გასული წლის 30 ოქტომბერს. აგვისტოს ომის მონაწილის დაღუპვის მიზეზი მედიკოსებს არ დაუდგენიათ. არსებული ვერსიით, ახალგაზრდას გული გაუსკდა. ამ ამბის გაგებისთანავე, ემზარის დედამ, ლუიზა სიხარულიძემ თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა მეზობლებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
_ საღამო და საშინელი ამინდი იყო. ემზარი მეზობელთან იყო წასული. ჭიშკრის ხმა რომ გავიგე გავიხედე, ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, უკან მეზობლის ქალი მოჰყვებოდა, ნასვამი იყო და გამოვყევიო. ისე ჩამიარა, არც კი შემომხედა. 24 წლის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “შვილოს” დაძახილზე არ გამომეპასუხა. თითქმის სირბილით წავიდა, უკან გავყევი, მაგრამ თვალსა და ხელს შუა გაქრა. ჩემს მეუღლეს ეძინა. გავაღვიძე _ დათო, ემზარი მოვიდა, ნასვამია და ეზოში გავიდა; ნახე, არაფერი დაემართოს,-მეთქი. რამდენიმე წუთში ჩემი მეუღლის ხმა გავიგე _ შვილო, ეს რა მიქენიო. მივხვდი რომ დავიღუპე და ბევრი არ მიფიქრია, თოკი გავნასკვე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ.
ლუიზა სიხარულიძის გაუჩინარება იქვე მყოფ მეზობელს შეუნიშნავს და რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ, თოკზე ჩამოკიდებული მასვე ჩამოუხსნია. შაქარიშვილის მეზობლები იხსენებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს თითქმის ორი საათის განმავლობაში უშედეგოდ უკავშირდებოდნენ:
_ ზარი არ გავიდა და ჩემი შვილი ჩოხატაურში ჩავიდა. იქ მისული ძაღლების დაკბენას ძლივს გადაურჩა. დაძინებული ექიმები გააღვიძა. მორიგე ბრიგადაში პოლინა დგებუაძე ყოფილა. იმის გამო, რომ ქალბატონი პოლინა მძიმეწონიანია და შაქარიშვილების სახლთან უგზოობის გამო სასწრაფო ვერ ავიდოდა, ჩემმა შვილმა გააფრთხილა, რომ თვითონ არ წამოსულიყო. ჩემი მორიგეობაა და მე წამოვალო, დაუჟინია პოლინა ექიმს, _ გვიყვება შაქარიშვილების მეზობელი მზია ჩანტლაძე.
_ ვერ ამოვიდა, არ შემიძლია და რა ვქნაო. ისიც კი უთქვამს, მე ვერაფერს ვუშველიო. რა იცოდა ექიმმა რა ხდებოდა?! თავიდანვე რომ არ გაეფრთხილებინათ უგზოობის შესახებ, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ეს იცოდა და მაინც წამოვიდა, მერე კი აქ აღარ ამოვიდა. არ ვიცი, შეიძლება, პოლინა ექიმი რომც ამოსულიყო, ჩემს შვილს მაინც არაფერი შველებოდა, მაგრამ ახლა უკვე ბევრ რამეში მეპარება ეჭვი, _ ამბობს გარდაცვლილის დედა
ექიმი პოლინა დგებუაძე ამბობს, რომ ცუდი და ფეხით სავალი გზის შესახებ ის არავის გაუფრთხილებია.
_ დაახლოებით პირველის 20 წუთი იქნებოდა, როცა სასწრაფო დახმარების შენობაში ავტომანქანით უცნობი მოქალაქე შემოვარდა: ორი საათია ვრეკავ და ვერ გიკავშირდებით, ერკეთში დედა-შვილი კვდება და წამოდითო. მე გახლდით #1 ბრიგადის ექიმი და იმ წუთში ჩვენი გამოძახების ჯერი იყო; ამიტომაც დაუყონებლივ გავედით. გზას ავტომანქანა გვიჩვენებდა. რაღაც მანძილის შემდეგ მანქანა გააჩერა და გვითხრა, რომ 300 მეტრი იყო ფეხით სასიარულო, თავად კი სასწრაფოდ გავარდა. მე და ექთანი ფეხით გავუყევით გზას. საშინელი ამინდი იყო, წვიმა, ქარი… გზაზე ვიღაც შეგვხვდა ფარნით, მისი თქმით, ახალგაზრდა ბიჭს, როგორც მოგვიანებით გავიგე, ემზარის გული გაუსკდა, ბოსელში ნახეს გარდაცვლილი და ეს რომ დედამ გაიგო, თავის ჩამოხრჩობა სცადა, მაგრამ მიუსწრესო. მინდა გითხრათ, რომ თუ ჩამოხსნიდან 2 საათი იყო გასული, მას არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდებოდა. გზა ცუდი იყო და აღმართზე ტრავმა მივიღე მარცხენა კოჭის სახსარში. ამის გამო, ვეღარც შევძელი გზის გაგრძელება. მეგზურმა მითხრა _ ექიმო, აქ არ გაჩერდე, მგლები დადიან და შეგჭამენო. შემეშინდა, მაგრამ ადგომა ვერ შევძელი. ექთანს ვუთხარი, რომ წასულიყო და ავადმყოფი ენახა, საჭიროების შემთხვევაში კი გადმოეყვანათ. მარტო რომ დავრჩი, ძალიან შემეშინდა და ყვირილი დავიწყე… როგორც იქნა, მძღოლს გავაგებინე, ამოვიდა და ზურგზე მოკიდებული ჩამომიყვანა. მანქანასთან რომ მოვედით, მძღოლს ვთხოვე, საკაცე წაეღო და ავადმყოფი წამოეყვანა და თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა, იქვე ახლოს მცხოვრები უბნის ექიმი მოგვეყვანა. მძღოლი წავიდა თუ არა, ექთანმა დამირეკა, არ შეგეშინდეთ, დედას ჰქონდა სუიციდის მცდელობა და ახლა ყველაფერი კარგადააო. გადავწყვიტე უბნის ექიმი მომეყვანა. სანამ მძღოლი და ექთანი ჩამოვიდოდნენ მოკლე გზით, მანამდე მანქანაში ორი ქალბატონი შემომივარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა იმის გამო, თუ რატომ არ გავაგრძელე გზა და რატომ გავჩერდი შუა გზაზე. მათ არ გაითვალისწინეს, რომ მე ტრავმა მივიღე, _ გვითხრა დგებუაძემ.
მისივე თქმით, მისი შაქარიშვილებთან არმისვლის გამო, არაფერი შეცვლილა.
შაქარიშვილების მეზობელი, მზია ჩანტლაძე ადასტურებს, რომ დგებუაძეს მანქანაში ესაუბრა: _ ქალბატონ პოლინას როცა ვკითხე, მანქანაში რატომ იყო, არ არის საჭირო ჩემი იქ ასვლა და იმიტომ არ ავედიო. თავიდანვე იცოდა, რომ ამოსვლას ვერ შეძლებდა და მაინც წამოვიდა, აქ მოსულმა კი ოჯახამდე ვერ მიაღწია.
სასწრაფო დახმარების ცენტრს ჩოხატაურში ვაჟა კალანდაძემ ჩააკითხა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, კონკრეტულად დგებუაძე არ გაუფრთხილებია ცუდი გზის შესახებ:
_ კონკრეტულად ქალბატონი პოლინასთვის არ მითქვამს, თუმცა, როცა იქ მივედი, ვთქვი, რომ ცუდი ასასვლელი იყო და ახალგაზრდა ან მსუბუქი წონის ადამიანი წამოსულიყო.
პოლინა დგებუაძე ამბობს, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ერთია:
_ მე ის დავაშავე, რომ როცა ლუიზა სიხარულიძეს ჰქონდა სუიციდის მცდელობა და ოჯახში, გაურკვეველი დიაგნოზით მოკვდა ახალგაზრდა ბიჭი, სამართალდამცავებს არ შევატყობინე.
შაქარიშვილები ამბობენ, რომ ექიმმა მოვალეობა არ შეასრულა და ამის გამო პასუხი უნდა აგოს. მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს და საქმის გამოძიება მოითხოვეს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და კომენტარები საქმის დასრულების შემდეგ გაკეთდება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია ექიმს ლიცენზია შეუჩერონ. სამინისტროში უკვე დაკითხეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, ზოია კუჭავა:
_ მე ახსნა-განმარტება უკვე მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, სხვა რამის თქმა ამ ეტაპზე კი არ შემიძლია, _ ინფორმაცია დაგვიდასტურა კუჭავამ.
_ ქალბატონო ზოია, რამდენად შესაძლებელია, რომ პოლინა დგებუაძეს ლიცენზია შეუჩერდეს?
_ არა მგონი. ქალბატონი პოლინას არასვლით ავადმყოფის მდგომარეობა არ შეცვლილა _ საქმე უკვე გარდაცვლილს ეხებოდა. ექიმმა მიიღო ტრავმა და ამის მიუხედავად, უყურადღებოდ არ დაუტოვებია ოჯახი: გაუშვა ექთანი, მოაყვანინა უბნის ექიმი… მისი მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი.
_ თქვენი მხრიდან რა რეაგირება გაკეთდა?
_ ექიმს მე უკვე გამოვუცხადე საყვედური. პოლინა ვალდებული იყო, რომ მომხდარის შესახებ შეტყობინება პოლიციისთვის გადაეცა, მან კი ეს არ გააკეთა, _ გვითხრა ზოია კუჭავამ.