ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში, გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის ჩოხატაურის წარმომადგენლობის ეგიდით, მხატვარ გიზო გიორგაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. გიზო გიორგაძემ 1976 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: აპოლონ ქუთათელაძე, მიშა წულაძე, ზურაბ ლეჟავა, ზურაბ ფორჩხიძე, გიზო თავბერიძე.
გიზო გიორგაძის ნამუშევრების ნახვისას ხედავ, რომ იგი თავისი კუთხის ღვიძლი შვილია. ამის ნათელი დადასტურებაა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟების გრაფიკის ენაზე ამეტყველება _ მხატვარმა მთელი სერიები შექმნა დუმბაძის მოთხრობის “მე, ბებია ილიკო და ილარიონის” მიხედვით. გიზო გიორგაძე გურულ კოლორიტულ ბუნებას თავისებურად, ორიგინალურად გადმოცემს. იგი დაზგურ გრაფიკაში მუშაობს და ფერის შეგრძნების საოცარი უნარი აქვს. აქედან გამომდინარე, მან ნახატებს ფერწერული გრაფიკაც შეიძლება ვუწოდოთ.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ნახატებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.