მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ბუნებრივი გაზით სარგებლობს, უკმაყოფილებას გამოთქვამს ტარიფთან დაკავშირებით. როგორც ქალაქ ოზურგეთში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლების ერთი ნაწილი გვეუბნება, გაზის საფასურს იმაზე მეტს ახდევინებენ, ვიდრე დახარჯეს.
_ 2007 წლიდან ვსარგებლობ ბუნებრივი აირით. 1კბმ-ში ვიხდით 50,05 ლარს, 2010 წლის ნოემბრიდან ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, გადასახადმა მოიმატა. მაგრამ არა ყველასთვის, არამედ მათთვის, ვინც შედარებით მეტს მოიხმარს. მივმართეთ კომპეტენტურ პირებს, რომლებმაც ასეთი პასუხი გაგვცეს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი დავალიანება, რაც განპირობებულია იმით, რომ მომხარებელთან მისვლამდე, სადღაც გზაში დაკარგულ გაზს (დაახლოებით 15 000 კბმ), თურმე, ვერ აღრიცხავს ამჟამად არსებული მრიცხველები. ამის გამო მოსახლეობას (და არა ყველას), ამ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, გადასახადი ეწერება გაზრდილი კოეფიციენტით. მათივე თქმით, უნდა შეიცვალოს მრიცხველები “სოკარისთვის” მისაღები 160-ლარიანი მრიცხველებით, რასაც ამ გაჭირვებულ პერიოდში მოსახლეობა ვერ შეძლებს. ამიტომ, გაგრძელდება გადასახადის მომატებულ ფასებში გადახდა.
მაშინ, როცა ტელევიზიით ყოველდღიურად ვისმენთ, გაზის ფასი არ არის მომატებული და არც მოიმატებსო, როცა პრეზიდენტი ბრძანებს, გაზი ყველაზე იაფი საქართველოშიაო, რატომ ვისჯებით ზოგიერთი მომხმარებელი ოზურგეთში და რატომ გვახდევინებენ ზედმეტს? ეს საქართველოში არსად არ ხდება.
გვინდა, ხმა მივაწვდინოთ პრეზიდენტს. იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა და მოგვარდება, _ ამბობენ აბონენტები.
ჩვენთან საუბარში “სოკარ-ჯორჯია გაზი გურიას” მთავარი ინჟინერი ზურაბ ტუღუში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც უწევს “ზედმეტი თანხის გადახდა”, ურჩევს, ახალი მრიცხველები დაიდგას და ეს პრობლემა მოგვარდება:
_ ძველ მრიცხველებზე არ ხდება მაჩვენებლის ტემპერატურული კორექცია და ასეთ შემთხვევაში, “სოკარის” ბილინგის სამსახური ახდენს აღრიცხული გაზის ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტზე გამრავლებას, რაც პირდაპირ დამოკიდებულებაშია გაზის ტემპერატურაზე და იანგარიშება ფორმულით, რომელიც ყველა ძველი წარმოების მრიცხველების პასპორტებშია მოცემული.
_ მოსახლეობა ამბობს, რომ ოზურგეთის აქვს ძალიან დიდი დავალიანება, რადგან გაზი მომხმარებელთან მისვლამდე, გზაში იკარგება.
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
_ ასევე, ამბობენ, რომ “სოკარი” ახალი მრიცხველების გაყიდვას მსგავსი ხერხით აპირებს.
_ ესეც არასწორია. შეუძლიათ, შესაბამისი მრიცხველი სხვაგანაც შეიძინონ. მთავარია, მას ჰქონდეს, ლაბორატორიის მიერ გაცემული ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი შეიძენს მრიცხველს “სოკარიდან”, ჩვენ გარანტიას ვაძლევთ, გაფუჭებისას უფასოდ შევუცვალოთ. თუ, რა თქმა უნდა, მრიცხველი განზრახ არ იქნება დაზიანებული.
ზურაბ ტუღუშის თქმით, 1 კბმ გაზის ღირებულება სოციალურ მომხმარებელთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, არის 50,05 თეთრი (საუბარია ძველ აბონენტებზე). ხოლო ახალი აბონენტებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან “სოკარში”, 2010 წლის 1 აგვისტოდან, 1 კბმ გაზის ღირებულება 59,7 თეთრია.