30 მარტს, ოზურგეთში, “მეგობრობის” სტადიონზე, ოზურგეთის “მერცხალსა” და მარტვილის “მერანს” შორის თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. დაძაბული თამაშის მიუხედავად, ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა.
მატჩს, როგორც წინა თამაშზე, მაყურებელი მრავლად დაესწრო. ოზურგეთის “მერცხალის” დირექცია და გულშემატკივრები თამაშით კმაყოფილები არიან.
_ “მერანი” პირველი ლიგის ლიდერია და ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამი ქულა არ წაეღო მოწინააღმდეგეს. მათ რიგებში არცერთი მარტვილელი არ თამაშობს _ ყველანი მოყვანილი ფეხბურთელია, _ გვითხრეს “მერცხალის” მესვეურებმა.
მატჩის ბოლო წუთებში სიტუაცია დაიძაბა _ გულშემატკივრებმა მთავარ არბიტრს რამდენჯერმე შეახსენეს, რომ დამატებული დრო ამოიწურა და ის კი თამაშის დამთავრებას არ აპირებდა.
“მერცხალის” მეკარის გია გოგუას თქმით, თამაში მეტად დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოვიდა:
_ ეს ყველაფერი ჩვენი ბიჭების და მაყურებლის დამსახურებაა. სამწუხაროდ, სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ, ჯგუფის ლიდერთან ფრედ ვითამაშეთ, _ თქვა ჩვენთან საუბრისას გია გოგუამ.