ბოლო დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისაღებ დარბაზში მოქალაქეთა დიდი რიგებია. ისინი დახმარების სათხოვნელად არა მარტო მუნიციპალიტეტის გამგებელს, არამედ გუბერნატორს და საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართავენ. ორშაბათობით, “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში ხელისუფლებაზე განაწყენებული არა ერთი მოქალაქე მოდის ან ტელეფონით გვიკავშირდება და დახმარებას ითხოვს. ისინი ჩვენთან საუბარში ხელისუფლებას ბევრ მოთხოვნას უყენებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ დაპირებებით კვებავენ ან მიღების დღეს საერთოდ არ არიან. გამონაკლისი არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა რუსიაა _ 72 წლის პენსიონერი რედაქციაში მოვიდა დახმარების სათხოვნელად.
_ ჩემი მეუღლე, გენო სეფერთელაძე, 82 წლისაა, სულხან-საბა ორბელიანის 27 ნომერში ვცხოვრობთ. ძალიან გვიჭირს, ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი, ჩემს მეუღლეს მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული. ძალიან ძვირია წამლები _ რაც სახლში გამაჩნდა, გავყიდე, წამალი რომ მეყიდა. მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, გამგეობას, დახმარებისთვის. თითქმის ყველა ორშაბათს იქ ვარ. პოლისი გვაქვს და 50-ლარიანი შეღავათი გვეკუთვნის. სამი თვეა, უიმედოდ მატარებენ და წამალი არ მაღირსეს. შევხვდი გამგებელს, გია ტაკიძეს. მითხრა, არც წამალი გვაქვს და არც ფული, რომ დაგეხმაროთო. ასე გადის დღეები.
უამრავი წამალი სჭირდება მოხუცებულს, სახლში არავინ გვყავს, რომ ყურადღება მიაქციოს. მოუვიდა ინფარქტი, ღმერთის წყალობით, გადარჩა და ახლა თეთრებს ვეძებ, წამალი რომ ვუყიდო. ნუთუ, 50 ლარი არ აქვს ხელისუფლებას, რომ მომცეს?! გაზეთში კი წერენ, მოხუცებულებს და ავადმყოფებს ვეხმარებითო, თუმცა, ჩემთვის არ გამოჩნდა დასახმარებელი თანხა. სოციალური დახმარება მაქვს, მაგრამ თვეში 300-400 ლარის ღირებულების წამალი მესაჭიროება. ჩიტაიშვილი რამდენიმე წლის წინ დამეხმარა, ახლა კიდევ ვეღარ შევაწუხებ; ერთხელ, ნიკოლაიშვილმაც მომცა ერთჯერადი დახმარება _ 50 ლარი.
ვისგანაც მეკუთვნის დახმარება, ის არ მეხმარება და სხვას რა მოვთხოვო? ახლა გამოვიტანე შეტანილი განცხადება და მივდივარ თბილისში _ პრეზიდენტს უნდა მივმართო, ასე უყურადღებოდ რომ მექცევიან. იმედი მაქვს, რომ თქვენი გაზეთის საშუალებითაც მიწვდება პრეზიდენტს ჩემი ხმა, _ მიხეილ სააკაშვილის იმედი აქვს ქალბატონ ნათელას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა ნათია ვაშალომიძემ კომენტარისთვის ოფიციალური მიმართვა მოითხოვა(?!):
_ მოგვმართეთ ოფიციალურად, _ მეტად ოფიციალური იყო საჯარო მოხელე ვაშალომიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ტაკიძე “გურია ნიუსთან” კომენტარს თავს არ არიდებს და აღნიშნავს, რომ ამ ოჯახის შესახებ საქმის კურსშია და აუცილებლად დაეხმარება:
_ ვიცნობ ამ ქალბატონს. მან არაერთხელ მოგვმართა დახმარებისთვის და კარგად მახსოვს, რომ ამ ოჯახს რაღაც დახმარება აღმოუჩინა გამგეობამ. ერთხელ წამლები შევთავაზეთ და მან მხოლოდ თანხა ისურვა, რისი საშუალებაც მაშინ არ იყო. ახლა წამლებს ითხოვს. მოვიდეს კიდევ ერთხელ და დავეხმარებით, _ გვითხრა ტაკიძემ.