“_ არა, კაცო, ამათ რა მოკლავს! _ ლადო რატომღაც იცინოდა, ყვირილით იცინოდა, მე კი გაოგნებული შევცქეროდი ასამდე მებრძოლ გაოფლილ კაცს, ზოგს _ წელზემოთ შიშველს, ზოგს _ უკვე შემოხეული მაისურით, ზოგს _ შემოსახევად გამზადებულით… ზოგს _ სრულიად ყმაწვილს, ზოგს _ ჭაღარაშერეულს… დროდადრო ეს ჭრელი ბრბო მტვერსა და ბუღში გაეხვეოდა, ხოლო როცა მტვერი გაიფანტებოდა, ვხედავდი, როგორ ეგდო ძირს, ორღობეში, რამდენიმე მობურთალი… მადლობა ღმერთს _ ცოცხალი. ბურთსაც დროდადრო ვხედავდი, ჩვენებური რაგბის ბურთის მაგვარს, აქ რომ ძალიან ნაზ სახელს _ “ლელოს” ეძახდნენ; ყურში მედგა ღრიალი, ხვნეშა, გინება…
_ ლადო, ორი სიტყვით წესები ამიხსენი, რა… _ ყვირილით ხვეწნა გაგიგიათ? ასე ვეხვეწებოდი.
_ გურული და წესი ერთად არ არსებობს. ისევე, როგორც თქვენთან, რა გიკვირს?
ლადო მართალი იყო. თუ რამე წესსა და რიგზე მიდგებოდა საქმე, “უწესობა” ირლანდიელს არ უნდა გაკვირვებოდა. მე თუ მკითხავთ, ეს თამაში, საერთოდაც, ირლანდიელებს უნდა გამოეგონებინათ. როცა ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც დიდ შეცდომასთან თუ უსამართლობასთან მქონდა საქმე. ნახვით კი გურიაში ვნახე, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, როცა ჩემს მეგობარს, ლადო მარაქველიძეს გავყევი.
აღდგომა ახლოვდებოდა. რადგან ქართული ჯერ კიდევ ამერიკაში ვისწავლე დოდონა კიზირიას ნასტუდენტარი ყმაწვილებისგან და ჩემ მეგობართა შორისაც ბევრი ქართველი “ჯიგარი ბიჭი” ერია (თუნდაც ლადო რად ღირს!), გურიაში თავს უცხოდ არ ვგრძნობდი. თუმცა, წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაცას უნდა გავეოცებინე და მეგონა, რომ ეს “რაღაც” ქართული აღდგომის ფოლკლორული ვარიაციები იქნებოდა: შინაური, ნაზი, ამაღლებული… ლელოც აღდგომა დღეს იმართება და ნამდვილად არაფერია მასში ნაზი, თუმცა, ამაღლებული “დასტურ” (როგორც ლადოს მსახიობი ბებია, ქალბატონი ბელა იტყოდა) არის. ერთი კი ვიფიქრე: რატომ მაინცდამაინც აღდგომა დღეს,-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არ მიკითხავს, რადგან ისიც კი ვიცოდი, რას მიპასუხებდნენ: ხომ უნდა იგრძნოს მიწამ, რომ ცოცხლები ვართო…
მე და ლადოც მივყვებოდით გამარჯვებულებს. ისინი, მაღლა აწეული ბურთით ხელში, ბედნიერები და ამაყები, სასაფლაოს აღმართს შეუყვნენ. ერთ საფლავთან შევჩერდით. ბიჭებმა საფლავის მიწაზე, წითელ კვერცხებთან და პასკის ნაჭერთან ერთად, ბურთიც დაასვენეს. “იცი, რა ბიჭი იყო?” _ წამჩურჩულა ლადომ, _ ნამდვილი ცეცხლი… ან როგორ თამაშობდა, ან როგორ ხუმრობდა…” აქამდე ჩემი თავი გულჩვილი არ მეგონა. არადა, თურმე, მტირალაც კი ვყოფილვარ.
იმ საღამოს ვფიქრობდი: როცა დარემში დავბრუნდები და ჩემი მეგობარი კენ უოლში დამიწყებს მოყოლას უელსელი მეშახტეების ბრიალა თვალებზე, ღაჟღაჟა ლოყებსა და შავ ულვაშებზე, მათ გიჟმაჟ გართობაზე, სიტყვის ამოუღებლად დავუდებ წინ ამ ფოტოებს და ხმას ჩავაწყვეტინებ,” _ ეს არის ირლანდიელი ბიჭის შთაბეჭდილებები შუხუთურ ლელოზე, რომელმაც ინტერნეტსივრცე “დაიპყრო”.
წლევანდელ თამაშს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ შ(ო)უ-5 “ნაციონალების” ნიშნებით. გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ უკვე ერთი წელია, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი “შეითავსა” და ლელოს საერთაშორისო დონეზე გაპიარებას გეგმავს. თუ გასულ წელს მინისტრი ვიდეოკამერით იღებდა თამაშობას, წელს უკვე თამაშსაც აპირებს. “ჩემი მთავარი მიზანია, რომ შუხუთის და აქ არსებული ტრადიციის შესახებ ვაცნობო მთავრობის ყველა წევრს. მას მერე, რაც აქ შარშან აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთს დავესწარი, საკუთარი პაპის საფლავზე გასვლაც დამავიწყდა. მინდა სხვა მინისტრებიც ჩამოვიყვანო ლელოს სანახავად, რათა უკეთ გაიგონ, რას ნიშნავს ეს სანახაობა. ვფიქრობ, აქ ყველაზე კარგი ვარიანტი ლელოს მუზეუმის გახსნაა. ამ ტრადიციული სანახაობით თქვენს სოფელს ისეთი პოტენციალი აქვს, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეს იქნება შემოსავლის წყარო, ტურიზმის განვითარების პირობა. მე აუცილებლად ვუამბობ ამ ტრადიციის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს. მართალია, ქალბატონია, მაგრამ ვეცდები დავაინტერესო, რომ ჩამოვიდეს და თავისი თვალით ნახოს, რაც აქ ხდება”, _ გემახსოვრებათ, ეს შუხუთელებს ხაჩიძემ გასულ თვეში უთხრა, როცა სოფელს “წინასალელოოდ” ეწვია.
მმართველი პარტიას რომ შუხუთის ლელო საპიაროდ სჭირდება, აშკარაა. თორემ ეს თამაში “ნაციონალებამდეც” (არ გაგიკვირდეთ, ლელოს საწყისადაც 2003 წელი რომ დაასახელონ!) არსებობდა და 8 წლის მანძილზე, აქამდეც შეეძლოთ “შუხუთური ტურიზმით” დაინტერესებულიყვნენ. არადა, თამაშობა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა, ხელისუფლების საპიარო ტრიუკების გათვალისწინებით, დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მსოფლიო ნამდვილად გაიცნობს შუხუთს.
არადა, “ნაციონალებმა”ეს სოფელი მსოფლიოს არა, მაგრამ საქართველოს ნამდვილად გააცნეს: სამიოდე წლის წინ, როცა შუხუთელებმა სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არ მისცეს, სოფელს “ნაჩუქარი” ტრაქტორი მეორე დღესვე წაართვეს! ახლა მმართველ პარტიას “გატრაქტორებულ-და-ხუთ-ულ-შუ-ხუთ-ური” სკანდალის გადაფარვის კარგი შანსი აქვს _ ლელო ხომ მხოლოდ გურიაში, კონკრეტულად, კი ამ სოფელშია შემორჩენილი.
შუხუთის ლელო მაინც განსაკუთრებული მოვლენაა _ სოფლის ცენტრში ვარდება ბურთი. ერთმანეთს ზემოურები და ქვემოურები ეპაექრებიან, ანუ სოფელი ორად იყოფა. თამაშში, მთელ ლანჩხუთთან ერთად, ჩამოსული სტუმრებიც ერთვებიან _ დასავლეთით მდებარე მეზობელი სოფელ-ქალაქების წარმომადგენლები ქვემო შუხუთლებს ეხმარებიან, ზემო შუხუთლებს კი _ აღმოსავლეთელები. მათ შესაბამისად, საკირიესა და საჭინკიეს ღელეები უნდა გადალახონ. 16-კილოგრამიანი ბურთი, რომელიც საგანგებოდ იკერება და დაახლოებით 150-200 ლარი ჯდება, სოფლის ცენტრში აღდგომა დღეს, ზუსტად 17 საათზე ვარდება.
ამჯერად “ნაციონალები” სხვა მხრივაც “დაგვამახსოვრებენ” თავს _ ზეიმი მთელ დღეს გაგრძელდება. გამარჯვებულს ლევან ვარდოსანიძის მიერ დამზადებული ლელობურთელის ქანდაკება გადაეცემა, გულშემატკივრებს კი თათა ვარდანაშვილის ატელიეში შეკერილ მაისურებს ჩააცმევენ, წარწერებით _ “ქვემო შუხუთი”, “ზემო შუხუთი”. თუ გავითვალისწინებთ, რომ საყურებლად ათასობით ადამიანი მოდის, მთავრობას გვარიანი ხარჯი მოუწევს, თუ საამისოდ რომელიმე ბიზნესმენი არ “დააწიოკეს”.
როგორც ცნობილია, ლელოზე გოგა ხაჩიძის გარდა, რეგიონის ექს-გუბერნატორი და ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი უცილობლად ჩამოვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონი რამაზი პიარტექნოლოგიებს მაღალ დონეზე ფლობს, ხაჩიძესთან ერთად, დიდია ალბათობა, ისიც ლელოს “გორგალოსანში” მოექცეს. ასევე, ელოდებიან ლანჩხუთური ფესვების მქონე ჯანდაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს, განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს. ელიან სხვა მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის, ვანო მერაბიშვილს.
შუხუთში ისეთი სამზადისია, არც ის არის გამორიცხული, მინისტრებს თვით სააკაშვილი და გილაურიც “დაადგნენ თავზე”. ჩვენი წყარო ამბობს, რომ “პირველს” მოელიან, თუმცა, ამის შესახებ ადგილობრივ დონეზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მაგრამ, “სახელისუფლო საპიარო მზერა” რომ შუხუთისკენაა მომართული, აშკარაა!
ყოფილი შევარდნაძისტები, დღეს “ნაციონალებად” წოდებული ხელისუფალნი, მართალია, ედუარდ შევარდნაძეს აბრალებენ “ქვეყნის დაქცევას”, მაგრამ ერთი მომენტი მაინც უნდა აღვნიშნოთ: ლელოს დიდი მოტრფიალე გახლდათ ყოფილი პრეზიდენტის ძმა _ ევგრაფი. “ატეკის” დირექტორის რანგში, იგი მძღოლებს 20-20 ძლიერი მამაკაცის გამოყვანას ავალებდა. ისეც მომხდარა, წაგებული ლელოს ბედი, შევარდნაძეს, ბოლო წუთებში, მრავალრიცხოვანი ლელობურთელების დამატებით ქვემოურების სასარგებლოდ შემოუტრიალებია. დღემდე არსებულ უპირატესობას, რომელიც ქვემოურებს აქვთ, სწორედ მის დამსახურებად თვლიან.