(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ხუთშაბათს, “სახალხო კრების” ლანჩხუთის ოფისში გია გურგენაძემ და მაკა კვირკველიამ პრესკონფერენცია გამართეს. “თბილისში ვიყავით, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება მომავალი აქციების შესახებ, რომელიც 21 მაისიდან დაიწყება. ლანჩხუთელები ბათუმის აქციას შევუერთდებით,” _ თქვა ოფისის ხელმძღვანელმა გია გურგენაძემ და იქვე გულწრფელად აღიარა, რომ პოლიტიკოსი არ არის, არც პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს.
“შეიძლება პოლიტიკური კუთხით გამოცდილება არ მაქვს, თუმცა, მიმაჩნია, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ ამ ხელისუფლების შეცვლას, ამიტომაც არის შექმნილი ჩვენი მოძრაობა,” _ აღნიშნა გურგენაძემ.
მანვე საკმაოდ საყურადღებო განცხადებები გააკეთა “სახალხო კრების” აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ, მაგრამ რადგან ინფორმაციის მეორე მხარესთან გადამოწმება არ მოხერხდა, დაზუსტებულ ინფორმაციას მომავალ ნომერში შემოგთავაზებთ. მაკა კვირკველიამ დიდი გაოცება გამოხატა ოპოზიციონერთა მიერ მის მიმართ გამოთქმული ფრაზების გამო: “გავვოცდი, როცა მათი კომენტარები წავიკითხე, ფაქტობრივად, ჩემს შესახებ ჩაუტარებიათ პრესკონფერენცია. ვერ ვხვდები, საიდან მოიტანეს, თითქოს პარტიამ უფლებამოსილება შემიჩერა? ეს აბსურდია! პრესკონფერენციაზე არავის დავუპატიჟებივარ და მაინც აქეთ მადანაშაულებენ _ რატომ არ მოვიდაო?!” _ განაცხადა კვირკველიამ. მაკა კვირკველიას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გასულ კვირას უსაყვედურეს, რომ იგი მათ პრესკონფერენციას არ შეუერთდა.