მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სირაძის დანაშაული მხოლოდ სამსახურეობრივი დაუდევრობა ყოფილა, მმართველი ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე პოლიციაში მაინც არ ცხადდება. სირაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის, კობა ესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონტაქტზე არ გამოდის. თუკი ამდენ ხანს სირაძის სავარაუდო ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა და მასთან შესაძლო კავშირში “მხილებული” ადამიანებიც ბევრჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად, ახლა ეს აღარავის სჭირდება.
გამოძიების პროცესში, “უკანონოდ დაკანონებული” მიწების მფლობელთა რიცხვი 388-დან 132-მდე ჩამოვიდა და შოთა სირაძის თავისუფლებაც ძალიან იაფად, დაახლოებით 5 000 ლარად შეფასდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის კონტაქტზე არავისთან გამოდის. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, სირაძე გაქცევის შემდეგ ოჯახს არ შეხმიანებია.
სირაძის ერთ-ერთი ყოფილი კოლეგა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე განგებ “გაალაითეს”:
_ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შოთა ამდენ ხანს უნდა გამოჩენილიყო. 3 წლამდე პატიმრობის მუხლი აქვს წაყენებული, საიდანაც შესაძლებელია, მშრალად, 3 000 დოლარად გამოძვრეს. სასამართლო პროცესზე არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ სირაძეს ქრთამი მისცა. თუ დააკვირდით, ეს არც პროკურორს უკითხავს. მოსამართლეზე აღარაფერს ვამბობ. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ხაფანგია ამ ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოსნის გამოსაჭერად. არსებობს ინფორმაცია, რომ შოთამ გაქცევამდე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია წაიღო, რომელიც ამ ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოსნის კორუმპირებულობას ამხელს. კულუარებში იცის ითქვა, რომ შოთას აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ფოტო და აუდიო მასალა, რომ ამ საქმეში მარტო არ იყო და მის უკან სერიოზული ჩინოსნები იდგნენ. ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომლის 15 თანამშრომლის თანამდებობაც ამ საქმეს შეეწირა. სწორედ ამიტომ, ასე მცირედი სასჯელით შოთას გამოჭერა უნდათ _ თუკი გამოჩნდება, გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს და ბევრ რამეს იტყვის. ბევრი მისი მეგობარი ეჭვობს, რომ შოთა შორს სულაც არ არის და მას სადღაც აქვე ახლოს პატრონობენ. ზოგს მიაჩნია, რომ ის ქვეყნიდან გააპარეს. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია _ საქმე კეთდება, თუმცა შოთა არ ჩნდება. ალბათ, იმიტომ რომ ამის ნებას არ აძლევენ, რადგან საქმე მეტისმეტად მყვირალა ძაფით არის შეკერილი და მოსალოდნელ საფრთხეს ის ადამიანები კარგად გრძნობენ, რომლებიც შოთას უკან იდგნენ.
სირაძის გამოუცხადებლობა ეჭვებს მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, კობა ესაძესაც უჩენს. ესაძის თქმით, მან კლიენტთან საუბარიც კი ვერ მოახერხა:
_ როგორც ჩემი დასაცავის ოჯახის წევრებმა მითხრეს, ის არავისთან არ გამოდის კონტაქტზე. მე ადვოკატი ვარ და ვარაუდების დონეზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ბევრი უპასუხო შეკითხვა მეც მაქვს, _ აღნიშნა ესაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, შოთა სირაძის მეუღლეს, გინეკოლოგ მაია პაიჭაძეს სამსახურში მეუღლის უდანაშაულობის დამტკიცების შემდეგ დააბრუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმდინარეობას ისეთი პირი უჩანს, სირაძეს დიდი დანაშაული არ დაუმტკიცდება, პაიჭაძის შემცვლელი ჩოხატაურის საავადმყოფოში უკვე მოიძებნა. სამი არასრულწოვანი შვილის უმუშევარი დედა, რომელიც ქმრის დანაშაულის გამო დასაჯეს, ფიქრობს, რომ მისი უსამსახუროდ დატოვება ადგილზე გადაწყდა:
_ მე არავისთან არ მივსულვარ დახმარების სათხოვნელად. ველოდები, რომ “ნაციონალები” და ის ადამიანები, ვის გვერდითაც მე ვდგავარ, ამ ამბავს მოაგვარებენ. მე ეს უფრო ადგილობრივ დონეზე შექმნილი პრობლემა მგონია.
_ ფიქრობთ, რომ თქვენი გათავისუფლება საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თემურ კოროშინაძემ გადაწყვიტა?
_ თემური ნაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ საქმეში. მე ძალიან მიკვირს, რომ, თურმე, სადღაც, ერთ პატარა ჩოხატაურში მაია პაიჭაძე მუშაობს თუ არ მუშაობს, ამით არის დაინტერესებული თბილისი.
_ მაშინ ვისზე ეჭვობთ? ანტონ ხუნდაძეზე ხომ არა?
_ მაგას თქვენ ამბობთ, მე არა.
_ ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ.
_ მე ხელს ვერავის ვერ დავადებ კონკრეტულად. დრო ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს. არ არის გამორიცხული, ვიღაცას მაია პაიჭაძისთვის კი არა, საკუთარი პიარისთვის დაჭირდეს და იკითხოს, რატომ დასვით ეს ქალი სახლშიო. მე ვერ ვეგუები, რომ სახლში ვზივარ. ვერ ვეგუები, რომ უსამართლოდ დამიტოვეს შვილები შემოსავლის გარეშე. მე ძალიან საჭირო პროფესია მაქვს. რაც მოხდა, დიდი თემაა და ასე განსჯაც რთულია, თუმცა, რაც უშუალოდ ჩემთან დაკავშირებით მოხდა, დანაშაულია, რის გამოც დამნაშავე ერთ მშვენიერ დღეს პასუხს აგებს. ჯანდაცვის სამინისტროში წერილიც კი არ გამიგზავნია, სახლში ვზივარ,-მეთქი. რაიონის ხელმძღვანელობა, საკრებულოს თავმჯდომარე, ყველაფერს ხედავს, იცის და არაფერს ამბობს. რაიონიდან წავიდა სპეციალისტი, ვერ იპოვეს მისი შემცვლელი ადგილზე, მოიყვანეს ოზურგეთიდან და ამაზე ხმა არავის ამოუღია. მეც ხომ მათი ამომრჩეველი, მათი მხარდამჭერი ვარ? ადგილობრივ ხელმძღვანელებთან უფრო მაქვს შეკითხვები და პრეტენზიები. არ მჯერა რომ, იმათ, ვისაც ესენი ასახელებენ ჩემი სამსახურიდან გაშვების ინიციატორად, მაგისთვის ეცალოს. ეს სისულელეა! _ ამბობს პაიჭაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ მაია პაიჭაძის უშუალო ხელმძღვანელი იყო, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს:
_ როცა პიროვნებას აქვს პრობლემა, მან უნდა დააყენოს კიდეც ეს საკითხი.
_ მაია პაიჭაძის პრობლემის შესახებ თქვენ არ იცოდით?
_ მერე?
_ რატომ არ მიაქციეთ ყურადღება?
_ როგორ უნდა მიმექცია?
_ სიტუაციაში გარკვეულიყავით. ვერ იტყვით, პაიჭაძე არ გვჭირდებოდა და იმიტომ გაუშვესო.
_ ეს კერძო შემთხვევაა და მე ვერაფერს გეტყვით.
_ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც სირაძემ ბოლოს დაურეკა. მას შემდეგ მის ასავალ-დასავალი არავინ იცის. როგორ ფიქრობთ, იგი უბრალოდ იჯდა და ხათრის გულისთვის არიგებდა მიწებს?
_ მაგას გამოძიება დაადგენს. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს, კონკრეტულად ვინ არის დამნაშავე, მანამდე არაფრის თქმა არ შეიძლება. რატომ არიგებდა მიწებს, როცა გამოჩნდება, მას ჰკითხეთ.
_ ფიქრობთ რომ გამოჩნდება? მის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ მინიმალური თანხის გადახდის შემდეგ თავისუფლებასაც პირდებიან.
_ მაგ საქმეში არ ვარ კომპეტენტური. არც გამომძიებელი ვარ და არც პროკურორი. გამოჩნდება თუ არა, მე არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება.
ჩოხატაურის საავადმყოფოს ხელმძღვანელი თემურ კოროშინაძე არ აკონკრეტებს, რა მიზეზით დატოვა უმუშევარი სამი შვილის დედა, თუმცა, ამბობს, რომ მას სახლში არავინ გაუშვია(?!). კოროშინაძე ადასტურებს რომ პაიჭაძის შემცვლელი ოზურგეთიდან მოიყვანეს:
_ მაია პაიჭაძის ადგილზე მუშაობს ოზურგეთელი კადრი, კარგი გინეკოლოგი მაია ჩხაიძე.
_ ბატონო თემურ, რატომ გაუშვით სახლში საკმაოდ კვალიფიციური ადგილობრივი სპეციალისტი და რატომ მოიწვიეთ სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი?
_ ხელშეკრულება დაწესებულებამ მაია ჩხაიძეს გაუფორმა.
_ რატომ მას და არა პაიჭაძეს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა თქვენთან?
_ ხელშეკრულება კონფიდენციალური დოკუმენტია და ეხება მხოლოდ დაქირავებულს და დამქირავებელს.
_ მე სხვა რამეს გეკითხებით. თქვენ ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ. ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნოდ სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობას დასაქმებას პირდებოდა. თუმცა, არჩევნებიდან სამიოდე თვეში დასაქმებულიც კი სახლში გაუშვით.
_ მე არავის არ ვუშვებ. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის.
_ ვინ გაუშვა?
_ ხელშეკრულება შეუჩერდა.
_ ამ ხელშეკრულებაზე ხომ თქვენ მოაწერეთ ხელი?
_ დიახ, დაწესებულებამ რაღაც ეტაპზე შეუჩერა ხელშეკრულება, _ დაგვიზუსტა კოროშინაძემ.
რამდენ ხანს გაგრძელდება “ეს ეტაპი” არავინ იცის. სირაძის მეგობრები ამბობენ, რომ “ნაციონალების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ოჯახს კომუნისტური მეთოდებით ებრძვიან. თუმცა, ეს მეთოდები, დღევანდელ დღეს გასაკვირი სულაც არ არის _ კომუნისტურ იდეოლოგიას ჩვენი ხელისუფლება კარგა ხანია იყენებს, იდეოლოგია და პრაქტიკა კი განუყოფელია.