მთხოვნელი ახალგაზრდა გოგონა გახლდათ და როგორც გურულები ხუმრობენ, “მიშა მაგაზე რავა ეტყოდა ვარს”.
27 იანვარს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დიდი რიგები იდგა. ქემალ ფაშას ბაზრობაზე გადასვლის მსურველი ბევრი იყო: _ ოჯახს ვაჭრობით ვარჩენ, სხვა არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია. ამბობენ, თებერვლიდან ყველანაირ საქონელზე, განურჩევლად რაოდენობისა, განბაჟება იქნება. მინდა, გადასვლა მოვასწრო, _ გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
როგორც გავარკვიეთ, 1 თებერვლიდან საბაჟო კონტროლი მეტად მკაცრდება _ მებაჟეების თქმით, თურქეთიდან გადმოტანილი ნავაჭრი ყველას ჩამოერთმევა: _ განბაჟება არ იქნება _ ასეთია ბრძანება. ვერავინ შეძლებს საქონლის გადმოტანას, _ განმარტება მოგვცეს საბაჟოზე.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ექსპერტებმა ბაინდურაშვილის მიერ გამოცემული მსგავსი ბრძანების ასლს ვერ მიაკვლიეს, ბედმა არც სხვა ორგანიზაციებს გაუღიმა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ასეთი ბრძანება ოფიციალურად არ გამოცემულა და ეს მხოლოდ სიტყვიერ ხასიათს ატარებს, თუმცა, სიტყვაც საკმარისია იმისთვის, რომ ხვალიდან ბევრი ადამიანი მშიერი დარჩეს:
_ თვეში ერთხელ გადმოვდიოდი, თავი ამით გაგვქონდა. 4 შვილი მყავს. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს, იმასაც გვართმევს, რაც გვაქვს. დამერწმუნეთ, არავის უხარია აქ ყოფნა და ვირული მუშაობა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ვერც კი წარმომიდგენია, რა უნდა ვქნა მომავალში, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, რომელმაც ვინაობა მხოლოდ იმ მიზეზით არ გაამხილა, რომ პასპორტის “გაფუჭების” შეეშინდა: _ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. რომ გაიგონ, რამე გითხარით, შესაძლოა, საერთოდ გამიფუჭონ პასპორტი.
იგივე მიზეზის გამო არ დაასახელა თავისი ვინაობა ქალბატონმა, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე 7 წელია მუშად მუშაობს: _ ყველამ იცის, აქ რას ვაკეთებ _ დილიდან დაღამებამდე ვმუშაობ, ტვირთს ვეზიდები. დღეში რამდენჯერმე გადავდივარ და გადმოვდივარ. ზოგი რას მიხდის, ზოგი _ რას. ჯანმრთელობა აღარ მივარგა ამდენი სიმძიმის თრევით, მაგრამ რა უნდა ვქნა, შვილებს რჩენა ხომ უნდა?!
ამ ქალბატონის თქმით, ყველაზე დიდ პრობლემებს ქართველი მესაზღვრეები უქმნიან: _ ძალიან უზრდელები არიან ქართველები. უხეშობენ, ისე გექცევიან, თითქოს მათხოვარი იყო. არადა, მეც და ყველა ჩემნაირი აქ პატიოსან ფულს ვშოულობთ, _ ცრემლები ვერ დამალა ქალბატონმა.
სხვების მსგავსად ისიც წუხს. არ იცის, პირველი თებერვლიდან როგორ უნდა იცხოვროს, სჯერა რომ ეს აკრძალვა დროებითია.
_ რევოლუციას მართლაც ჯერ არ ნახულს მიიღებენ. ამათ ჰგონიათ, ხალხს არაფერი უჭირს. გამოვიდა ჩვენი პრეზიდენტი და დემოკრატია არ არის მარადიული ცეცხლისთვის მიშარდვაო. ვეთანხმებით, რომ ეს არ არის დემოკრატია, მაგრამ ის არის დემოკრატია რომ ხალხს შიმშილით კლავს? სამუშაო ადგილები შეიქმნაო _ ვისთვის შეიქმნა?! სამუშაო რომ იყოს, გიჟი კი არა ვარ, ქუჩა-ქუჩა ვირბინო?! სახლში დავჯდები და შვილიშვილებს მოვეფერები, მაგრამ ფერებ-ფერებაში რომ მეტყვიან, ბაბუ, შოკოლადი გვინდაო, რა ვუთხრა _ დემოკრატიაა და ჭამა ნებადართული არ არის,-მეთქი? ფილოლოგი, დოცენტი კაცი მათხოვრად მაქციეს და ახლა ამ მათხოვრობის ნებასაც არ მაძლევენ. ფუი, ამნაირ დემოკრატიას! _ ემოციები ვერ დამალა შუახნის, თმაშევერცხლილმა მამაკაცმა.
ჩვენ ვეცადეთ საბაჟოზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კომენტარი ფინანსთა სამინისტროსგან მოგვეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ _ არც ცხელ ხაზზე და არც სხვა საკონტაქტო ტელეფონზე არ გვიპასუხეს.
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართველმა მებაჟეებმა კი გარკვევით აგვიხსნეს, რომ ხვალიდან კონტროლი მკაცრდება და მოვაჭრეები თურქეთიდან ვერაფერს გადმოიტანენ. მებაჟეებმა არ იციან, სანამდე გაგრძელდება ეს სანქციები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურქეთიდან საქონლის გადმოტანას, მხოლოდ ინდმეწარმეები შეძლებენ. თუმცა, აქაც არის ერთი პრობლემა _ თურქები საქონელზე ანგარიშფაქტურას არ სცემენ, ქართული კანონმდებლობით კი უფაქტურო საქონელი ჯარიმას ექვემდებარება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ “დაუწერელი კანონით” მხოლოდ მსხვილი მეწარმეები ისარგებლებენ, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა და როგორც წესი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების “ფავორიტია”.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved