საზეიმო ცერემონიალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი, “ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, გურიის გუბერნატორი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქ ცემენტის ქარხანა უნდა აშენდეს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულმა კომპანიამ იქ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი შეისყიდა: _ ჩვენი ეჭვი გამართლდა და ცემენტის საწყობის მაგივრად, აქ ცემენტის ქარხანა კეთდება. მთლად გადათხარეს ყველაფერი, რკინიგზასაც გამოუთხარეს ძირი. თავიდან ამბობდნენ, რკინა-ბეტონის ქარხანა აშენდებაო, ახლა კი ცემენტის ქარხანაო. სუფსის ნავთობტერმინალსაც ასე გვამადლიდნენ, მაგრამ რა ხეირი ვნახეთ სუფსის მცხოვრებლებმა იქედან? ახლა ამ მტვერში ამოგვხდიან სულს. აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა.
_ მე აქვე ვცხოვრობ და ჩემთვის არავის უკითხავს არაფერი. როცა მანქანები იცლება, საშინელი მდგომარეობაა, მუშები, რომლებიც ცლიან ვაგონს, როგორც ვიცი, უმძიმეს მდგომარეობაში არიან. 9 ლარად 4 ადამიანს აცლევინებენ მანქანას. ისე აყვავდა მაგათი საქმე, სუფსა რომ აყვავდა! გვახრჩობენ მტვერში, ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ვგმინავთ, რით მოგვისპონ სიცოცხლე, იმას ფიქრობენ, ხალხზე ვინ ფიქრობს?!
გუბერნატორმა თქვა ერთხელ თავის გამოსვლაში, სუფსა-ლანჩხუთის განვითარების პერსპექტივა დიდიაო. სუფსა იძირება, მშივრებიც ვართ, ჩვენი გადაუჭრელი პრობლემა ყანაა, რომელსაც არ გვიღობავენ, გაპარტახებულ საყანე ფართობში შეჰყავთ გზა. რომელ ცემენტის ქარხანაზეა საუბარი? გზა გაგვიფუჭეს და ხრეშიც კი არ დაგვიყარეს. რომ გაწვიმდება, “ბოტები”უნდა გეცვას. ადგილობრივები დასაქმდნენო, რომ ამბობენ, ჩვენი კუთხიდან მხოლოდ ორი ადამიანი დაასაქმეს _ დარაჯი და ელექტრიკოსი.
ხალხი დაშინებულია, ეშინიათ, ერთად რომ დავმდგარიყავით, ამდენს ვერ გაბედავდნენ, _ ამბობენ სუფსაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ხავთასი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მან თავისი უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საწყის ეტაპზეც დააფიქსირა:
_ მე თავის დროზეც დავაფიქსირე, რომ აქ არ უნდა აშენებულიყო ქარხანა. ახლა გაიხსნა ტერმინალი და ამას მივესალმები. მომავალში რა გეგმებია, არ ვიცი, ცივილიზაციას ვინ შეაჩერებს? თუმცა, მოსახლეობისგან მოშორებით რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. 14 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ხელფასით უკმაყოფილონი არიან. რა თქმა უნდა, ცემენტსა და მტვერში მომუშავეები, ცუდ დღეში იქნებიან. სარგებელი აქედან ის გვექნება, რომ ადგილობრივებს სამუშაოს მისცემენ და რაღაც ქველმოქმედებას მოვთხოვთ, _ ამბობს მაჟორიტარი.
აგრონომი მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “ცემენტის მტვერი კანცეროგენური თვისებების მატარებელია და ორმაგ საშიშროებას წარმოადგენს ისეთი დასახლებებისთვის, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავთ. ეს საშიშროება იქნება არა მხოლოდ სუფსისთვის, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომლებიც აქ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ისარგებლებენ. განსაკუთრებით საშიშია ცემენტის ქარხნები, რადგან ქარხნის კვამლი ქარს გაცილებით დიდ ტერიტორიაზე შეუძლია გაავრცელოს.”
“ჰაიდელბერგცემენტის” პრესშეფმა ნინო სუბელიანმა ჩვენს მიერ დასმული შეკითხვებიდან მხოლოდ ორ შეკითხვას უპასუხა:
_ რამდენი ადგილობრივი კადრია დასაქმებული ტერმინალზე?
_ 12 ადგილობრივია დასაქმებული.
_ როგორც ამბობენ, ტერმინალის შემდეგ, სუფსაში ცემენტის ქარხანა შენდება. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ შემდეგი წლისთვის დაგეგმილია ცემენტის ქარხნის (წისქვილის) მშენებლობა.
რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, აქვთ თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შესაბამისი სამსახურებიდან, სუბელიანმა იგი უპასუხოდ დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წარმომადგენლის თქმით, სანამ არ ექნებათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, კომენტარს ვერ გააკეთებენ.