(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, “სახალხო კრების” ლანჩხუთის რაიონულ ორგანიზაციაში პრესკონფერენცია გაიმართა. კონსერვატორული პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და “სახალხო კრების” ლანჩხუთის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა მაკა კვირკველიამ თქვა, რომ ბრიფინგი 2 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მიტინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეძღვნებოდა: _ ოპოზიციური რვიანის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, პრაქტიკულად, ჩაიშალა. ხელისუფლებას არ სურს რაიმე კომპრომისზე წასვლა. ვინც მაინც აგრძელებს ამ უაზრო მოლაპარაკებას, მხოლოდ ყალბი სურათის შექმნას უწყობს ხელს და უფლება არ აქვს, ოპოზიციის სახელით ილაპარაკოს. “სახალხო კრება” გამოსავალს ხალხის ერთობასა და საპროტესტო ტალღის აგორებაში ხედავს, რომელიც უსისხლო რევოლუციაში გადაიზრდება და ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს ამ კრიმინალურ ხელისუფლებას. 2 მაისს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ხალხმა უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს საზოგადოება არ არის შეშინებული და ნიჰილიზმში ჩავარდნილი, _ თქვა კვირკველიამ.
შემდეგ “სახალხო კრების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია გურგენაძემ ისაუბრა:
_ სამშაბათს, თბილისში, შედგა რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა შეხვედრა “სახალხო კრების” დამფუძნებლებთან, სადაც განხილული იყო საკითხი 2 მაისის საპროტესტო აქციაში რეგიონების წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ. “სახალხო კრება” 2010 წლის 25 ნოემბერს გამართული ფორუმის გადაწყვეტილებების აღსრულებას აპირებს. ამ ფორუმს 19 926 დელეგატი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. საქართველოს 850 000 მოქალაქის დელეგირებული უფლება ჰქონდათ. ეს, პრაქტიკულად, ხალხის ნების გამომხატველი ლეგიტიმური და ფაქტობრივი ორგანოა, _ აღნიშნა გია გურგენაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი მედიის საშუალებით, “სახალხო კრებას” სურს, ხმა მიაწვდინოს გურიის მოსახლეობას კრების მიზნების, ამოცანების შესახებ და კონკრეტულად 2 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით: _ მთელს საქართველოში “სახალხო კრებამ” შექმნა წინააღმდეგობის კომიტეტები და შეფიცულთა რაზმები. მოვუწოდებ ლანჩხუთის მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ ამ მამულიშვილურ და საქართველოს გადასარჩენ საქმეში.
პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც მოლაპარაკების ფაქტობრივ ჩაშლაში დარწმუნდებიან, აუცილებლად შემოუერთდებიან ამ საპროტესტო ტალღას.
ლანჩხუთის წარმომადგენლობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უფლებამოსილია კონსტიტუციის მე-5 მუხლი გამოიყენოს, სადაც წერია, რომ ქვეყნის ხელისუფალი ქართველი ერის უზენაესი ნებაა: _ ეს ნება ამ ხელისუფლების მოშორებაა. სწორედ ამისთვის იგეგმება 2 მაისს თბილისში საპროტესტო აქცია, _ თქვა მან.