(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტადიონის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია 5 მაისს დაიწყო. სამუშაოების მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ ჟურნალისტებთან ერთად მოინახულა.
გია ტაკიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ დღეს დაიწყო მუნიციპალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტირება გუბერნიისა და საქართველოს ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. შესაბამისად, დაფინანსებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოყო. სტადიონს სრული რეკონსტრუქცია უტარდება. ფედერაციის მიერ გამოიგზავნა ტექნიკა, რომელიც მუშაობს და მინდორს მოაწესრიგებს. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ითვალისწინებს ტრიბუნების კეთილმოწყობას, რომელიც მთლიანად თანამედროვე ტიპის იქნება. ასევე, კეთილმოეწყობა ფეხბურთელების გასახდელები, მსაჯთა ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და სასტუმრო ფეხბურთელებისთვის. დაგეგმილია ტაბლოს და სტადიონის მთლიანი იერსახის, ინტერიერისა და ექსტერიერის შეცვლა. დამხმარე და სათადარიგო მინისტადიონების მოწყობა, სადაც გუნდი ივარჯიშებს.
_ რამდენი ლარია გამოყოფილი სარემონტო სამუშაოებისთვის და დაახლოებით, რა დროში დასრულდება რეკონსტრუქცია?
_ ჩვენი ვარაუდით, პირველი რიგი სამუშაოები, დაახლოებით, შემოდგომაზე დამთავრდება, დანარჩენი, ალბათ, _ მომავალ წელს. რაც შეეხება თანხებს, ამ ეტაპზე მის რაოდენობას ვერ დავასახელებ, რადგან ეს არის ფედერაციის მიერ მიზნობრივად მიმართული და ეტაპობრივად გაწერილი ფული. მალე გვექნება სრული ინფორმაცია და ხარჯთაღრიცხვაც. ჯერ სამშენებლო ორგანიზაციაც არ არის შერჩეული. მშენებლობა დაიწყო ფედერაციამ თავისი ძალებითა და რესურსებით, რაც არის იმისკენ მიმართული, რომ გუნდმა მეტი მოინდომოს და უფრო მაღალ შედეგებს მიაღწიოს. ჩვენი მიზანია, “მერცხალმა” უმაღლეს ლიგაში ითამაშოს, ჩვენს რეგიონს კი კარგი ცენტრი ექნება, რომელიც, ალბათ, დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი სანიმუშო იქნება ყველანა ატრიბუტით.
ხარიტონ ჩხატარაშვილი, ოზურგეთის კლუბ “მერცხალის” პრეზიდენტი: _ 1967 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს დადებითად იმოქმედებს გუნდის წარმატებაზე. კლუბი გაივლის საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნებს და იმედი მაქვს, მომავალში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. სტადიონის მშენებლობის ინიციატივა ეკუთვნის ზვიად სიჭინავას, აფინანსებს ფედერაცია, ხოლო მოვლა-პატრონობა უშუალოდ დაეკისრება მუნიციპალიტეტის გამგეობას.