ბატონო ვალერი,
ნება გვიბოძეთ ერთხელ კიდევ გადაგიხადოთ მადლობა იმ დიდი ყურადღებისა და დახმარებისთვის, რაც ორი წლის წინათ გამოიჩინეთ, როცა ჩვენი დასის ინიციატივით, საზეიმოდ აღვნიშნეთ ნიგოითის ისტორიული ბრძოლისა (27.V. 1854) და უკვდავი “ხასანბეგურას” შექმნის სახელოვანი 150 წლისთავი.
მიმდინარე წლის სექტემბერში სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც დაიღუპა სახალხო გმირი სიმონა დოლიძე, რომლის ცნობილ სიმღერასაც დღემდე მღერის მადლიერი ქართველი ერი.
“უბედურად დადგა ჩემთვის 1911 წელი” _ ნათქვამია სიმღერაში. აი, 2011 წლის შემოდგომაც მოდის და, ამდენად, სასურველია ეს თარიღი ისე აღინიშნოს, როგორც ეს სიმონა დოლიძის ხსოვნას და ჩვენ, მადლიერ შთამომავლობას, შეგვფერის _ დაგვთანხმებით, ეს ჩვენი ღირსების საქმეა.
იმედია, როგორც ყოველთვის, ახლაც მხარს დაგვიჭერთ ამ კეთილშობილურ ინიციატივაში.
უღრმესი პატივისცემით, პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
პროფესორი იური სიხარულიძე; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი;
პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
პროფესორი გოგი დოლიძე, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი