სოფლის თემში შედის ახალსოფელი, ჭანიეთური და ბაილეთი და სულ სამასამდე კომლი ცხოვრობს. ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კიღურაძის თქმით, სოფლის საარსებო წყარო თხილი, საყანე ფართობებში მოწეული სიმინდი და საკუთარი ოჯახების მცირე შემოსავალია. ადრე კი ჩაით სულდგმულობდნენ. მაჟორიტარის თქმით, ბაილეთის მოსახლეობას, სხვა დანარჩენი სოფლების მსგავსად, ძალიან უჭირს და პირველ რიგში, დასაქმების პრობლემა დგას. თუმცა, სოფელში არც თუ ისე ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია. მაჟორიტარის თქმით, დაახლოებით 20 ოჯახია ისეთი, ვისაც ძალიან უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ეკუთვნით დახმარება და ვერ იღებენ. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და თხილია. კომუნისტური დროის გიგანტი _ ჩაის ფაბრიკა, რომელიც ბაილეთის, ჯუმათისა სილაურის მარჩენალი იყო, ნაცარტუტადაა ქცეული. მათივე თქმით, ხელისუფლება აქ პატიმარ ქალთა კოლონიის აგებას გეგმავს, რასაც მაჟორიტარი არ ადასტურებს.
ბაილეთში ყოფნისას, გზად ჯუმათელი თალიკო გოგუა შეგვხვდა, რომელიც გზადაგზა ტანსაცმელს ყიდდა და თავისი გაჭირვების შესახებ შემოგვჩივლა:
_ ადრე, შრომის ორდენოსანი ვიყავი _ 20 ტონა ჩაის ვკრეფდი, შრომით ნაშოვნი ფულიც მქონდა, მტერი და მოყვარე ვიცოდი, ყველაფერს შრომით ვაღწევდი… ახლა შემხედეთ _ დაჩაჩანაკებული, ჯუმათიდან ბაილეთში გამოვდივარ ფეხით და ვყიდი გზადაგზა სახლიდან გამოტანილ ტანსაცმელს, ნივთებს. ხან თხილზე ვცვლი და ხან _ ყველზე… მერე იმას გავყიდი, აგია, ბებო, ცხოვრება? მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავიტანოთ ოჯახმა თავი, შვილიშვილი როგორ დავაპურო… თქვენ გეცოდინებათ, უნდა გკითხოთ: პოლისი მაქვს და მეშინია მაინც; ასე მეუბნებიან, არაფერში არ გშველის, მაინც ფულს გადაგახდევინებენო, მართალია?
_ ვინ გითხრათ, ფულს გადაგახდევინებთო?
_ ყველა მეუბნება. საავადმყოფოში რომ მივედი, ფული გინდაო, მითხრეს. მარტო მე კი არა, მთელ სოფელს უჭირს. სოფლის გამგებელს და მაჟორიტარს რა მოვთხოვო _ ნამეტანი კაი ახალგაზრდები არიან, მოგისმენენ, მაგრამ მერე რა?! ყანა ვერ დავთესე, რადგან პენსია წინასწარ მაქვს აღებული. სოფლის მცხოვრებლების 80% დღეს ასე ცხოვრობს. ამ ქვეყანას აწი აღარაფერი გამოასწორებს.
ხათუნა ესაძე ამბობს, რომ არ იცის, სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხა რას მოხმარდა. მის ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არასდროს მიუმართავს. სოფლის ერთ-ერთი პრობლემა უტრანსპორტობაა: მხოლოდ გამვლელი სამარშრუტო ტაქსები დადიან. ერთი სამარშრუტო ტაქსი კი, რომელიც მხოლოდ გარკვეულ დღეებში დადის, მათ უბანს არ ემსახურება: _ გვაწუხებს უმუშევრობა, დაუსაქმებელია მოსახლეობის 80% პროცენტი. აქ ფიზიკურად თუ იმუშავებს ადამიანი მიწაზე, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ფიზიკურად შრომა? ყველაზე დიდ ბედნიერებად იქცა სახლში პენსიონერის ყოლა და ვინც ამ ბედნიერებასაა მოკლებული, თხილის შემოსავლით ცდილობს ზამთრამდე მიიტანოს თავი.
71 წლის ალექსანდრე ჩხარტიშვილი თვლის, რომ გლეხი ყველასგან მივიწყებულია: _ მართალია ჩვენმა ახალმა დეპუტატმა ყანის დათესვის პრობლემა მოგვიგვარა, მაგრამ სოფლის ძირითად პრობლემას სოფელ მამათის საზღვართან, საყანე ფართობების წყლისგან წალეკვა წარმოადგენს. დაგვპირდნენ, მაგრამ თუ მდინარე დროულად არ გადააგდეს ან ჯებირი არ ამოაშენეს, ჩვენი საყანე ფართობები აღარ იარსებებს.
სოფელში იმდენი გასაჭირია, მოსმენასაც ვერ შეძლებთ; მაგალითად, კომუნალურმა მრიცხველებმა მეზობლები გადაკიდა ერთმანეთს; თვის ბოლოს ჩხუბი და წიოკია დავალიანებების გამო, შუქი როგორ უნდა გამოურთო მეზობელს?! თუ ამას მიიტანთ ხელისუფლებამდე, მადლობელი დაგრჩებით. მაინტერესებს გაზი როდის მოაღწევს ჩვენამდე? აგერ ჩადის ცენტრალური მილი. 70 წელს გადაცილებული კაცი ვარ, აწი მოვესწრები მაგას? მითუმეტეს, ჯერ საერთოდ არცაა ამაზე საუბარი… ფიზიკურად ვშრომობთ, მაგრამ ძირითადად თხილზე და პენსიაზე ვართ “ჩამოკიდებული”. სოფელში უმუშევრობაა.
_ სოფლის დახმარების პროგრამით მოსაცდელები და ხიდი გააკეთეს, სადღაც სტადიონიც გაუკეთებიათ. წელს ვესწრებოდით კრებას, მაგრამ ისეთი მწირი თანხაა გამოყოფილი, ვერანაირ პრობლემას ვერ გადაგვიჭრის, _ გვითხრა სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა.
ანგელინა დარჩიას სოფლის გასაჭირის გამო, ბევრი კითხვა დაუგროვდა არა მარტო ხელისუფლების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც: _ სიმინდი რომ ჩამეიტანეს და ვერ გაასაღეს, ბებო, იმას რა უქნეს, ნეტავ? ხომ იცით, ყანის დათესვა როგორი ძვირი ჯდება? სოფელში მოსახლე არ იყო, ვისაც სიმინდის თესლი არ ჰქონდა _ ახლა ისიც საყიდელი გაუხდა ხალხს! ამერიკული სიმინდის თესლში 75 ლარია გადასახადი, არადა, საფურაჟედ ეს არ ვარგა და საჭმელად, თქვენ წარმოიდგინეთ, საქონლისთვისაც უვარგისია!
თავის სარჩენად პირუტყვის ყოლაც ძნელია, საქონელსაც ხომ უნდა ჭამა? იმდენი ახალგაზრდაა დაუსაქმებელი, გული მოგიკვდება; არც ფიზიკური სამუშაოა და არც ისე _ სამსახურს ვერ იშოვი, თუ ნაციონალი არ ხარ ან კაცი არ გყავს ნაციონალი. “სოციალურში” მქონდა განცხადება შეტანილი და რომ მოვიდნენ შესამოწმებლად, 90 000 ქულა მომცეს! ესე იგი, რა გამოდის _ სააკაშვილზე ცოტათი უფრო ცუდად ვცხოვრობ?!! სად წაიღონ ფული არ იციან და როგორ არ შერცხვათ პარლამენტარებს 20-ლარიანი ვაუჩერი რომ აჩუქეს გაჭირვებულებს?!! 20 ლარის ჩუქება მე შემრცხვება ვინმესთვის და მაგათ არც კი შერცხვათ, თან ტელევიზიას აღებინებდნენ _ შემხედეთ რა კაცი ვარო! პენსიას მოგიმატებთო, დაგვპირდნენ; მოგვიმატეს, ვითომ?! თითონ ჭკვიანები არიან და ჩვენ აბდლები გვნახეს? სოფლის თანხებით, გააკეთეს აგი მოსაცდელები; სილაურში ორი ამხელაა გაკეთებული, აქანე იგიც არ ქნეს ნორმალურად! მოსაცდელზე სინათლე ხუთ დღეს ენთო, მერე გააქრეს. ისე, რა ხდება ახლა, არჩევნები ხომ არ მოდის _ აბა, როდის იყო სოფელში ჟურნალისტები მოდიოდნენ? ჟურნალისტებიც ბევრს ტყუიან! სიმართლე, რომ თქვან, არ შეიძლება? ისე, როგორ ამბობენ მაინც ამდენ სიცრუეს! ეს კაცი ოდესმე ხომ შეიცვლება და მერე აღარ უნდათ თავის გარეთ გამოყოფა?! რა ინფორმაციებს გადმოსცემენ, კაცმა არ იცის! მოკლედ, ყოველი დღის გადატანა პრობლემაა გლეხისთვის, _ გვითხრა ქალბატონმა ანგელინამ.
ბიძინა დარჩია გეოლოგია და ამბობს, რომ ერთ დროს ბუმბერაზი ჩაის ფაბრიკები დაანგრიეს და გაყიდეს, ახალ მშენებლობებზე კი არავინ ფიქრობს.
_ დანგრევაში არიან მაგრები, მშენებლობაზე არავინ ფიქრობს. აგერ, ნახეთ ბინებიც როგორ დაანგრიეს. კი, ბატონო, ერთი ეს გზა გაგვიკეთა სახელმწიფომ და მადლობელიც ვართ, მაგრამ მიდი, შეჭამე გზა! საყანე ფართობები წყალს მიაქვს; ჯებირები 5 წლის წინ გააკეთეს, მაგრამ არასპეციალისტების მიერ გაკეთებული რა იქნებოდა?! დიდი პრობლემაა კომუნალური მრიცხველები; სამ სოფელს ერთი ელექტრომონტიორიც კი არ ჰყავს; დაზიანებულმა სადენებმა რამდენჯერ კინაღამ შეიწირეს ადამიანები. გლეხს ყანის დათესვაც კი საფიქრალი გაუხდა. ახლა რომ გაჭირვებაა, ასეთი არასდროს მინახავს. არაფერში არ მჭირდება მაგათი ამერიკული სიმინდი. შარშან რა გააკეთეს? მოსაცდელები, სტადიონი და ხიდი. ნახეთ, ერთი ის სტადიონი თუ ჰგავს გაკეთებულს! წელს გამგებელი, ტაკიძე იყო ჩამოსული, კრება ჩაატარეს და მე თვითონ დავუსვი საკითხი, ყანები შეგვიღობეთ-მეთქი. ვნახოთ, სად და როგორ დაიხარჯება ეს ფული.
ბაილეთის მაჟორიტარი პაატა კიღურაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს სოფლის მძიმე სოციალურ გაჭირვებას და უმუშევრობაზეც საუბრობს:
_ სოფლის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილი და ყანაა. მოსახლეობას ძალიან უჭირს და პირველ რიგში დავასახელებ დასაქმების პრობლემას: ძალიან ბევრი ახალგაზრდაა უმუშევარი და სოფლიდან წასული საზღვარგარეთ, თბილისში და თურქეთში… დაახლოებით 20 ოჯახი მყავს ისეთი, ვისაც ძალიან უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ეკუთვნით და არ აქვთ დახმარება. ჩვენ რა ვქნათ? რაც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით; თუ _ ფულით თუ _ ისე. ვინც მომმართა დამეხმარეო, ვცდილობ ყველას დავეხმარო. ყველაზე მთავარია, რომ ყანები დავთესეთ, ეს ხომ სოფლის დიდი პრობლემაა? ახლა მიმდინარეობს თანხების მოძიება, რომ მამათის საყანე ფართობებში არსებული პრობლემა მოვაგვაროთ და შევღობოთ. წელს ყველა ოჯახი გამოვკითხეთ და აზრი გავითვალისწინეთ. სამარშრუტო ტაქსმა, რომელიც დავნიშნეთ, არ გაამართლა, ერთ დღეს ჰყავდა ხალხი, მეორე დღეს _ არა. მე წელს ამირჩიეს, თუმცა ვიცი, რომ შარშან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფელში.