(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ სადემონსტრაციო ტრაქტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ 9 მარტს გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოსახლეობას მისი ხილვის ბედნიერება იმიტომ მიეცათ, რომ ოზურგეთში სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს ელოდებოდნენ.
მინისტრის სტუმრობის დღეს, 10 მარტს, ჰოლანდიურმა ტრაქტორმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და კვეზერელის “დასანახად”, სწორედ ის ადგილი დაიკავა, სადაც მაღალჩინოსანს უნდა ჩამოევლო და გურულ საჯარო მოხელეებთან ჰიბრიდული ჯიშის სიმინდზე ესაუბრა.
ვინაიდან კვეზერელს გურიაში ჩამოსვლა დააგვიანდა, რეგიონის ლამის ყველა საჯარო მოხელე სადემონსტრაციო ტრაქტორთან მსჯელობდა ტექნიკის შესაძლებლობაზე და აღნიშნავდნენ, რომ თურმე, ისე “მაგარია” ჰოლანდიური ტრაქტორი, ერთიც კი საკმარისი იქნება, რომ რეგიონის 70 ტერიტორიულ ერთეულში არსებულ საყანე ფართობები ერთ თვეში დაამუშავოსო!!!