_ იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა კადრებს, თუ როგორ უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები ალყაშემორტყმულ მომიტინგეებს. სპეცრაზმელების გაღიზიანება გამოიწვია კადრების გადაღებამ, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა 4-5 “სამართალდამცავი” წაქცეულ მომიტინგეს, რომელიც ცდილობდა გაქცევით ეშველა თავისთვის. რამდენიმე სპეცრაზმელმა ჟურნალისტი გააკავა, ფოტოკამერიდან ამოიღეს და დაამტვრიეს მეხსიერების ბარათი, დააზიანეს კამერა; შენიშნეს რა, რომ ჟურნალისტი ამ ინციდენტის ჩაწერას წინასწარ ჩართული მობილურით ცდილობდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წიხლებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტს წაართვეს მობილური ტელეფონის აპარატი. საყურადღებოა, რომ ძვირადღირებული მობილური ტელეფონი და ჟურნალისტის მოწმობა მისთვის არ დაუბრუნებიათ, ერთ-ერთმა მათგანმა კი ჟურნალისტს თითიდან ბეჭედიც წაგლიჯა.
სამწუხაროდ, ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა – დარბევისას რამდენიმე ჟურნალისტი სცემეს, გაანადგურეს მათ მიერ მოპოვებული მასალები, აპარატურა. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ აგრესია ჟურნალისტების მიმართ, ფიზიკური ანგარიშსწორება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, უკვე სისტემატური გახდა და ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია.
“გურია ნიუსი” მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ განცხადებების გაკეთებისას, მოვლენების შეფასებისას; მივმართავთ, ასევე, ღირსებაშერჩენილ საზოგადოებას საქართველოში _ ჩვენ ქვეყანაში ჟურნალისტობა სიცოცხლისთვის საშიში პროფესია გახდა და მათ უსაფრთხოებაზე, მათი ოჯახების წინაშე პასუხისმგებლობის აღება მედიასაშუალების მფლობელების მხრიდან უფრო და უფრო ძნელი ხდება.
“გურია ნიუსის” რედაქცია უღრმეს მადლობას უხდის ჟურნალისტების ჯგუფს, რომლებმაც დარბევის ღამეს, კოლეგიალობის, სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენეს _ ჩვენთვის პატივია მათ გვერდით ყოფნა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა!