შალვა ბოლქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ჩვენი გაზეთი წყაროზე დაყრდნობით ჯერ ერთი კვირის წინ იუწყებოდა. ბოლქვაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს _ ბოლქვაძე ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონის უფროსის კოტე არჩაიას მოადგილე იყო. იგი, უშიშროების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ჩატარებულ გახმაურებული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრები დააკავეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური 2009 წლის ნოემბერში შეიქმნა და მას რამდენიმე თვე ზვიად უნგიაძე ხელმძღვანელობდა. უფროსის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ე.წ. “ბახმაროს სკანდალი” გახმაურდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბახმაროში უკანონოდ დაკანონებული მიწების ერთ-ერთი მეპატრონე შალვა ბოლქვაძეც იყო, თუმცა, არაოფიციალურ საუბრებში, თავად ბოლქვაძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
თუ რა დამსახურებისთვის დანიშნა ყოფილი ძალოვანი გურიის გუბერნატორმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.
ფიზიკის მასწავლებლობით დაწყებული კარიერა _ უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩვენს ვებგვერდზე მალე წაიკითხავთ.
.