებული ადამიანები მისთვის ფულს არ იშურებდნენ.
ასე ნაშოვნი ფულით, რიკარდო, არა მარტო საკუთარი თავის, დედის გამოკვებასაც ახერხებდა _ დედა უნარშეზღუდულია და გადაადგილება არ შეუძლია.
_ ძაღლის ჭენება მეზობელმა მასწავლა, ყოველდღე დავდიოდი ქუჩაში და ფულს ვშოულობდი. ახლა მიჭირს, რადგან მარჩენალი მომიკვდა, _ ჰყვებოდა მაშინ “გურია ნიუსთან” საუბარში რიკარდო.
_ ახლა ზამთარი მოდის. არაფერი მაქვს _ არც საბანი და არც შეშა… ხელჯოხით ეზოში ტოტებს თუ დავამტვრევ. ელექტროღუმელი რომც მქონდეს, მაინც ვერ ვისარგებლებ _ შუქის ფულის გადახდა სად შემიძლია?!, _ წუხდა და ახლაც წუხს რიკარდოს დედა.
სახლი _ ავარიული, ფანჯრებჩამტვრეული, კარებმორყეული, სახურავახდილი, იატაკის გარეშე. იქ ისე წვიმს, როგორც _ გარეთ.
გურიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები რიკარდოს ცხოვრების პირობებზე ასეთ კომენტარს აკეთებდნენ:
_ რიკარდოს სახლის შესაკეთებლად საჭირო ხარჯები უკვე გაანგარიშებულია. სამშენებლო მასალებიც, თითქმის, მოძიებული. უახლოეს დღეებში კაპიტალურად შეკეთდება ის 2 ოთახი, სადაც ცხოვრობს.
სოფელ ნატანების რწმუნებულიც ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რიკარდომ უკეთეს პირობებში იცხოვროსო.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, როგორ ცხოვრობს ეს ოჯახი ერთი წლის შემდეგ, თუმცა, როგორც გაირკვა, მიხაევების ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა:
_ არაფერი შეცვლილა _ ისევ ისე ვცხოვრობთ, როგორც გასულ წლებში. იყო დაპირებები, მაგრამ ხედავთ, როგორც ვართ. გუბერნატორის ადმინისტრაციამ ფანჯრები გამოგვიგზავნა და დაპირება მოაყოლა, გაგიკეთებთო. იქ არის, გარეთ, როგორც დატოვეს, ისეა დაყრილი. ტელევიზორი გვაჩუქა გუბერნატორმა შარშან საახალწლოდ და ამით გადაწყვიტეს ჩვენი პრობლემა, _ ჰყვება “გურია ნიუსთან” საუბარში ფეოდორა მიხაევა.
_ “მეშოკი” დავჭერით და ფანჯრებზე გავაკარით. შეშა რომ გვქონდეს, მაინც ვერ გავათბობთ ამ ოთახს. შეიძლება ასე ცხოვრობდეს ვინმე? ვის უნდა თხოვო დახმარება? ინვალიდი ვარ და შრომა არ შემიძლია, _ აგრძელებს ფეოდორა.
_ სწორედ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მოვიდნენ კეთილი ადამიანები და სხვადასხვა პროდუქტებით დაგვეხმარნენ. იმედი მაქვს, კიდევ გამოჩნდებიან ასეთები და ჩვენს ტკივილს გაიზიარებენ,” _ ამბობს ის.
რიკარდო კი ისევ იმაზე ოცნებობს, რაზეც ერთი წლის წინ და იმედი აქვს, მასთანაც მივა ერთხელ მაინც თოვლის ბაბუა, რომელიც ოცნებებს აუსრულებს:
_ ველოსიპედზე ვოცნებობ და კიდევ, იცით, რა მინდა გითხრათ? ათიანებზე ვსწავლობ, _ “საიდუმლო” გაგვიმხილა 11 წლის მოზარდმა და ეზოში გაიქცა.
როგორც “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ამბობს, ხელისუფლება საზოგადოებას, მითუმეტეს, უნარშეზღუდულებს და შეჭირვებულებს სჭირდება იმისთვის, რომ ის მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს: _ თუ სახელმწიფო არ იზრუნებს გაჭირვებულ ადამიანებზე, მაშინ რა საჭიროა სახელმწიფო თავისი სტრუქტურებით? სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარება უნდა იყოს. დღეს კი ფაქტის წინაშე ვდგავართ: პრობლემა არსებობს, მისი მომგვარებელი კი _ არა, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved