ღია წერილი გურიის გუბერნატორს, ბატონ ვალერი ჩიტაიშვილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ კორნელ კუკულავას
ბატონებო! ამ წერილის მიზანია გავიგო, რატომ არ შემხვდა დენის ვაუჩერი. თქვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ ესწრებოდით პარლამენტის სხდომას და მოისმინეთ პრეზიდენტის ინიციატივა. არ უარვყოფ, რომ მისასალმებელია ასეთი ინიციატივები, რადგან ხალხს ნამდვილად სჭირდება დახმარება, მაგრამ თუ მიეცით შეკითხვა, ვისაც არ შეხვდება ეს დახმარება, რა ვუთხრათო? ასეთები ხომ მრავალია და მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ _ მოხუცი, მარტოხელა პენსიონერი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი?
8 თვის წინ გამიკეთდა მძიმე ოპერაცია, მადლიერებას გამოვხატავ, რომ ვისარგებლე პოლისით და ერთი ლარიც არ დამიხარჯავს, ისე ჩამიტარდა გამოკვლევები და ოპერაცია, მაგრამ წამლები მიჯდება ძვირი, რის შეძენასაც ვერ ვახერხებ _ 30 ტაბლეტი წამალი, რომელიც სისტემატურად უნდა მივიღო, ფასდაკლებით 185 ლარი ღირს. არ მყოფნის ჩემი მცირედი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, ვზოგავ ყველაფერს, რომ როგორმე მოვახერხო წამლის ყიდვა. რატომ დაზოგე და არ დაწვი 200 კვტ. ელექტრო ენერგიაო _ ამიტომ დავისაჯე და არ შემხვდა ვაუჩერი?
გეკითხებით, სად იკვეთება ჩემი დანაშაული, რით დავაზარალე სახელმწიფო, რატომ გაგვინაწყენდა და არ დაგვეხმარა ამ ცივ თებერვალში? ასეთი სახის დახმარება ჩემისთანებს უფრო სჭირდებათ, თუ იმათ, ვინც მისი ერთი თვის ხელფასით მთლიანად იყიდის ჩემს ქონებას? ახლა დადის ხმები, ვისაც დენის ვაუჩერი არ შეხვდა, არც სურსათის ვაუჩერი შეხვდებაო. გამორიცხული არაა, ეს ჭორი რეალობად იქცეს.
ქეთევან რამიშვილი, ჩოხატაური