“სოფელს ახლა განსაკუთრებით უჭირს _ თხილი გამოილია, სხვა შემოსავალი არ არის. ამას წინათ სტუმრები მესტუმრნენ. თავს ხომ არ შევირცხვენდი? სუფრა აუცილებლად უნდა გამეშალა. წავალ, კარტოფილს მოვთხრი და მოვალ,-მეთქი, ვუთხარი. დილით დავთესე და შუადღეზე ამოვთხარე. სხვა რა გამოსავალი მქონდა? ასეთია ჩვენი ყოველდღიურობა”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის იანეთის თემში მცხოვრებმა მამაკაცმა.
ამ უბანში 58 კომლი ცხოვრობს. აქაურებს სოფლის უმთავრეს პრობლემად სასმელი წყლის უქონლობა მიაჩნიათ. ძირითად შემოსვლად კი თხილი დაასახელეს. სოფელში გზის მშენებლობა მიმდინარეობდა, მაგრამ შეჩერდა. სამედიცინო ამბულატორია სოფლიდან 5 კილომეტრზე, ჯუმათში მდებარეობს: _ საარჩევნო უბანი გვაქვს ჩვენიო, ხუმრობენ იანეთლები, რომლებსაც თავის გატანა უჭირთ.
_ გზის მშენებლობაზე დასაქმდნენ აქაურები, მაგრამ ხელფასი სრულად არ მიუღიათ. სოფლის ძირითადი პრობლემა სასმელი წყლის უქონლობაა _ აქ მაღალი სიცხეების დროს არტეზიული ჭები შრება და შორიდან გვიწევს წყლის მოტანა. რამდენიმე დღის წინ ჩვენს სოფელში ადგილობრივი ხელისუფლება იყო. გვკითხეს, სოფლის განვითარების პროგრამით რის გაკეთებას ვისურვებდით. სასმელი წყალი ვითხოვეთ. გაღმელებს შეჰპირდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ გამოღმა მხარეს თუ მოხერხდება სასმელი წყლის შემოყვანა, არ უთქვამთ. ჩვენთან ციტრუსი არ მოდის, ადრე ჩაი იყო, ახლა თხილი მოვაშენეთ. ჩაის პლანტაციებში მგლები ცხოვრობენ _ საქონლის დაკარგვის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაუსაქმებელია, სამუშაოდ, ძირითადად, დიდ ქალაქებს ეტანებიან, _ გვითხრა იანეთელმა რეზო სირაძემ, _ სიმინდის მოსავალი გასულ წელს ცუდი იყო. ვერ გეტყვით, წელს როგორ იქნება. მთავარია, შევძლოთ და დავთესოთ. მხოლოდ თხილი დაგვრჩა, რომლის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი პურის ფულად და საკვების შესაძენად თუ გვყოფნის მხოლოდ.
გასულ წელს, იანეთს, სოფლის განვითარების პროგრამით სტადიონი და განათება გაუკეთეს: _ გაგვიკეთეს სტადიონი და სოფლის ცენტრალური ქუჩა გაანათეს. ახალგაზრდობამ გაიხარა, მაგრამ რომ დაზამთრდა, სოფელს სარჩო დასჭირდა. მოსახლეობას შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ სხვაგან არ გაიქცეს. ამბობენ, ყვითელი სიმინდის დათესვით გამდიდრდებითო. შევძლებ კი შევისყიდო სათესლე სიმინდი? თუ მოსავალი არ მექნა, პირუტყვს როგორ მოვუარო ან ოჯახს რა ვაჭამო?! სოფელს დღეს ძალიან უჭირს და სერიოზული დახმარება სჭირდება, მიუხედავად არაადამიანური შრომისა, მაინც ღარიბად ვცხოვრობთ. სოფლის განვითარებისთვის სტადიონების და განათების გაკეთება არ არის საკმარისი. გლეხს მეურნეობის გასავითარებლად სტიმული სჭირდება. რეალურ გეგმას, რომელიც სოფლის მოსახლეობას ცოტათი მაინც გაუუმჯობესებს ცხოვრების პირობებს, ვერ ვხედავ. აი, თუნდაც, გზის მშენებლობა _ შუა გზაზე მიატოვეს და ხალხი უხელფასოდ დატოვეს. ალბათ, ადრე თუ გვიან დაასრულებენ. ჩვენი მთავარი თხოვნაა, დაგვეხმარონ, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ, _ გვითხრეს სოფლის ცენტრში შეკრებილებმა.