(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრი, სხვა რამდენიმე საავადმყოფოსთან ერთად, ებრაულმა კომპანია “აიჰოპმა” შეიძინა. წინასწარი ვარაუდებით, საავადმყოფო კერძო სამედიცინო ცენტრი იქნება, მასთან შევა სასწრაფო დახმარების სამსახური და ტუბდისპანსერი. მიხეილ ჩაჩავას ცენტრი, სავარაუდოდ, სახელსაც შეიცვლის. ახალი მფლობელები გეგმავენ თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ცენტრის მოწყობას 25 საწოლზე. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ცენტრს სარემონტო სამუშაოები ათიოდე წლის წინ ჩაუტარდა, უფრო ზუსტად, ცენტრისთვის ახალი შენობა აშენდა, რაც მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის სახელთანაა დაკავშირებული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახალი კომპანია უკვე შეუდგა სამედიცინო ცენტრის მართვას. წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია პერსონალისა და ანაზღაურების შემცირება.