გურიაში ამჟამად 77 ამბულატორია ფუნქციონირებს. მედიკოსები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ხელფასების დაგვიანების მიზეზებზე მათ არავინ არაფერს ეუბნება. ეჭვობენ, რომ მათი სახელფასო თანხა სხვა რამეს მოხმარდა.
_ ნახეთ, ალბათ, სანდრა რულოვსის მოწოდება, რომ იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ყველამ აცრები უნდა ჩაიტაროს. საუბარია პოლიომელიტის ვაქცინაციაზე. ეს ახალი აცრა არ არის და თითქმის ყველა პატარას გაკეთებული აქვს. ვერ გეტყვით, რატომ გახდა ახლა ამ აცრების ჩატარება საჭირო. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ჩვენი ხელფასები სწორედ ამ ვაქცინის შეძენას მოხმარდა. წინააღმდეგობის გაწევას ვინ გაბედავდა? პირველი ლედის და შესაბამისად, სახელმწიფოს მოწოდება, უფრო სწორად, დავალება იყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ამბულატორიის ექიმმა.
_ სამწუხაროდ, ექიმები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ. მაშინ გვპირდებიან დიდ ხელფასებს, აშენებას და აყვავებას. ვინ იცის, მერამდენედ ვკითხეთ ლევან ბაიაჯანს ხელფასების დაგვიანების მიზეზის შესახებ. ამბობს, არაფერი არ ვიცი და არც ის ვიცი, როდის იქნებაო, _ გვითხრა ერთ-ერთმა ექიმმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსი, ვასილ ხომერიკი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მარტის ხელფასებს ექიმები რამდენიმე დღეში მიიღებენ:
_ მარტის სახელფასო თანხა უკვე ჩამოირიცხა. აპრილის ხელფასიც მალე ჩამოირიცხება და არავითარი პრობლემა ხელფასების გაცემაზე არ იქნება.
_ ბატონო ვასილ, როგორც გავიგეთ სოფლის ამბულატორიის ექიმებს მარტის და აპრილის ანაზღაურება მთელი საქართველოს მასშტაბით არ მიუღიათ. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს სახელფასო თანხა პოლიომელიტის ვაქცინების შეძენას მოხმარდა…
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა პროგრამას საკუთარი ბიუჯეტი აქვს და არ ყოფილა შემთხვევა, კონკრეტული პროგრამა სხვა პროგრამის თანხით დაფინანსებულიყო. შესაბამისად, ექიმების სახელფასო თანხა არაფერს მოხმარებია.
ხომერიკის მოადგილე, ლევან ბაიაჯანი აღნიშნავს რომ, ხელფასების დაგვიანება ანგარიშების ცენტრალურ ხაზინაზე გადასვლამ განაპირობა:
_ ხელფასების არდარიგება ძირითადად იმის ბრალია, რომ ანგარიშები ცენტრალურ ხაზინაზე გადავიდა. ხაზინას ახალი წესები შემოუღია და ნელ-ნელა უშვებენ თანხას. მხოლოდ სოფლის ექიმების ხელფასები დარჩა გასასტუმრებელი, დანარჩენებს ყველას ჩავურიცხეთ.
ვასილ ხომერიკის ინფორმაციით, ეს დავალიანების თანხა სოფლის ექიმებს ხელფასად არ ეთვლებათ:
_ სოფლის ამბულატორიის ექიმებს, როგორც ასეთი, ხელფასი არ აქვთ. ეს თანხა ხარჯისთვისაა გამოყოფილი. მათი ხელფასი შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება, _ ამბობს ხომერიკი.
ის, რომ სახელმწიფომ მათთვის მხოლოდ ხარჯის ფული გამოყო, ექიმებს აღიზიანებთ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ:
_ 280 ლარი მერიცხება თვის განმავლობაში. ამ თანხით პირველადი მოხმარების ყველა ნივთი და წამლები უნდა შევიძინო. იმ ფონზე, როცა აფთიაქებში ყველაფერს ცეცხლი უკიდია და პრაქტიკულად, ავადმყოფი სიკვდილისთვის არის განწირული, ეს თანხა მიზერულია. გამოდის რომ ავადმყოფს უნდა მოვთხოვოთ ფული. არადა, ადამიანს, რომელმაც ქათამი გაყიდა იმისთვის, რომ პურის ფქვილი იყიდოს, ფული როგორ უნდა გამოართვა? ჩვენი პროფესია დაუფასებელია _ თუ ავადმყოფი მოკვდა, ექიმის ბრალია, თუ გადარჩა _ ღმერთის, _ ამბობენ ექიმები.
მათივე ინფორმაციით, სოფლის ამბულატორიების ექიმებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ამბულატორიებისთვის სურათების გადაღება, დაბეჭდვა და სამინისტროში გაგზავნა მოსთხოვეს, რისთვისაც მხოლოდ ერთი კვირა მისცეს:
_ გვირეკავენ და გვეუბნებიან, ამბულატორიის ორი ფოტო მოგვიტანეთ სასწრაფოდო. იმას არავინ გვეკითხება, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს. ფოტოაპარატები არ გვაქვს. ტელეფონით გადაიღეთო, გვითხრეს, მაგრამ ბევრ ექიმს არც ფოტოკამერიანი ტელეფონი აქვს. ჩოხატაურიდან რომ ფოტოგრაფს წაიყვან სურებში, ზოტში, ქვაბღაში ან სხვა ნებისმიერ სოფელში, თანხა უნდა გადაუხადო, დაბეჭდვაც საკმაოდ ძვირი ღირს. ისიც სათქმელია, რომ ჩოხატაურში არც ერთ დაწესებულებაში ტელეფონიდან ფოტოებს არ ბეჭდავენ. გამოდის, რომ ოზურგეთში უნდა ჩავიდეთ. არადა, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელი ექიმები.
რატომ გახდა საჭირო ამბულატორიის სურათების სამინისტროში გაგზავნა, დაზუსტებით არც ლევან ბაიაჯანმა იცის:
_ სამინისტრო ითხოვს. ალბათ, მდგომარეობის შესწავლა უნდათ. ვერაფერს გეტყვით.
_ ბატონო ლევან, ფოტოების თანხას ვინ იხდის?
_ ექიმები იხდიან. რა თანხა ეგ არის? მხოლოდ ორი სურათი უნდა გააგზავნონ. გადაიღონ ტელეფონით და ერთი სურათის ამობეჭდვა 50 თეთრი დაუჯდებათ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, სამინისტროს უბნის ექიმის პროგრამის გადახედვას აპირებს. როგორც წყარომ გვითხრა, სოფლის ამბულატორიების შენახვა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და ამიტომ, არ არის გამორიცხული, ეს პროგრამა გაუქმდეს ან პროფილი შეიცვალოს.