_ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, წიხლებით სცემს, წაართვეს ფოტო და აუდიო ტექნიკა, პირადობის და ჟურნალისტის მოწმობა, ფული, ხელიდან წააძრეს ოქროს ბეჭედი, დაუზიანეს პროფესიონალური ფოტოკამერა, რომელიც სახმარად უვარგისი გახდა; ასევე, წაართვეს მაღალი ხარისხის პირადი მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი, ფოტოკამერის მეხსიერების ამოღებისა და დამტვრევის შემდეგ, ცდილობდა, მიმდინარე მოვლენები გადაეღო.
ასევე, დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები. სამართალდამცველები მათ აკავებდნენ, სცემდნენ, აგინებდნენ, ართმევდნენ ვიდეო, აუდიო და ფოტოკამერებს.
როგორც”გურია ნიუსს” “მედიაკლუბის” წევრმა ნინო ზურიაშვილმა უთხრა, ის, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაიდინა, სამარცხვინო იყო: “თითქმის ყველა ჟურნალისტი, ვინც აშუქებდა მიტინგს, ჰყვება როგორ სასტიკად სცემდნენ, ართმევდნენ და უმტვრევდნენ კამერებს. ხელისუფლებამ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია იმისთვის, რომ რუსთაველის ქუჩა გაეწმინდა და აღლუმი ჩაეტარებინა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, მან გული მოიოხა რიგით მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც კარგად იმუშავეს და სათანადოდ აჩვენეს სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენების ფაქტები. ვფიქრობ, რომ ყველა დაზარალებულმა ჟურნალისტმა უნდა უჩივლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოსთხოვოს ზიანის (წართმეულ ტექნიკას ვგულისხმობ) ანაზღაურება. მე დავაყენებ ამ საკითხს მედიაკოალიციაში, რომ მხარი დავუჭიროთ მათ, რათა დაიბრუნონ თავისი კამერები,” _ თქვა ნინო ზურიაშვილმა.
საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თეონა აქუბარდია გმობს იმ ძალადობას, რაც აქციის დარბევის დროს გახორციელდა:”განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის, მათთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, აპარატურის ჩამორთმევის და მეტიც, დაკავების ფაქტები. ვფიქრობ, ამ ფაქტს ადეკვატური შეფასება უნდა მისცეს, როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე თავად მედიაში მომუშავე ადამიანებმაც. გამოკვეთილად იგრძნობოდა აგრესია ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით კი ბეჭდური და ინტერნეტ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების, რომელსაც ვიდეო კამერა არ ეჭირათ ხელში. ალბათ, სახალხო დამცველი დაინტერესდება ამ ფაქტებით და შესაბამის რეაგირებას მოახდენს”, _ თქვა”გურია ნიუსთან” საუბარში თეონა აქუბარდიამ.
„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია”, _ ამის შესახებ განცხადება”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და”საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” გააკეთეს.
ისინი მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები.
როგორც”გურია ნიუსს” ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ უთხრა, “სამართალდამცავების მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და არაპროპორციულ გამოყენებას. ამის დამადასტურებელი არა ერთი დოკუმენტია, მათ შორის უკვე გახმაურებული ვიდეოკადრი, სადაც 4 სპეცრაზმელი უმოწყალოდ სცემს უიარაღო ახალგაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ის ნებდება. ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესია, მათი დაკავება, დამტვრეული ან წართმეული ფოტოკამერები _ ეს ყველაფერი უტყუარი ფაქტებია, რაც ასახავს ძალის გადამეტებას”.
უფლებადამცველი დაჩი ცაგურია ჩვენთან საუბარში მომხდარს საკუთარი ხალხის ანგარიშსწორებად აფასებს:”ღირდა ეს აღლუმი ამად? ღირდა, თუნდაც პოლიციელის სიცოცხლის ფასად? ეს იყო ანგარიშსწორება საკუთარ ხალხზე! ნინო ბურჯანაძეს, რაც არ უნდა ეთქვა, ასე უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება? უამრავი დაშავებულ. მძიმე დაზიანებებით, ანგარიშსწორება, ხელებშეკრული, ძირს დავარდნილი და დაკავებული ადამიანების უმოწყალოდ ცემა, შემდეგ კი მუხათგვერდის სასაფლაოზე დატოვება _ ეს შეიძლება სახელმწიფოს ნამოქმედარი იყოს? ხელისუფლება ასე უნდა მოქცეულიყო? არ ვარ ბურჯანაძის მხარდამჭერი და არც ამ აქციებზე მივსულვარ. მაგრამ მომხდარს ვგმობ”, _ გვითხრა ცაგურიამ.