22 მარტს, გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გიორგაძე და გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე სურების ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ.
დიდი ვანი, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ტრადიციების მქონე სოფელია, მიგრაციულია, სოფლის ცენტრში შენობას ვერ ნახავთ, ჩამონგრეული რომ არ იყოს. ყოფილი სასოფლო კლუბის შესასვლელში თავმოყრილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან უამრავი პრობლემის გადაჭრას მოითხოვდა: შენობის უვარგისობის გამო, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს განადგურება ემუქრება; სოფელს არ ჰყავს ექიმი; ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადის, ისიც მხოლოდ კვირაობით, ხალხი ბაზარში რომ ჩამოიყვანოს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, იქნებ პატარა კოტეჯი აიგოს, რომელშიც სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, სოფლის ადმინისტრაცია განთავსდება და ხალხის თავშეყრის ადგილიც იქნება. საკმარისი იქნება თუ არა გამოყოფილი თანხა ამ კოტეჯის ასაშენებლად, მაშინ გაირკვევა, როცა პროექტი მომზადდება. საკრებულოს თავმჯდომარე სოფელს, თვეში ერთხელ, ექიმთა ბრიგადის გამოშვებას დაჰპირდა, რომელიც სოფელს უფასოდ მოემსახურება. შესრულდება თუ არა მისი დანაპირები, “გურია ნიუსი” აუცილებლად მიადევნებს თვალს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, აქვთ თუ არა შესაძლებლობა ისედაც მინიმალურ, ხშირად სამარცხვინო ხელფასებზე მომუშავე ექიმებს, თვეში ერთი დღე დამატებით, თანაც უფასოდ იმუშაონ…
როგორც აღმოჩნდა, დიდთოვლობამ მარტოხელა ქალბატონის, ნაზი რამიშვილის სახლი დაანგრია. სოფლის რწმუნებულმა ელენე ზაქარეიშვილმა იგი კლუბის ერთ-ერთ უსაფრთხო ოთახში გადმოიყვანა საცხოვრებლად და მისივე თქმით, ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო წვრილმან საკითხებსაც უგვარებს, მაგრამ სოფლის რწმუნებული მარტო მის საცხოვრებელ პირობებს ვერ მოაგვარებს და ქალბატონ ნაზის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების დახმარება ისევ სჭირდება.
სურების ხეობის შემდეგი სოფლის, შუასურების შიდასასოფლო გზები სასწრაფოდაა მოსაწესრიგებელი; “საბერიშვილოს” უბნამდე გზის გაყვანა თავად მოსახლეობამ სცადა და ახლა გზის გაფართოებაში ითხოვენ დახმარებას _ რამდენიმე ადგილას კლდე ჩამონგრეულია და გზის გაწმენდას ტექნიკა სჭირდება. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დახარჯვა სოფლის ცენტრში ავტობუსის მოსაცდელის ასაგებად და “საბერიშვილოს” უბნის გზის გასაფართოვებლად გადაწყდა, თუმცა, სავარაუდოდ, სოფელს ჯერ ნორმალური გზა, ავტობუსით მომსახურება სჭირდება და მერე _ ავტობუსის მოსაცდელი. სოფელში არ არის წისქვილი… შეხვედრის ბოლოს, სოფლის მცხოვრებმა ნოდარ ტრაპაიძემ რწმუნებულს _ სულხან ტრაპაიძეს სოფლის ჭირისუფლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ზემოსურებში შეხვედრა საჯარო სკოლის ფოიეში შედგა. სამწუხაროდ, პრობლემა აქაც უამრავია _ შესაკეთებელია ამბულატორიის შენობა; პრობლემის მოგვარების არაერთხელ შეპირების მიუხედავად, ისევ მწვავედ დგას მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი; მოსაწესრიგებელია შიდა გზები, სანიაღვრე არხები, მილხიდები; სასწრაფოდ შესაკეთებელია უბნებში _ ტობახჩოსა და ჩაკიტაურში მისასვლელი გზები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინდმეწარმე, რომელიც გზებს შეაკეთებს, ადგილობრივი იქნება და “მის საქმიანობას თავად მოსახლეობა გააკონტროლებს”. ხელისუფლებამ შეპირებები აქაც არ დაიშურა და მოსახლეობას მრავალწლიანი ოცნების ასრულება უახლოეს მომავალში უწინასწარმეტყველა _ მათი თქმით, ახალი სამარშრუტო ხაზი გაიხსნება და კვირაში ორჯერ, მიკროავტობუსი პირდაპირ რეისს სურები _ თბილისს შეასრულებს!