ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსა რვა თემისგან შედგება. სოფელში არის ტორფის საბადო, ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი. 1999 წელს გაიხსნა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი _ სუფსის ტერმინალი. მის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. “ოქროს ტბა” და გრიგოლეთის ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ძალიან ბევრი ფეშენებელური სასტუმრო თუ ვილა დგას. აქედან გამომდინარე, სოფელში მიიჩნევენ, რომ ის პრობლემები, რომელიც აქვთ, წესით, არ უნდა აწუხებდეთ _ ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში შედის, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ სოლიდური იქნება. აქაურები ამ შემოსულობებიდან გარკვეული თანხის სოფელში დატოვებას მოითხოვენ.
_ რაც არ უნდა ვიძახოთ, დემოკრატიააო, ყველამ ვიცით, რაც ხდება. ორი ბიჭის პატრონი ვარ და ვერ გაგიმხელთ ვინაობას. კარგად გვახსოვს, რასაც აკეთებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დრო, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრები 42 წლის ქალბატონი.
_ არ გვეღირსა არხების გაწმენდა. თქვენ არ იცით, რა ხდება აქ წვიმის დროს _ წყალი არამარტო ეზოებში, სახლებშიც კი შემოდის. აღარც ვიცი, მერამდენედ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც სოფლის, ისე მუნიციპალიტეტისას, მაგრამ რა მერე?! ვინ დაგვეხმარა? უშუალოდ გამგებელსაც არაერთხელ ვთხოვეთ, რომელიც წინასაარჩევნოდ ამ პრობლემის გადაჭრას შეგვპირდა. ამ არხებს გადაუღეთ ფოტო, ოღონდ ისე, მე რომ არ გამოვჩნდე, _ გვითხრა ხანშიშესულმა ქალბატონმა, რომელმაც წინა რესპონდენტის მსგავსად, ვინაობის საჯარო გამხელისგან თავი შეიკავა.
_ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის საყანე ფართობებია, რომელიც ორი წელია აღარ დაგვიმუშავებია. ამის მიზეზი ის არის, რომ შეუღობავია და აზრი არ აქვს დამუშავებას. ესეც მოვითხოვეთ რამდენჯერმე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ძალიან გვინდა მოვიდეს კომპეტენტური კომისია და ეს საკითხი შეისწავლოს, _ გვითხრეს ამ უბნის მცხოვრებლებმა, რომლებიც სასმელ წყალს ნახევარი კილომეტრიდან ხელით ეზიდებიან.
_ აი, ამფერი მილია მაგენის გაკეთებული. ასეა მთელ სოფელში. წყალი, რომელიც ამ მილში მოდის, ტექნიკურია და სასმელად უვარგისი. მოშლილია ყველაფერი _ იქ რომ შენობებს ხედავთ, დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს. როცა ფუნქციონირებდა ეს ჩაის ფაბრიკა, 100-ზე მეტი ადგილობრივი იყო დასაქმებული, _ ამბობს სუფსის მკვიდრი.
მოსახლეობა ნაპირსამაგრის გაკეთების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნაპირსამაგრის არარსებობა მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის. რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, საერთო ფონი მძიმეა და აქაურები ამბობენ, რომ მათი ეკონომიკა მხოლოდ პენსია და სოფლის მეურნეობით მიღებული მწირი შემოსავლებია.
_ ძირითადი საარსებო წყარო პენსიაა. თუ ვინმეს არ ჰყავს ოჯახში პენსიონერი, შიმშილობს. საიდან ექნება იმის საშუალება, ასე კატასტროფულად გაზრდილი ფასების პირობებში, თავი ირჩინოს? _ ჰყვება ქალბატონი, რომელსაც საპენსიო ასაკამდე 2 წელი უკლია.
_ ისე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, არავის არ მჯერა. სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა _ ერთი მარცვალი სიმინდი არ არსებობს ოჯახებში, ქათმებს მასიურად ჰყიდიან, თან კაპიკებში. სად არის ფუფუნება, რომ დაკლან და ჭამონ? კლდიაშვილი რომ აღწერდა საუკუნის წინ, ის იმერეთი მონაგონია იმასთან შედარებით, რაც დღეს გურიაში ხდება. ასეთი წლები და გაჭირვება, ომის დროსაც არ მახსოვს. პური ჭირდა, მაგრამ სიმინდი გვქონდა, _ ამბობს 72 წლის პენსიონერი.
როგორც სუფსაში გამოკითხულთა უმრავლესობამ გვითხრა, სოფლის პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების გამო, ისინი არავის გამოუკითხავთ: _ ვინ გამოგვკითხა, ან რა კითხვა უნდათ, მუდამ ვაწუხებთ ჩვენი პრობლემებით და არ იციან, რაა გასაკეთებელი? ვერ ხედავთ, როგორი გზებია _ სკუპ-სკუპით უნდა ვიარო ამ ხნის ქალმა. ერთი მანქანა ხრეში არ დაყრილა. დავიღალეთ. რამდენჯერ მივიდეთ ამ ხელისუფლებასთან? ხომ არ გგონიათ, ამას რასაც გეუბნებით, მათ არ ვეტყვი? _ საუბარი განაგრძო რესპონდენტმა.
_ შეკრებენ 20-25 ადამიანს, მისიანს, შეადგენენ ოქმს, იყო ხალხი, დავეკითხეთო და დამთავრდა, _ დაემოწმა მეზობელი.
_ რათ გინდა, რომ ვყვირით?! გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ, მაინც მაგენია მთავრობაში. მოვა ერთი ხელისუფლება, იმდენს იშოვის, იყიდის ბინებს თბილისში, წავა, მოვა მეორე, გაიმეორებს წინამორბედის ქმედებას. ასე გადის, შვილო, წლები და ხალხი შიმშილით იხოცება. რა ამბავი ავტეხეთ სააკაშვილის მოსვლაზე და იმიტომ, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში ეფრინა? ახლა კიდევ მთლად გადავირიე _ ტრამპის ინვესტიციებს რომ აპიარებენ, თურმე, მათივე ფულებია ჩადებული! როდის იყო სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ბიზნეს-გარიგებებს დებდა ბიზნესმენებთან?! _ თავისი მოსაზრება გაგვიმხილა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, მეორე რესპონდენტმა კი ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ გინდათ საჯაროდ ვინაობის გამხელაო, გვიპასუხა: _ ეშინია ხალხს _ ჩაუდებენ ჯიბეში რაღაცას. წინასაარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაგვვიწყებია. ძალიან დიდი თანხა დახარჯეს, ბევრიც დააშინეს, ვისაც სამუშაო ჰქონდა, სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ. ახლა ისიც არ მკითხოთ, ამას ვინ აკეთებდაო? ვინ და _ ხელისუფლება. ათასობით ლარებს რომ ხარჯავენ სკვერების გაკეთებაში, ფული სხვა რამეს მოახმარონ. ნახეთ, პოლიციის შენობა რომ გააკეთეს, რა ხდება მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის არ დაუსუფთავებიათ და ჩვენ ვინ მოგვხედავს ვინმე?
სუფსის რწმუნებული ზვიად ლომაძე ირწმუნება, რომ უნაგირას უბანში გასუფთავდა და გაიწმინდა ყველა არხი, თუმცა ამ უბნის მცხოვრებლები ამას არ ადასტურებენ.
წინა მოწვევის საკრებულოს სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა, თუ რისი გაკეთება სურთ, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით:
_ მაგრამ ასე არ უნდოდათ. ზემოდან რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდნენ, ანუ ერთი კაცის ჭკუაზე დადიოდნენ და დადიან. წყალი, რომელიც სოფელს მიეწოდება, სასმელად უვარგისია. ეს დასკვნა შესაბამისმა სამსახურებმა დადეს შარშან და შარშანწინაც. თუ ტექნიკურია, უნდა ითქვას, რომ ტექნიკურია და არ უნდა მიუთითო, რომ სასმელად ვარგისია. ეს საკითხი დღესაც აქტუალური და შესასწავლია, რადგან რამდენიმე ბავშვი მოიწამლა, _ გვითხრა ბლაგიძემ.