ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში მცხოვრები ბადრი სიხარულიძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს არაკვალიფიციურობაზე საუბრობს. 61 წლის მარტოხელა მამაკაცს ცალს თვალში მხედველობა საერთოდ არ აქვს, მეორეში კი _ მხოლოდ 30 პროცენტი.
ამის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მიუხედავად, სოციალურმა სააგენტომ მას 76 000 ქულა მიანიჭა:
_ ქონება მე არ მაქვს, საქონელი მე არ მყავს და ასაკის გამო, არც პენსიას ვიღებ. ცალ თვალში ვერ ვხედავ, მეორეშიც ძალიან დაბალი მხედველობა მაქვს _ დამოუკიდებლად სიარულიც კი არ შემიძლია. პრობლემა მაქვს სმენასთან დაკავშირებითაც. სოციალური აგენტი რომ მოვიდა და შემამოწმა, მასაც გაუკვირდა, ასე როგორ ცხოვრობო. მე კი მაშინ გამიკვირდა, 76 000 ქულა რომ მომანიჭეს. ვერ გავიგე, რის მიხედვით წერენ ქულებს? ვიფიქრე პოლისი მექნება და ოპერაციას გავიკეთებ,-მეთქი, თუმცა სულ ტყუილად, _ გვითხრა ბადრი სიხარულიძემ.
საკვები პროდუქტებით და შეშით მეზობლები ამარაგებენ. ამბობს, რომ ცუდი მხედველობის გამო, ფიზიკური შრომაც არ შეუძლია და მუდამ სხვისი ხელის შემყურეა.
ბადრი სიხარულიძის პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩავაყენეთ.
11 თებერვალს, ბუკისციხეში საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე და გამგებელი გია გიორგაძე ავიდნენ, ბადრი სიხარულიძე ინახულეს და დახმარებას დაჰპირდნენ _ შეშის შესაძენ ფულს პირად ანგარიშზე ჩაურიცხავენ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვალის ოპერაციისთვის საჭირო თანხის 40% გადაურიცხავენ. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, მისი თანამშრომლები ქულებზე კომენტარს არ აკეთებენ. მიზეზად კი ამბობენ, რომ ქულებს ცენტრი წერს და ადგილობრივი ოფისი არაფერ შუაშია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved