(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მოსახლეობასთან შეხვედრა მოაწყვეს.
მანამდე კი, ამ ორგანიზაციამ, მოსახლეობის გამოკითხვა-ანკეტირება ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 104-მა რესპონდენტმა მიიღო, რაც თხინვალის მოსახლეობის 10% შეადგენს. შემუშავებული დოკუმენტის პრეზენტაცია სოფლის ყრილობაზე გასული კვირის ხუთშაბათს მოეწყო. შეხვედრის მიზანს ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრას, რომელიც სოფელ თხინვალის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, ამავე სოფლის რწმუნებული, მაჟორიტარი დეპუტატი და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა.
“ჩვენი მიზანია, რწმუნებულებს ვასწავლოთ კვლევის მეთოდები. მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის #20 დადგენილება განსაზღვრავს”, _ გვითხრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითადი მიზნებია: პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოების გახორციელება და სხვ.); თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა; მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება; თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებათა ეფექტიანად გახორციელება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თვითმმართველი ერთეული ვალდებულია შეისწავლოს მოსახლეობის აზრი და მათი აზრის გათვალისწინებით შეიმუშაოს სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში გასახორციელებელი სოფლის პროექტები.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოფელ თხინვალის მოსახლეობა ამ ეტაპზე შემდეგი სახის პრობლემების გადაჭრას მოითხოვს: _ დანგრეული გზები; წყალმომარაგება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები; ეკლესიის მშენებლობის ხელშეწყობა; გაზიფიცირება.
გარდა ამისა, გამოვლინდა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები: _ გართობის კერები; სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირის გაუმჯობესება.
სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში