ხელისუფლების ე.წ. “საჩუქარი” _ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერები უკვე დაურიგდა მოსახლეობას. პრემიერი გილაურის თქმით, ამისთვის 20 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდში “გამოიძებნა”. ამავე ფონდიდან გაიცემა სასურსათო ვაუჩერებიც. გილაური დარწმუნებულია, რომ ეს ვაუჩერები მოსახლეობას მნიშვნელოვნად წაადგება და “ხალხს ცოტა ამოასუნთქებს”. პრემიერ-მინისტრმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ კაბინეტში მჯდომმა ჩინოვნიკებმა საკუთარი ვაუჩერები გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დაურიგონ და დასძინა, რომ პირადად თვითონ ასე მოიქცა. მისი ასეთი “გულუხვობა”, სულაც არ არის გასაკვირი იმ ფონზე, როცა გასულ წელს, გილაურის სახელფასო შემოსავალმა 89 ათას 789 ლარი შეადგინა, რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტიდან მიღებულ პრემიებზე, საწვავის და სატელეფონო ბარათების ხარჯებზე. როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურის ხელისუფლების წარმომადგენლებს კუთვნილი ვაუჩერები ჯერ არ მიუღიათ. ჩვენი წყაროს თქმით, ზემოდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, გაჭირვებულ მოსახლეობას ვაუჩერებს, როგორც სამსახურის უფროსები, ასევე რიგითი სპეციალისტებიც გადასცემენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გიორგაძემ ჯერ არ იცის, ვის მისცემს კუთვნილ ვაუჩერს. როგორც ამბობს, 20-ლარიან დახმარებას კონკრეტულ პიროვნებას მას შემდეგ გაუწევს, რაც იმ ადამიანების სია დაზუსტდება, რომლებსაც ძალიან უჭირთ და ვაუჩერი არ შეხვედრიათ.
ოფიციალურად, ჩოხატაურში 8 002 ენერგოაბონენტია. აქედან მხოლოდ 4 906 ოჯახს მიუვიდა ვაუჩერი. “ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრის მენეჯერის, სერგო გეგეშიძის თქმით, დაბა ჩოხატაურში, 1 000-ზე მეტი ადამიანი სეზონური მცხოვრებია და სწორედ ამან გამოიწვია ვაუჩერების ნაკლებობა. გეგეშიძე გვეთანხმება, რომ ჩოხატაურში ასევე ბევრია მუდმივი მცხოვრები, რომელთა საარსებო მინიმუმი სიღატაკის ზღვარს ქვევითაა და არც ერთი მათგანი არამც თუ 6 თვეში, წელიწადშიც კი არ წვავს 200 კილოვატ ელექტროენერგიას.
ცუცუნი ნინიძე დაბაში ცხოვრობს, მარტოხელა, ინვალიდი ქალბატონია და დამოუკიდებლად სიარულიც კი არ შეუძლია. მის ოჯახში, ერთი ნათურა ინთება, ისიც მხოლოდ გვიან ღამით. ამიტომ მას 200 კილოვატი ელექტროენერგია არ დაუწვავს და ვაუჩერის გარეშე დარჩა. ქალბატონი ცუცუნის მსგავსი ბევრია, იმ განსხვავებით, რომ მათ სიარული შეუძლიათ და ვაუჩერის მიუღებლობას ინსტანციიდან ინსტანციაში აპროტესტებენ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ მიზეზით, დღის განმავლობაში, ათეულობით ადამიანი აკითხავს.
როგორც გვითხრეს, დაბაში და სოფლებში სპეციალური სია დგება, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიგზავნება და სიაში მოხვედრილებს ენერგოვაუჩერი აუცილებლად მიუვათ. თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved