31 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სოფელ ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ხუჭუამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება მეწარმეებს მძიმე ტვირთად დააწვება, ეს კი არ უნდა დაუშვან.
საკითხი, რომელსაც საკმაოდ მწვავე დებატები მოჰყვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შემოღებას შეეხებოდა _ საკრებულოს გადაწყვეტილებით, “საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი, რომელიც 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე სამჯერ მეტად უნდა გაიზარდოს, 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე კი _ ორჯერ, 2004 წელს მიღებულზე _ 1, 5-ჯერ, ხოლო იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, _ სამჯერ.” სწორედ ეს გააპროტესტა გია ხუჭუამ, რადგან მას მიაჩნია, რომ ასეთ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში, მაშინ, როცა ყველაფრის ფასები 100%-ით გაიზარდა, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მძიმედ დააწვება, როგორც მეწარმეებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
ხუჭუას მოსაზრება საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა არ გაიზიარა, დეპუტატმა კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, რასაც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის მისამართით, სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატის ავთო სურგულაძის რეპლიკა მოჰყვა: “ბატონო თემურ, ადგილებს, ხომ არ შეცვლიდით თქვენ და გია ხუჭუა?” _ უთხრა სურგულაძემ სალუქვაძეს, ამ უკანასკნელმა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში სალუქვაძემ თქვა, ის ყოველთვის აკრიტიკებს საკრებულოს და ხელისუფლებას, როცა ამას იმსახურებენ: “თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, მე ამასაც ხმამაღლა ვამბობ”, _ გვითხრა “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თემურ სალუქვაძემ, თუმცა, რა იგულისხმა “კარგი საქმეების” მიღმა, არ დაუკონკრეტებია.
და ბოლოს. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთები ასე გამოიყურება: 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ჴ საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2%. ხოლო 100 000 ლარის ან მეტი ღირებულების შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის _ საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 %.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიურ განაკვეთებს, ის ასე განისაზღვრა: სახნავი და სხვა მიწებისთვის _ 60 ლარი. საკარმიდამო _ 0 ლარი; საძოვრები _ 16 ლარი; ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები _ 30 ლარი; ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის, შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები _ 3 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც ქალაქის, ისე თემებსა და სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ერთ კვადრატულ მეტრზე, საბაზისო განაკვეთი 0, 24 ლარი დაწესდა.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით, ქონების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს: საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს, ხოლო ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები _ 24 კვადრატულ მეტრს. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით”, _ აღნიშნეს რიგგარეშე სხდომაზე.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შემოღების საკითხს ისევ მიუბრუნდება.