ასევე ჰყვებიან, რას ნიშნავს მათთვის 9 მაისი და რა განცდები თუ ემოციები ახლავს ამ დღეს.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში გური თენიეშვილი ამბობს, სამამულო ომში საკუთარი ინიციატივით წავიდა: “მაშინ არაფერზე ვფიქრობდი, გარდა გამარჯვებისა. შიში არ მქონია. დედაჩემს ვუთხარი, სანამ არ გავიმარჯვებთ, უკან არ დავბრუნდები-მეთქი და გავყევი მატარებელს. ნაწილში თავდაპირველად არ მიმიღეს, რადგან სკოლა არ მქონდა დამთავრებული, მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი. შემდეგ ხუდადოვი მოვიდა და თქვა, წაიყვანეთ ეს ბავშვი ომშიო. ასე წავედი და არ დავბრუნებულვარ საქართველოში 6 წელი და 4 თვე. ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს ვეტერანებს, სათანადოდ უნდა აფასებდეს ომის მონაწილეებს”, _ გვითხრა გური თენიეშვილმა.
პოლკოვნიკი გივი მამალაძე არმიაში 40 წელი მსახურობდა. 10 წლის იყო, ომი რომ დაიწყო: “რადიომ გამოაცხადა, რომ ყველა უნდა გამოცხადებულიყო კომისარიატში, იყვნენ მოხალისეებიც, ყველა შემართებით მიდიოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება მაინც არ აფასებს ომის მონაწილეებს. 41 სახის შეღავათი ჰქონდათ ვეტერანებს და აქედან, 2 დატოვეს _ დენის და გაზის გადასახადზე. ომის მონაწილეებს მაღალი პენსია და სამედიცინო დაცვა უნდა ჰქონდეთ. 2 წელია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა საკითხი, რომ მაღალი პენსია ეკუთვნით ვეტერანებს, მაგრამ პრეზიდენტმა ეს საკითხი გვერდზე გადადო. მე ჩვენს ქვეყანას ათეული წლების განმავლობაში ვემსახურე, თუმცა დაზღვევაც კი არ მაქვს”, _ გვიყვება გივი მამალაძე.
“42 წელში გამიწვიეს ომში. დავიჭერი და 8 თვე ვმკურნალობდი, რის შემდეგაც, ისევ ფრონტზე გამგზავნეს, მეორედაც დავიჭერი, ლენინგრადში მიმკურნალეს. ამის შემდეგ, კავშირგაბმულობაში ვიყავი და ბევრი ინფორმაცია ჩემთან მოდიოდა. სამშობლოში 1948 წლის მაისში დავბრუნდი. 55 წელი სკოლაში ვიმუშავე. მხოლოდ სამშობლოს დაცვაზე ვფიქრობდი, ბრძოლის არ შემშინებია. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია მოახდინა. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ აფასებს ჩვენს დამსახურებას. ალბათ, არ გვეკუთვნის… მეტს არაფერს ვამბობ,” _ გვითხრა 88 წლის შოთა ძველაიამ.
ზინა გვაზავა-ბედინეიშვილი სტალინგრადის ტერიტორიაზე ოთხი წელი და ექვსი თვე იმყოფებოდა. როგორც თვითონ ამბობს, დაიჭრა, მკურნალობდა და 2 თვის შემდეგ, ისევ ფრონტზე დაბრუნდა.
“მთელი ჩეხოსლოვაკია და უკრაინა ფეხით მოვიარე. წარმოგიდგენიათ, რა მძიმე დღეებს გავივლიდი ბომბების ქვეშ. 16 წლის ვიყავი, ომში რომ მოვკურცხლე. 1945 წლის სექტემბერში ავსტრიიდან საქართველოში დავბრუნდი. რომ გვაქცევდეს ხელისუფლება ყურადღებას (ბაქრაძის ქუჩაზე სამი ვეტერანი ვცხოვრობთ) გაზს შემოგვიყვანდა. რა დავაშავეთ ასეთი, რომ ჩვენს შესახვევში არც კი შემოუხედავთ, არავის გავხსენებივართ?! მინდა სახლში დაგპატიჟოთ და ჩემი სახლ-მუზეუმი დაგათვალიერებინოთ. ჩემი _ 5 და სხვისი 3 შვილი გავზარდე, მაგრამ არავინ აფასებს ჩვენისთანა ადამიანებს. ახლა იმათ აფასებენ, ვინც ქვეყანა გარყვნა,” _ გვითხრა აფხაზეთიდან ოზურგეთში გამოთხოვილმა, ხუთი შვილის დედამ ზინა გვაზავა-ბედინეიშვილმა.
“ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს ასეთ ადამიანებს. ომის მონაწილეების 1%-იც აღარ დარჩა ცოცხალი, შევარდნაძემ დაანგრია ეს ქვეყანა, გაყიდა სოხუმი და ახლა გრძელდება საქართველოს ნაწილ-ნაწილ გაყიდვის პროცესი. დღევანდელ დღეს ლექსი მივუძღვენი და წაკითხვის საშუალებაც არ მომცეს; ასე მითხრეს, სცენარი გაწერილიაო. სტალინზეც ვწერდი და ვინ მომცემდა მისი სახელის ხსენების საშუალებას”, _ გვითხრა გიორგი ტოტოჩავამ.
“წინა ხაზზე არ მიბრძოლია, თუმცა ბრძოლის ველი ერთი დღეც არ დამიტოვებია. 1945 წლის 9 მაისს ამოვისუნთქეთ. მაგრამ ამის შემდეგ ისევ 5 წელი ვმსახურობდი არმიაში. ძალიან რთული იყო ყველაფერი, საჭმელი არ გვქონდა და სასმელი. ჩემთვის დღევანდელი დღე დღესასწაულია. მე არ ვემდური ამ ხელისუფლებას, ზოგიერთი ოჯახს ვერ პატრონობს და ამათ ამდენი არ უნდა მოვთხოვოთ?!” _ გვითხრა 85 წლის შოთა მანჯავიძემ.
“მზარეული ვიყავი ხუთი წელი, დავიჭერი კიდეც, “ასკოლკა” მომხვდა. მე, ახლა, აქ რომ მოვუსმინე ვეტერანებს, არ არიან ჩვენი პრეზიდენტის კმაყოფილნი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ მიხეილ სააკაშვილს. მისი კუთხე მაქვს სახლში გაკეთებული. შევარდნაძის ხელისუფლების რეჟიმის მიერ გადასახლებული შვილიშვილი, ჩვენმა პრეზიდენტმა დამიბრუნა”, _ გვითხრა ტარიელ ნაცვალაძემ.
როგორც ოზურგეთის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსმა ილო ლეჟავამ გვითხრა, 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. “დღეს აღვნიშნავთ სამამულო ომში გამარჯვების 66-ე წლისთავს. მინდა, ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების _ ფაშიზმის დამარცხებაში. სამწუხაროდ, ომის მონაწილეები, ცოცხალი ძალიან ცოტანი დარჩნენ. ოზურგეთში ასეთი 118 ადამიანია. მათ შორის, 44 მძიმე მდგომარეობაშია და აქ მოსვლა არ შეუძლია. საქართველოდან ამ ომში 700 ათასი ადამიანი იბრძოდა. გურიის რეგიონიდან კი _ 8 000”.
ვეტერანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოზურგეთში, სამამულო ომში დაღუპული გმირების ობელისკთან დაიწყო, მუზეუმში გაგრძელდა და თეატრში, ადგილობრივი ძალებით გამართული კონცერტით დასრულდა. ვეტერანებმა, 50- ლარიანი ფულადი საჩუქარი მიიღეს, რისთვისაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 5 950 ლარი გამოიყო. სულ სიაში 119 ადამიანი იყო აღრიცხული.
8 და 9 მაისი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.