(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს რწმუნებული მიხეილ ხუჭუა რწმუნებულის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება სოფელ დვაბზუს ერთ-ერთ უბანში, რამდენიმე ოჯახის მიერ, საკუთარი სახლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, მიწაში ჩადებული წყლის მილების ამოღების ფაქტს უკავშირდება. ეს მილები მოსახლეობას პოლიციამ ჩამოართვა და აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სოფელ დვაბზუს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში, რწმუნებულის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მოსაზრებას, რომ იგი აღნიშნულ ფაქტს შეეწირა, უარყოფს და აღნიშნავს, რომ რწმუნებულის გათავისუფლება სხვა სამსახურში გადასვლას უკავშირდება. მილების საქმეს არ უკავშირებს სამსახურიდან წასვლას თავად ხუჭუაც:
_ რა თქმა უნდა, ვერსიები იქნება და არის. რა კავშირშია ეს ამბავი ჩემ წასვლასთან, ვერ ვხვდები. სხვა სამსახურს ველოდები _ იმ კვირაში მუშაობას სპორტის განვითარების ცენტრში მთავარ სპეციალისტად დავიწყებ, _ გვითხრა ხუჭუამ.