სულ რაღაც სამი დღით მივდივარ. ბევრი არაფერი მიმაქვს. ვიცი, რომ თითქმის მთელი დღე და ღამე ავტობუსში უნდა გავატარო. წინასწარ ვემზადები დამღლელი მგზავრობისთვის. მაფრთხილებენ, რომ რთული გზა მელის. თბილისში უკვე დავრეკე და ბილეთი დავჯავშნე. “თურქი ოღლის” ავტობუსს ქობულეთში უნდა დავხვდე.
გარეთ ძალიან ცივა… წვიმს. სადგური სავსეა ხალხით.
_ სტამბულის ავტობუსს ელოდებით?
_ კი, _ მოკლედ მომიჭრა ერთმა ქალბატონმა.
_ მალე მოვა?
_ არ ვიცით, _ მპასუხობს მეორე.
ეტყობათ, რომ ლაპარაკის ხასიათზე არ არიან. უმრავლესობა ახლობლებთან საუბრით არის გართული. ჩემს ყურადღებას ახალგაზრდა წყვილი იქცევს. ჩახუტებულები დგანან.
_ 5 თვე არ გასულა მათი ქორწინებიდან და ქმარი უკვე იძულებული გახდა თურქეთში სამუშაოდ წასულიყო, რა ქნან? ოჯახს რჩენა უნდა, _ სიტუაციის ახსნას შეეცადა, სავარაუდოდ, ბიჭის დედა.
წვიმა გაძლიერდა, ავტობუსი თითქმის ერთი საათით აგვიანებს. მომლოდინეებს მოუსვენრობა დაეტყოთ:
_ რა უპასუხისმგებლობაა, ამდენი ხნით დაგვიანება გაგონილა! _ ბრაზობს ერთი.
_ სხვა დროსაც ასე აკეთებს. მაგათ სხვა სულ არ ადარდებთ, _ მხარი აუბა მეორემ.
5 წლის გოგონა დედას არ სცილდება. დედა შიშობს, რომ შვილი გაუცივდება, თუმცა მისი სახლში გაშვებაც ენანება. იცის _ სამი თვე ვეღარ ნახავს. ლოდინი უსაშველოდ იწელება, თუმცა გამგზავრებას, თითქოს, არავინ ჩქარობს. ყოველი დაგვიანებული წუთი ახლობლებთან ყოფნას ახანგრძლივებს. სადგურში ყველა სკამი დაკავებულია. ერთი ქალბატონი საკუთარ ჩანთაზეა ჩამომჯდარი. მას არავინ ახლავს.
_ გამარჯობა. მარტო ხართ?
_ კი.
_ არავინ გაცილებთ?
_ არა, მარტო ვარ.
საუბარი ვერ აეწყო. მეც, ჩემს ჩანთაზე ვჯდები და ბლოკნოტში ჩანიშნულ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს, ვავლებ თვალს:
თურქეთში, უმუშევრობის მაღალი დონის გამო, დასაქმების ბაზარზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 2008 წელს თურქეთში უმუშევრობა 11.3% შეადგენდა. (შედარებისათვის: გერმანიაში ეს მაჩვენებელი 8,3%-ია, იაპონიაში კი მხოლოდ 4,5%., ხოლო საქართველოში – 16,5%.) მიგრანტებს, რომლებიც თურქეთში მუშაობას აპირებენ, მოეთხოვებათ ბინადრობისა და სამუშაო ნებართვები, თუმცა მათი აღება არც ისე იოლია. სამუშაო ნებართვის გაცემისას, მთავარი ყურადღება იმ ფაქტს ექცევა, გაუწევენ თუ არა უცხოელები ადგილობრივ მომუშავეებს კონკურენციას. ამიტომაა რომ, თურქეთში მრავალი ქართველი არალეგალურად მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად დეპორტაციის საფრთხის წინაშე დგანან, რადგან თურქეთში უკანონოდ მუშაობა დანაშაულია. ამისდა მიუხედავად, თურქეთის არაფორმალური ეკონომიკური სექტორი, დაახლოებით შრომის ბაზრის მთლიანი დასაქმების 50%-ს შეადგენს! შესაბამისად, მომუშავეთა უმრავლესობა არ იღებს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და შრომის დაცვის უზრუნველყოფას, რადგანაც არაფორმალურ სექტორში ასეთი დაცვა, უბრალოდ, ხელმიუწვდომელია. დაახლოებით სამიდან ერთი მომუშავე, ქალაქის დასახლებებში და ოთხიდან სამი მომუშავე სოფლად, არ არის რეგისტრირებული სოცუზრუნველყოფის ინსტიტუტებში. 2006 წელს თურქეთში თითქმის 52.000 არალეგალური მიგრანტი იყო დაკავებული. მიგრანტი მომუშავეები უმთავრესად კონცენტრირებულნი არიან საშინაო მომსახურების, გასართობ და სექსის სფეროში, აგრეთვე ტექსტილის, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, რესტორნებისა და საკვები პროდუქტებით მომსახურების სექტორებში.
ავტობუსი როგორც იქნა მოვიდა.
_ ჩქარა, ჩქარა, ვაგვიანებთ! _ დამტვრეული ქართულით ყვირის მძღოლი. მგზავრები ბარგს ფაცაფუცით ალაგებენ და ავტობუსში ადიან.
_ დროზე, დროზე, _ არ ცხრება მძღოლი.
_ დედა, არ წახვიდე! _ ხმამაღალი ტირის ბავშვი. მისი საცოდაობით გულდამწვარი ქალები ცრემლებს ვერ მალავენ.
_ წადი, შვილო, წადი, ეს მალე დაწყნარდება, არ ინერვიულო, _ გულამოსკვნილი ქალიშვილის დაწყნარებას ცდილობს დედა.
გოგონა ბებიას ეხუტება, დედა კი ავტობუსში უკანმოუხედავად ადის. ბავშვის ქვითინს ავტობუსის ძრავის ხმა ფარავს. ქალი წინასწარ დაჯავშნულ ადგილს იკავებს და ცდილობს ფანჯრისკენ არ მიიხედოს. ფანჯარაში კი ჩანს, როგორ იწვდენს ბავშვი დედისკენ ხელებს და თან ცდილობს ბებოს გამოექცეს. ქალი თავჩახრილი უკვე ხმამაღლა ტირის. ყველა სუნთქვაშეკრული და გაჩუმებულია, ნუგეშისცემასაც ვერავინ ბედავს.
_ ამაზე მეტი საცოდაობა რა გინდა?! დედა რომ შვილს გაჭირვების გამო მიატოვებს!… ხომ წარმოგიდგენიათ რა ჯოჯოხეთი ელის იქ ჩასულს _ ეს სცენა როგორ უნდა დაივიწყოს… _ სიჩუმეს კარგა ხნის შემდეგ არღვევს შუახნის ქალბატონი.
მგზავრები ბათუმამდე ხმას აღარ იღებენ. ყველა ცდილობს, რომ დაიძინოს.
ბათუმის პორტთან ავტობუსში კიდევ რამდენიმე ადამიანი ამოდის. წინ დიდი და გრძელი, თითქმის 24-საათიანი გზა გველის. საზღვრამდე მალე მივედით და თურქეთის სასაზღვრო პუნქტიც დროულად გადავლახეთ.
_ აბა, წავედით! _ ჩაილაპარაკა საშუალო ასაკის მამაკაცმა და ვიგრძენი, ავტობუსში უჩვეულო გარემომ დაისადგურა _ თითქოს ყველას ერთიმეორის უსიტყვოდ გვესმოდა, თითქოს ერთი ოჯახის წევრები გავხდით.
_ აქ ასეა. ყველას ერთი დარდი და ტკივილი გვაქვს, შვილო. სამუშაოა განსხვავებული, თორემ თურქეთში ყველანი მონებად მივდივართ, _ ამბობს თმაჭაღარა ქალბატონი ჩემ გვერდით.
_ ასეთი ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ ვინ გაგიმეტა, შვილო?! _ დედობრივი მზრუნველი ხმით მკითხა.
_ სამუშაოდ არ მივდივარ. ჟურნალისტი ვარ და სტატია უნდა მოვამზადო იმ ქართველებზე, რომლებიც თურქეთში მუშაობენ. განსაკუთრებით კი გურულების იქაური ყოფა მაინტერესებს. თუ იცით, ბევრი გურული მუშაობს თურქეთში?
_ ბევრი??? _ შეიცხადა, _ ნახევარი გურია თურქეთშია ლუკმაპურის საშოვნელად, ჩემო კარგო. მეც გურული ვარ, ლანჩხუთიდან. ხო, მართლა, არც კი გაგეცანი, თამარი მქვია.
_ რა გვარის ბრძანდებით?
_ უი, გაზეთში უნდა დაწერო?
_ წინააღმდეგი თუ არ ხართ…
_ არა, მაგრამ… ჩემმა შვილმა რომ გაიგოს, მეშინია არ გაბრაზდეს _ ამ ხნის ქალი რამ გადაგრიაო; თან, ხომ იცით ქართველების ამბავი _ ძალიან ამაყი და უცნაური ხალხი ვართ. სამშობლოში იმასაც ვერ ვიტანთ, რომ ვინმემ ზემოდან შემოგვხედოს, იქ კი იმდენ დამცირებას ვუძლებთ…. 54 წლის ქალი ვარ, ლანჩხუთში ბევრი მიცნობს… ამიტომ, მირჩევნია, რომ ჩემი ქალიშვილობის გვარი, რომლითაც ნახევარი საუკუნე გადავაგორე არ გითხრა. ქმრის გვარს გეტყვი, _ ჩხაიძე, მაგით ბევრი არ მიცნობს.
თამარ ჩხაიძემ სახლში მეუღლე, მოხუცებული დედამთილი, შვილი, რძალი და შვილიშვილები დატოვა:
_ მეც და ჩემი მეუღლეც მთელი ცხოვრება ვმუშაობდით. მერე კანონი შემოიღეს, ბებრები არ გვინდაო და ჩვენც უმუშევართა გრძელ სიაში ჩავეწერეთ. ჩემს შვილს ისედაც არ უმუშავია არასოდეს და ამ გაჭირვების დროს სამსახურს ვინ დააწყებინებდა?! რაიკავშირის მეწილეები ვიყავით და კარგი შემოსავალიც გვქონდა, მაგრამ რაც ეს მთავრობა მოვიდა, ხალხს ყველაფერი წაართვეს. ჩვენი ქონება სახელმწიფოსთვის გვაჩუქებინეს. ერთ მშვენიერ დღეს დაგვიბარა პროკურორმა და გვითხრა,: თქვენი კუთვნილი წილი სახელმწიფოს გადაეცითო. ვინ ამოიღებდა ხმას? დავრჩით ასე _ უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე. ჩემს ოჯახში ერთადერთი შემოსავალი დედამთილის 90-ლარიანი პენსია იყო. ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი მეზობელი კარგა ხანია თურქეთში მუშაობს და ჩემ რძალს შესთავაზა წაყვანა, მაგრამ არ დავანებე: 7 და 9 წლის ბავშვებს დედას ვერ წავართმევდი! ამიტომ, მე გადავწყვიტე წამოსვლა. პირველი ჩამოსვლა ძალიან გამიჭირდა. მართალია, მეზობელი მეხმარებოდა, მაგრამ მაინც რთული იყო უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში. ამას ისიც დაემატა, რომ ენა არ ვიცოდი. 10 დღე სამსახური ვერ ვიშოვე. ამ დროის განმავლობაში ე.წ. ოფისში ვიყავი, რომლის უფროსიც ქართველი ქალია. ასეთი ოფისები იქ ბევრია _ აქედან ჩასულ ქართველებს ასაქმებენ და სანაცვლოდ, პირველი თვის ხელფასის ნახევარს იღებენ. თუ ისე მოხდა, რომ ჩასვლისთანავე სამსახური ვერ დაიწყე, ოფისში ცხოვრების ყოველ დღეს 20 ლირად ანგარიშობენ და ამ თანხასაც პირველი ხელფასის აღებისთანავე გართმევენ. ის ათი დღე, რომელიც თურქეთში უმუშევრად გავატარე, საშინელება იყო. რამდენიმე ადგილზე ვიყავით. ზოგს ჩემი ასაკი არ მოეწონა, ზოგმა _ ენის უცოდინარობა დამიწუნა. ერთმა ქალბატონმა სამსახურში არაყვანის მიზეზად ჩემი თვალები დაასახელა _ ცუდი ფერის თვალები აქვს და არ მომწონსო. მეთერთმეტე დღეს ერთ დიდ ვილაში მიმიყვანეს სტამბულის გარეუბანში. იქ ჯერ დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, თუმცა ერთხელ ისე მოხდა, რომ მათი მზარეული ავად გახდა და კერძის გაკეთება მე მომიწია. მოეწონათ და უკვე წელიწადნახევარია იმ ოჯახში მზარეულად ვმუშაობ. როცა მეპატრონის შვილს კერძი არ მოეწონება, ყვირის. რამდენჯერმე საჭმლით სავსე თეფში მესროლა კიდეც. 21 წლის განებივრებული, დედისერთა გოგოა, შენიშვნას არავინ აძლევს. რამდენჯერმე დავაპირე წამოსვლა, მაგრამ ჩემები გამახსენდნენ _ ჩემს გამოგზავნილ თითოეულ თეთრს მოუთმენლად რომ ელიან…
ჩემს წინ ის ახალგაზრდა ქალი ზის, რომელმაც ქობულეთში, სადგურში, ატირებული შვილი დატოვა. თვალები ჯერ ისევ ცრემლიანი აქვს..
_ ნინო მქვია, _ თავად იწყებს საუბარს, _ უკვე მეორედ მოვდივარ თურქეთში. ეს ცხოვრება არ არის! საკუთარი შვილი საკუთარი ხელით მოვიგლიჯე მკერდიდან, _ მითხრა და ისევ ხმამაღლა ატირდა.
ნინო ცხომელიძე 31 წლისაა. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცხოვრობს. პროფესიით ფილოლოგმა საკუთარ სამშობლოში სამუშაო ვერ იპოვა და ახლა, თურქეთში, ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს.
25 წლის გათხოვდა. 3 წელიწადში ქმარი უმუშევარი დარჩა. უსამსახურობას დალევა, ჩხუბი, გაღიზიანება, ცოლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ერთხელ საქმე იქამდეც მივიდა, რომ მეზობლებმა დასახმარებლად პატრული გამოიძახეს.
_ ოჯახის დანგრევა არ მინდოდა, _ ამბობს ნინო, _ მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა და გადავწყვიტე, შვილთან ერთად სახლში დავბრუნებულიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ ძმამ ცოლი მოიყვანა, ჩემი და ჩემი შვილის იქ ყოფნა მე თვითონ მაწუხებდა, მერიდებოდა… გადავწყვიტე სამსახური მეშოვა და ჩემ პატარასთან ერთად სხვაგან გადავსულიყავი.
სამსახური ოზურგეთში ვერ იპოვა. დღე დღეს მიჰყვებოდა, თვე _ თვეს და სახლში ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ბოლოს თურქეთში წასვლა გადაწყვიტა.
_ თავიდან სახლში წინააღმდეგობა გამიწიეს, განათხოვარი ქალის თურქეთში წასვლა ისირცხვილეს, მაგრამ შემდეგ ფულის გამოგზავნის პერსპექტივამ ყველაფერი გადაწონა.
თურქეთში სამუშაოს მოძებნა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ჯერ ფეხსაცმლის ქარხანაში მუშაობდა, მერე რესტორანში, სასტუმროში. ყველა ადგილი ერთი და იმავე მიზეზის გამო დატოვა.
_ თურქი კაცები ქართველ ქალებს გასაქანს არ აძლევენ. ერთხელ, სასტუმროში რომ ვმუშაობდი დალაგებისას, სართულის მორიგემ შემამჩნია. ოთახში შემომივარდა. საბედნიეროდ, ოთახის პატრონმა მოგვისწრო და გადამარჩინა. ამას ისიც ემატება, რომ ქუჩაში ვერ გამოვდივარ. ერთხელ გამოვედი და ჟანდარმმა დამიჭირა. დეპორტი რომ არ ჩაერტყათ და გამოვეშვი, ერთი თვის ხელფასი მივეცი. მას შემდეგ, გარეთ გამოსვლას ვერიდები. მთელი დღე ფეხზე ვდგავარ. უფროსი რომ შემოვიდეს და დამჯდარი დაგინახოს, სამსახურიდან გაგიშვებს; არ აქვს მნიშვნელობა იმ წამს გაქვს, თუ არა გასარეცხი…
ეს ტკივილიანი ისტორიები საშინლად მთრგუნავს და ისევ ჩემს ბლოკნოტს ვუბრუნდები:
თურქ დამქირავებლებს, რომლებიც უცხოელებს სამუშაო ნებართვის გარეშე იყვანენ, ეკისრებათ მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმები: 5 000 თურქული ლირა (2 500 ევრო) ნებართვის გარეშე მომუშავე თითოეულ პირზე, ხოლო თავად მომუშავეს _ 500 თურქული ლირა (250 ევრო). 2 000 თურქული ლირას (1000 ევრო) იხდის უნებართვოდ დამოუკიდებლად მომუშავე უცხოელი.
დაღლილობისგან და ფიქრისგან უმრავლესობა ძილსაა მიცემული. უკანა რიგში ის ქალბატონი ზის, რომელთან გამოლაპარაკებაც ჯერ კიდევ ქობულეთის ავტოსადგურში ვცადე.
_ სათქმელი არაფერი მაქვს, ხომ გითხარით, მარტო ვარ…
_ თუ მარტო ხართ, თურქეთში სამუშაოდ წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
_ ჩემმა უკუღმართმა ბედმა, რომელსაც ყოველ სამ თვეში ციხის კართან მივყავარ _ შვილი მყავს ციხეში.
ქალბატონი თამილა მისი ისტორიის გაზეთის ფურცლებზე გადმოტანას დამთანხმდა, თუმცა საუბარი ცრემლების გარეშე ვერ შეძლო.
თამილა კალანდაძე 37 წლისაა. ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ქმარი 8 წლის წინ დაეღუპა.
_ ვერ გეტყვით, რომ ეკონომიურად ოდესმე მიჭირდა. პირიქით, ჩემი ოჯახი ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახად ითვლებოდა ოზურგეთში. საკუთარი მაღაზია და ყოველთვიური შემოსავალი გვქონდა. 13 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, როცა მოულოდნელად ჩემი მეუღლე გულით დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ერთადერთი შვილი ქურდობის ბრალდებით დაიჭირეს. ყველაფერი გავაკეთე მის დასახსნელად და სახლში იმ პირობით დავაბრუნე, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი. რამდენიმე თვე ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა, მალე გაირკვა რომ ჩემი “სანაქებო” შვილი ნარკომანი იყო. ნელ-ნელა გაქრა ოქროულობა, ავეჯი, ფული… გაკოტრდა მაღაზია, რომელიც მოგვიანებით გავყიდე კიდეც. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე დაიჭირეს და 4 წელი მიუსაჯეს. ერთადერთი შვილი ბედის ანაბარა ვერ მივატოვე. ოზურგეთში სამუშაო ვერ ვიშოვნე და აქ წამოვედი. მეგობრის დახმარებით ერთ სახლში მოვეწყვე. 78 წლის მოხუც, სკლეროზიან ქალს ვუვლი, რომელიც ხშირად მცემს, მაფურთხებს, ათასგვარ შეურაცხყოფას მაყენებს. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა ავიტანო, რადგან ვიცი, რომ ყოველ სამ თვეში ჩემი შვილი მოუთმენლად მელოდება.
საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ 3 თვე თურქეთში ვიზის გარეშე იცხოვრონ. ამიტომ სამუშაოდ მყოფი ქართველები სამ თვეში ერთხელ საზღვარზე გადმოდიან და მერე ისევ უკან ბრუნდებიან.
_ 9 თვეა აქ ვმუშაობ. სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა, რასაც თურქეთში მომუშავე ქართველები გრძნობენ. შეუძლებელია იმ დამცირების, შეურაცხყოფის, ლოდინისა და მონატრების გადმოცემა, რაც ყოველ დღე აქ მყოფი თითოეული ქართველის თავს ხდება, თუმცა ასეთია ცხოვრება. არავინ იცის, ბედი ვის რას უმზადებს. თავიდანვე გითხარით მარტო ვარ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ შვილი მყავს. არ ვიცი ციხიდან როგორი გამოვა, მაგრამ ის ვიცი, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვრებს და მე მისთვის მაშინ გავხდები უსარგებლო ტვირთი, როცა ფული არ მექნება. ამიტომ, ახლა ვცდილობ დანაზოგი გავაკეთო, რომ სიბერე რომელიმე მოხუცებულთა თავშესაფარში,მშვიდად გავატარო, _ ცრემლები ვერ დამალა რესპონდენტმა.
დრო მართლაც ნელა გადის… ვერ ვიძინებ და ფანჯარაში სიბნელეს მივშტერებივარ. არ სძინავს ნინოსაც, რომელიც ხშირად დაჰყურებს ტელეფონის ეკრანს, საიდანაც პატარა ანი უღიმის.
სტამბულში გამთენიისას ჩავედით. ავტოსადგურში ხალხმრავლობაა.
_ რას შვებით, როგორ ხართ? კარგად იმგზავრეთ? _ ავტობუსიდან ჩამოსულებს შემოგვეხვივნენ ქართველები. ყველას აინტერესებს “შინაურული” ამბები. არა აქვს მნიშვნელობა იცნობენ თუ არა ერთმანეთს _ თურქეთში ყველა ქართველი ერთმანეთის ახლობელი და გულშემატკივარია. ერთ-ერთი მგზავრი ვიღაცას გამალებით ეძებს: _ მეზობელი უნდა დამხვედროდა, მეუღლემ ტყემალი და ჩურჩხელები გამოუგზავნა. ასეთი ნობათები საქართველოდან ბევრი ჩამოიტანეს _ ზოგს _ თაფლი, ზოგს _ არაყი, ზოგს ჩვენებური მწვანილი გამოუგზავნეს.
_ რომ გაიგო რას ვგრძნობთ, ეს უნდა გამოსცადო. ძნელია, როცა ასე შორს ხარ, ძნელია როცა ოჯახი გენატრება. შენი ეზოს ერთი ფოთოლიც კი გულს გიხარებს. ერთადერთი, რასაც ჩემი ოჯახის წევრებს ვთხოვ ის არის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე სახლიდან რამე გამომიგზავნონ. არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება. მთავარია, სახლის იყოს, _ მიხსნის ქალბატონი თამარი და თან წუხს: _ მარტო გზას როგორ გაიგნებ, შვილო…
ვამშვიდებ, რომ მარტო არ ვარ, მეც ახლობელი უნდა დამხვდეს და მეგზურობა გამიწიოს, თუმცა, როგორც ჩანს იგვიანებს…
იქვე, ბორდიურზე ახალგაზრდა ბიჭი ზის. იერზე ეტყობა, რომ ჩვენებურია. დროს არ ვკარგავ, ისიც საუბარზე მთანხმდება და თავის ისტორიას გულახდილად მიყვება:
25 წლის რომან კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნიდანაა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, საკუთარ რაიონში სამუშაო ვერსად ნახა. როგორც ამბობს, ამაში დიდი წვლილი მისმა პარტიულმა კუთვნილებამ ითამაშა. მომავლის ასაწყობად და ოჯახის დასახმარებლად თურქეთში პირველად, მეგობრებთან ერთად, გასულ წელს წავიდა:
_ ჩვენი სამუშაო ქალაქ ოპში იყო. იქ სოფლის მეურნეობაა განვითარებული _ ჩაი, კივი, თხილი, იქ მდიდარი მემამულეები ცხოვრობენ. მე და ჩემი მეგობრები ჩაის დატვირთვაზე ვმუშაობდით. 1 მანქანაზე 5 ტონა ჩაი 5 კაცს უნდა დაგვეტვირთა. იმ მამულში, სადაც მე ვიყავი, დაახლოებით, 50 ქართველი მუშახელი ჰყავდათ. მათი უმეტესობა გურული იყო, ძირითადად ოზურგეთელები. 5-5-კაციან ბრიგადებად ვიყავით დაყოფილი. დღეში 7-8 მანქანას ვტვირთავდით. 1 ტონა ჩაის დატვირთვაში 6 ლირას გვიხდიდნენ, ანუ, ჩვენს ფულზე 7 ლარს და 20 თეთრს. ვმუშაობდით დღის და ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში. ხშირად ყოფილა, მანქანა შუაღამეს მოუყვანიათ და თურქ ზედამხედველს საწოლიდან ისე წამოვუყრივართ, რომ ტანსაცმელს გზაში ვიცმევდით. მათთვის ჩვენ მონები ვარ, რომლებსაც მხოლოდ მუშაობის უფლება აქვთ და რომლებსაც მხოლოდ ღამის გასათევს აძლევენ. თუმცა იმ ღამის გასათევში, რომელსაც სახლს ეძახდნენ, აუტანელი პირობები იყო. ყოველ გაწვიმებაზე ოთახი წყლით ივსებოდა. მიუხედავად ამისა, ყველა თავდაუზოგავად მუშაობდა, რადგან, რაც მეტს მუშაობ, მით მეტ თანხას ჩამოიტან სახლში, _ გვითხრა რომანმა.
_ კვება ნორმალური იყო?
_ საჭმელს მხოლოდ იმათ აძლევდნენ, ვინც ჩაის კრეფაზე იყო. ისინი დღეში ორჯერ მიჰყავდათ სასადილოში და იქ ასადილებენ. ჩვენ საჭმელი ჩვენი ფულით უნდა გვეყიდა.
_ თვეში რა თანხის გამომუშავება შეგეძლო?
_ გააჩნია თვეს, იყო შემთხვევები, როცა რომელიმე ბრიგადა ვერ ან არ მუშაობდა და ჩვენ ჩავანაცვლეთ. ასეთ დროს, ცხადია, ანაზღაურებაც მეტი გამოდის. ისე, 600 ლარიდან 800 ლარამდეა. მაქსიმუმი _ 1000 ლარი.
მისივე თქმით, ეს სამუშაო სეზონურია, მაისიდან _ სექტემბრამდე. ამჯერად კი თურქეთში ტყუილად ჩამოვიდა _ სამუშაო ვერ იპოვა.
_ ახლა სახლში ვბრუნდები და მაისში ისევ ჩამოვალ. ამ დროს, ოპში ქართველებს ყოველთვის სიამოვნებით იღებენ, რადგან ჩვენსავით იაფად სხვა ეროვნების ადამიანი იმ პირობებში არ უჩერდებათ, _ დასძინა რესპონდენტმა…
სამუშაო რომ ლეგალურად იშოვო, შეგიძლია თურქეთის დასაქმების ბიუროს (ISKUR) მიმართო, მაგრამ მისი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის: უცხოელებს, რომლებიც ჩადიან თურქეთში სამუშაო ნებართვის გარეშე, არ აქვთ უფლება თურქეთის დასაქმების ბიუროს მიმართონ. რაც შეეხება კერძო დასაქმების სააგენტოებს, მათ თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, მუშაობისთვის ლიცენზია სჭირდებათ. თანაც, კერძო დასაქმების სააგენტოებს უფლება არ აქვთ მომუშავეებს რაიმე გადასახადი დააკისრონ. ISKUR-ის ინფორმაციით თანახმად, ამ კანონს არ ექვემდებარებიან შემდეგი პროფესიების წარმომადგენლები: პროფესიონალი ფეხბურთელები, გუნდის მწვრთნელები, მოდელები, ფოტომოდელები, ხელოვანთა ჯგუფები, გენერალური დირექტორატები. ამიტომ, ქართველებს უხდებათ მიმართონ არალიცენზირებულ, არალეგალურ სააგენტოებს, რომლებიც პირველი ხელფასის აღების უფლებას იძენენ. ამასთან, ყოველი უსამსახურო დღის ხარჯებსაც იღებენ.
არის თუ არა შესაძლებელი, თურქეთში სამუშაოს საძებნელად ჩასულმა ქართველმა მუშახელმა კანონი არ დაარღვიოს? პროცედურის სირთულიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია. თურქეთში მუშაობის მსურველებმა სამუშაო ნებართვა თურქეთში გამგზავრებამდე უნდა მიიღონ. ამისათვის მათ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს უნდა მიმართონ. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სამუშაო შემოთავაზება თურქი დამქირავებლისგან. საკონსულო განცხადებას სამუშაო ნებართვის შესახებ შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროში (MLSS) გადააგზავნის, რომელიც განცხადებებს მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში განიხილავს და დაადგენს, გასცეს თუ არ სამუშაო ნებართვა. ეს კი იმაზეა დამოკიდებული თუ რა მდგომარეობაა მიმდინარე შრომის ბაზარზე. ამასთანავე, თურქეთში მყოფ უცხოელებს სჭირდებათ ბინადრობის ნებართვაც, რომელიც ცალკე გაიცემა. სამუშაო ნებართვას ერთწლიანი ვადა აქვს, თუმცა შესაძლებელია მისი სამ წლამდე გაგრძელება იმ პირობით, თუ მომუშავე პირი ერთი და იმავე სამუშაო ადგილზე მუშაობს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ვადის გაგრძელება ექვს წლამდე იმავე პირობით. თითოეული სამუშაო ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დამსაქმებელზე. სხვა დამქირავებელთან ახალი კონტრაქტის დადების შემთხვევაში, სამუშაო ნებართვა საჭიროებს განახლებას. უცხოელმა პირებმა უნდა გაუგზავნონ შეტყობინება შრომის სამინისტროს სამუშაოს დაწყების ან შეწყვეტის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში. ყველა უცხოელს მოეთხოვება შეატყობინოს შრომის სამინისტროს დასაქმების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ (ვადები, ა.შ.)…
რომანის ავტობუსი რამდენიმე წუთში გავა. ჩემი მეგზურიც მოვიდა.
_ მაპატიე, რომ დავიგვიანე, პატრონმა არ გამომიშვა.
_ პატრონმა?! _ აშკარად ვერ დავმალე გაოცება.
_ ხო, რატომ გაგიკვირდა?! აქ ყველა ასე ეძახის თავის უფროსს. აქ ხომ ისინი მბრძანებლობენ, ჩვენ კი ჩვენ თავს არ ვეკუთვნით…
გზამ დამღალა. თურქეთში მყოფი გურულების ნახვა მეორე დღისთვის გადავდე. თან კვირადღე უწევს… როგორც მითხრეს, ამ დღეს თითქმის ყველა და ყველაფერი ისვენებს. იქაურები სტამბულის ქუჩებში ან ქალაქგარეთ დასასვენებლად, დროის გასატარებლად გადიან. გურულები კი, ერთ სახლში იკრიბებიან, რომელსაც “ოდას” ეძახიან. ოდაზე ჩემი სახლი გამახსენდა. უკვე მომენატრა იქაურობა…
This publication has been produced with the assistance 0f the European Union. The contents of this publication are the sole responsibility of Nato Gogelia and can in no way be taken to reflect the views of the European Union.
ეს პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ნატო გოგელია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ევრო კავშირის შეხედულებების გამხმოვანებელი.