(გურია ნიუსი) _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან ერთად, 14 113 411 ლარი დასჭირდა. მოძრაობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2010 წლის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში დასახელებულები არიან ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებმაც მმართველ პარტიას, თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, შემოწირულობის სახით, თანხა ჩაურიცხეს. აქედან _ 12 667 503 ლარი იურიდიულმა პირებმა, ხოლო 1 556 396 ლარი ფიზიკურმა პირებმა გადაიხადეს. სიაში 434 იურიდიული და 171 ფიზიკური პირია.
გურიიდან ყველაზე დიდი თანხა _ 100 000 ლარი, ნაციონალების საარჩევნო ყულაბაში შპს “სუფსა ტექნიკომმა” გადარიცხა. დამფინანსებლების სიაში გვხვდება “გზამშენი 18”. შემოწირულობა, სავარაუდოდ, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვა გაიღო, რომელიც სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა. “გზამშენი 18”-მა ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
სიაში კიდევ შემდეგი იურიდიული პირები არიან: შპს “ვასაძის პური” _ 5 000 ლარი; სს “იმედი” _ 2 000 ლარი; რესტორანი “გურია” _ 2 000 ლარი; ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგური _ 3 000 ლარი; “გურია XXI” _ 5000 ლარი; შპს “ვასაძის პური” _ 5 000 ლარი; “გეომშენი 2004” _ 15 000; თხილის საექსპორტო კომპანია _ 5 000 ლარი.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, აქ ყველაზე დიდი თანხა “ნაციონალებს”, ჩოხატაურელმა თეიმურაზ შარაშიძემ შეწირა _ მან საკუთარი ჯიბიდან, პარტიის გამარჯვებისთვის 10 000 ლარი გაიღო; ისიდორე მეფარიშვილმა _ 2 000 ლარი; ალექსანდრე ღლონტმა _ 2 000; ვასილ ბეშიტაშვილმა _ 1 500; ავთანდილ კეკელიძემ _ 3 000 ლარი; სავაშ თურქსალმა _ 5 000 ლარი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved