ეს განცხადება 20 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა და საკრებულოს წევრმა თემურ სალუქვაძემ გააკეთა. ეს მას მერე მოხდა, რაც ქალაქ ოზურგეთში ფუნქციონირებად აფთიაქების მეპატრონეებს, პოლიციელებმა შენობის გარე და შიგა პერიმეტრებზე ვიდეოსათვალთვალო სისტემების დამონტაჟება მოთხოვეს. გაითვალისწინებს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოსახლეობის ინტერესებს, არის თუ არა ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მცდელობა, საქართველოში პოლიციური რეჟიმის დამკვიდრებისა და დააჯარიმებენ თუ არა აფთიაქებს პირველი თებერვლიდან? ეს ის, კითხვებია, რომელიც საზოგადოებას აქვს.
თემურ სალუქვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლების ერთ-ერთი მექანიზმი და საქართველოში პოლიციური რეჟიმის დამკვიდრების კიდევ ერთი მცდელობა.
_ ბატონო თემურ, აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე თქვენ გაახმოვანეთ. რა ღონისძიება უნდა გაატაროს საკრებულომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად?
_ საკრებულოს ბევრი რამ შეუძლია. ამ საკითხის გათვალისწინება მათი ნება უნდა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ეხება. თავისუფლად შეუძლია საკრებულოს, მიმართოს იმას, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის მოგვარება. ბრძანებას ჩვენ ვერ შევაცვლევინებთ, კანონი კანონია, მაგრამ მოიკვლიოს იურიდიული საფუძვლები და მისცეს გარკვეული დრო ამ ადამიანებს, გახდნენ გადამხდელუნარიანები. საკრებულო იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქეების, მოსახლეობის ინტერესები დაიცვას და გულთან მიიტანოს, გამოხატოს მათი მხარდაჭერა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს. მთავარია, იყოს საკრებულოს ნება, მიმართოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს და დააყენოს შუამდგომლობა., ხალხის გაკოტრებას ხელი არ უნდა შეუწყონ. წარმოიდგინეთ, რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ჩვენს აფთიაქებს, რომ 7 000 ლარი გადაიხადონ? აფთიაქები ფინანსურად ვერ შეძლებენ გახორციელებას, რაც საბოლოოდ ქაოსს გამოიწვევს, ან დააჯარიმებენ სოლიდური თანხით, ან დახურავენ. ეგ ყველაფერი კი მოსახლეობაზე აისახება. სოფელშიც საჭიროა მედიკამენტები. აქ იკვეთება სულ სხვა პოლიტიკური მომენტი. იქ, რა საჭიროა, თითოეული მოქალაქე დაფიქსირდეს, ზოგს სულაც არ უნდა, ვინმემ გაიგოს მისი ავადმყოფობის შესახებ ან რა წამალს ყიდულობს. ეს არის გაკონტროლების ერთ-ერთი მექანიზმი _ საქართველო ხომ პოლიციური რეჟიმის სახელმწიფოა?!
_ ამბობს სალუქვაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი ლაშა თავაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საკრებულო ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს:
_ თვითმმართველობას ამ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს. აფთიაქის მეპატრონე თუ ვერ შეასრულებს ბრძანებას და ვერ გადაიხდის 7 000 ლარს, საკრებულომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? ნორმატიული აქტია გამოცემული და არშესრულების შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით დარეგულირდება. ამ შემთხვევაში, საკრებულო ვერანაირად ვერ დაეხმარება მოსახლეობას.
მე როგორც ვიცი, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება პირველი თებერვლიდან გათვალისწინებულია მხოლოდ თბილისში, შემდგომში კი უნდა გახორციელდეს ეტაპობრივად.
_ თუმცა, ოზურგეთში მდებარე აფთიაქების მეპატრონეებს პოლიციელებმა გამოუცხადეს, რომ, კამერების დაუყენებლობის შემთხვევაში, 1 თებერვლიდან გათვალისწინებული იქნება ჯარიმა…
_ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, სადაც სათვალთვალო კამერების ახალი პარამეტრებია დამტკიცებული და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაშიც არის აღნიშნული, რომ პირველი თებერვლიდან სავალდებულოა დაამონტაჟონ მხოლოდ ქალაქ თბილისში ფუნქციონირებადი აფთიაქებისთვის, სხვა ტერიტორიებზე შემოღებული იქნება ეტაპობრივად.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved