ლედი ხურციძეს ბავშვობიდან ისე უყვარდა სცენა, რომ ოზურგეთის #3 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი არც უფიქრია, მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოზურგეთის თეატრში მისულიყო.
_ ლედი, როგორც ვიცით, თეატრში მოსვლისთანავე შეგიყვანეს სპექტაკლში.
_ დიახ, ბატონ იური ჯიჯიეშვილს ვიცნობდი, სკოლის პერიოდში ვღებულობდი მონაწილეობას სასკოლო ღონისძიებებში და სპექტაკლებშიც, სადაც ბატონ იურის ნანახი ვყავდი. სწორედ მან გამიწია რეკომენდაცია და სპექტაკლში “მერხებზე ანგელოზები სხედან” ვითამაშე ანგელოზი. ამ როლმა წარმატება მომიტანა. რამაც დიდი სიხარული მომგვარა და დავიწყე სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ ჩემი თაყვანისმცემლების იმედები გამემართლებინა. შემდეგ ბატონმა ოთარ კუტალაძემ, რომელიც საბავშვო თეატრის ამღორძინებელი და სულის ჩამდგმელია და რომელიც არის ამ თეატრში განხორციელებული თითქმის ყველა სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, შემომთავაზა ნორჩი მაყურებლისთვის მეც შემესრულებინა როლები.
_ რომელ სპექტაკლებში მიიღეთ მონაწილეობა?
_ მონაწილეობა მივიღე სპექტაკლებში: “ხანუმა”, “ნაცარქექია”, “წითელქუდა”, “იავნანამ რა ჰქმნა”, “ბატის ჭუკი”, “სამი გოჭი” და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა რეჟისორმა ოთარ კუტალაძემ “ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი”. ორმოქმედებიანი პიესა ქართული ზღაპრების მოტივებზეა აგებული და მასში ნაცარქექიას და დევის გარდა, წითელქუდა, მგელი, ბებია და მელაკუდაც მონაწილეობს. ბავშვები ამ სპექტაკლს დიდი ხალისით უყურებენ. ისინი ხომ მათთვის საყვარელ, თითქმის, ყველა ზღაპრის გმირებს ხვდებიან. მე ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ იმ თეატრში, საიდანაც ბავშვებს დადებითი იმპულსები მიაქვთ. ბავშვებს ყოველთვის მოუხარიათ ჩვენს სპექტაკლებზე. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, ხშირად შეგვიმჩნევია, რომ ბავშვები ამა თუ იმ ზღაპრის გმირების სახელებს ხან სიყვარულით, ხან კი იუმორით წარმოთქვამენ. ამ გმირებს ხომ ისინი იმ საოცარ სამყაროში შეჰყავთ, რასაც თეატრი ჰქვია. აქვე დავძენ, რომ საბავშვო თეატრის წარმატება შემოქმედებითი ჯგუფის ერთიანობისა და მისი დირექტორის ლაშა კუტალაძის ნაყოფიერი შრომის შედეგია.