მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეზიდენტმა ლევან ჭიჭინაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეზიდენტმა ირაკლი კვაშილავამ ჩოხატაურის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მოინახულეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ლევან ჭიჭინაძის თქმით, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც დაბის ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
რამაზ ნიკოლაიშვილი: _ აღნიშნული პროექტის სამ ეტაპს ითვალისწინებს და სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება როგორც დაბა ჩოხატაურს, სოფელ ჩაისუბანსა და მის მიმდებარე დასახლებებს.
ჩოხატაურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე წყლის სათავე ნაგებობა მოეწყო, გაკეთდა წყალსადენი მილების მაგისტრალური ქსელი; სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე აშენდა წყლის 2 000 კუბურ მეტრიანი რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო, რომელიც მინისტრმა დანარჩენ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ლერი მეტრეველის თქმით, მეორე ეტაპის სამუშაოები 1 მაისისთვის დასრულდება.
ნიკოლაიშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონულ ფილიალს ბრიტანული წარმოების, ახალი ექსკავატორ-მტვირთავიც გადასცა, რაც როგორც გვითხრეს, კომპანიას წყალმომარაგების სისტემაში წარმოქმნილი დაზიანების აღმოფხვრაში დაეხმარება.
ნიკოლაშვილი ჩოხატაურიდან ოზურგეთში გაემგზავრა და სოფელ მერიაში, ბეგი სიორიძის სასათბურე მეურნეობას ესტუმრა _ სათბური, 2008 წელს, აგრობიზნესის განვითარების ფონდმა, მილენიუმის პროგრამის ფარგლებში 150 000 ამერიკული დოლარით დააფინანსა.
მინისტრი მერიიდან სოფელ ნატანებში გაემგზავრა და იქაურ მოსახლეობას შეხვდა. აუდიტორია, როგორც გავარკვიეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია ტაკიძის ახლობლებ-მეგობრებით შემოიფარგლებოდა.
სოფელში პრობლემების ნაკლებობამ მინისტრიც კი გააკვირვა: _ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენი პრობლემების შესახებ მოვისმინო და შემდეგ მათ მოგვარებაში დაგეხმაროთ. დამიჯერეთ, ხმებისთვის არ მოვსულვარ. მინდა, რომ საქმე გავაკეთო, ჩემს გურიას, კიდევ უფრო დავუდგე გვერდში. ამიტომ მინდა, რომ მითხრათ, რა პრობლემები გაქვთ, _ უთხრა გამგეობის წინ შეკრებილ ადამიანებს ნიკოლაიშვილმა.
როგორც აღმოჩნდა. ნატანებლებს უგზოობა, უწყლობა და უგაზობა აწუხებთ.
_ პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ტაკიძემ გამაფრთხილა, რამე იმფერი არ წამოგცდესო, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ერთმა ხანშიშესულმა მამაკაცმა, რომელმაც პირად საუბარში გაამხილა, რომ მინისტრთან ვაუჩერებზე სალაპარაკოდ იყო მოსული: _ მინდოდა მეთქვა, რომ დენის ვაუჩერი არ შემხვდა და მითხრეს, სურსათისასაც ვერ მიიღებო. იმის ფული რომ მქონდეს, 6 თვეში 200 კილოვატი დენი მოვიხმარო და გადავიხადო, რად მინდა მაგენის 30-ლარიანი დახმარება?! რომ მიჭირს, იმიტომ მინდოდა მეთხოვა, მაგრამ კატეგორიულად გამაფრთხილეს, არაფერი თქვაო. თან დახმარებასაც დამპირდნენ და ნამდვილად არ მინდა პრობლემების შექმნა, _ გვითხრა რესპონდენტმა.
_ მსოფლიო ბანკიდან თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს. ყველაზე გვიან, აგვისტოდან დავიწყებთ გზის მშენებლობას. ოღონდ მაგარი გზის. ისეთის კი არა, აქამდე რომ არის მოსული. მერე დაიგება შრომის და ურეკის გზები, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ნატანებლების თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გაზიფიკაციაა.
_ გასაკეთებელი რომ არის, ფაქტია, რომ გავაკეთებთ, ისიც ფაქტია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ 12 კილომეტრი ბევრია და ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, _ თქვა მინისტრმა, რომელსაც ნატანებლებმა რიტუალების სახლის გაკეთებაც სთხოვეს, რომლისთვისაც, როგორც აღმოჩნდა, 80 000 ლარია საჭირო და ამ თხოვნის ასრულებაზე დადებითი პასუხი მიიღეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სოფლის პროგრამის ფარგლებში წყლის პრობლემის მოგვარებას აპირებენ:
_ მე არ ვიცი, რა არის და როგორ არის. მხოლოდ ერთს გეტყვი _ შენ ხარ წყლის კომპანიის ხელმძღვანელი და ამ სოფელს ეგ პრობლემა შენ უნდა მოუგვარო, _ დავალება მისცა მინისტრმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს სთხოვა, პირადად უზრუნველყოს ნატანებლებისთვის ამ პრობლემის მოგვარება.
_ რა თანხაც სოფლის პროგრამის ფარგლებში, წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გქონდათ გათვალისწინებული, რიტუალების სასახლის გასაკეთებლად მოიხმარეთ, _ დასძინა ნიკოლაიშვილმა.
_ ნამდვილად ვიცით, რომ არის პრობლემები. შეიძლება გერიდებათ, რადგან ზოგს შეიძლება ვუყვარვარ, ზოგს _ არა, მაგრამ თემა არის სხვა _ ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას და ამ ადამიანებმა, რომლებსაც ხელფასს უხდით, უნდა იმუშაონ. მე უფრო უკმაყოფილო ვარ გურიაში მიმდინარე მოვლენებით, ვიდრე კმაყოფილი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უფრო მეტი უნდა იმუშაონ, თუ უნდათ რომ იყვნენ გამგებლები, რწმუნებულები და მეტი უპირატესობა ჰქონდეთ. მე რომ მცოდნოდა, რიტუალების სახლისთვის 80 000 ლარი იყო საჭირო, აქამდე მივხედავდი. ეს წელი კარგად უნდა დავამთავროთ, დაწყებული გზა უნდა დავასრულოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ გაზის საკითხი ცოტა რთულია _ ძალიან ძვირია 12 კილომეტრი სიგრძის ტრასის გაკეთება, თუმცა, ამ პრობლემასაც გადავწყვეტ. თუ საჭირო გახდება “იტერას” ხელმძღვანელობასაც შევხვდები.
ნიკოლაიშვილმა ხვნა-თესვაზეც ისაუბრა და გუბერნატორს შეახსენა, რომ გურულებს ამის პრობლემა არ უნდა შეექმნათ: _ მინდა ვიცოდე რეალურად, რა პრობლემებია და რა შემიძლია გაგიკეთოთ, _ თქვა მინისტრმა.
ამ განცხადების მიუხედავად, მინისტრის სანახავად მოსულ ნატანებლებს შორის პრობლემებით დატვირთული არავინ აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, პრობლემებით და საყვედურებით დატვირთული იყო ნახევარსაათიანი შეხვედრა მხარის და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ნიკოლაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა გამგებელს, გუბერნატორს, ყველა საჯარო მოხელეს თავდაუზოგავად მუშაობას სთხოვს:
_ ჩემი ტელეფონის ნომერი ყველასთვის ცნობილია და ნებისმიერ დროს ყველას შეუძლია დამირეკოს, მითხრას, რა აწუხებს და რა პრობლემას არ უგვარებს ადგილობრივი ხელმძღვანელობა. გპირდებით, რომ ყველა ზარზე და შეტყობინებაზე იქნება რეაგირება, _ დასძინა ნიკოლაიშვილმა და გურიის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ხელფასებს, ბენზინებს და სატელეფონო ბარათებს მუშაობაში უხდიან და არა გამუდმებულ მივლინებებსა და კაბინეტში უსაქმურად ყოფნაში.
შეხვედრა, როგორც აღვნიშნეთ, დახურულ კარგს მიღმა გაიმართა, თუმცა, მინისტრის მკაცრი ტონი გარეთ მყოფებს კარგად ესმოდათ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნიკოლაიშვილმა ადგილობრივ ჩინოვნიკებს უფლება-მოვალეობები შეახსენა და თანამდებობებზე დარჩენის ერთადერთ საშუალებად უახლოეს ხანში ძირითადი პრობლემების მოგვარება დაუსახელა.