როგორც ურეკის მცხოვრებლები ამბობენ, უგზოობა, უწყლობა და კანალიზაციის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებთ და მათი მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.
გასულ კვირას გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა გაფართოებული სხდომა ჩაატარა და მკაცრი ტონით გააფრთხილა ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ჩქარ ტემპში მოგვარდეს ურეკში არსებული პრობლემები. მან თქვა, რომ უახლოეს დღეებში ურეკში ჩატარებულ სამუშაოებს ჟურნალისტებთან ერთად შეამოწმებს.
ურეკში მცხოვრები 74 წლის მამია ხომერიკი დღევანდელ ხელისუფლებას გამომძალველს უწოდებს და ურეკში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს:
_ ურეკში რომ ამბავია ზაფხულში და განსაკუთრებით, აგვისტოში, წარმოუდგენელია ცხოვრებაც და დასვენებაც _ საშინელი ანტისანიტარიაა, მით უმეტეს, წვიმაში, წყალი არაა, კანალიზაცია არაა. გაწვიმდება და დადგება ტბა, ფეკალური მასების საშინელი სუნია _ ჰაერის მაგივრად საზიზღრობას ვსუნთქავთ, ზღვაზე გასვლა არ მოგინდება. ხომ ნახეთ, ცენტრალური ქუჩა რა მდგომარეობაშია _ მანქანები როგორ ცურავენ წყალში? ხალხს ყვლეფენ _ დადარაჯებულები არიან, რა წაგართვან და რით ამოგხადონ სული; საგადასახადო იმაზე ფიქრობს, ვინ რაში გამოიჭიროს _ 1000 და 2000 ლარს უწერენ ჯარიმას. საწყალი ხალხი წვალობს, შრომობს და გასაქანს არ აძლევენ. მთავრობას საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავს ხალხი, აშენებინებს სასტუმროებს და აქაურები შიმშილით კვდებიან. ესაა გამომძალველი ხელისუფლება!
_ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ციტრუსები გადავყარეთ. აგვისტოა ჩვენთვის სახეირო შემოსავლის მხრივ, თუმცა, იმდენად მოუწესრიგებელია ურეკი, ხალხს იმედი არ აქვს, რომ დამსვენებლები ჩამოვლენ. ახლომახლო სოფლებიდან _ შრომიდან და ნატანებიდან ჩამოგვაქვს სასმელი წყალი. აქაური წყალი არ დაილევა _ კანალიზაციის სიბინძურე შიგ ჩადის, _ ამბობენ ურეკის მცხოვრებლები.
სასტუმრო “ალბატროსის” დირექტორი, თინათინ ალფაიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ურეკში ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაა:
_ ჯერჯერობით, ამინდებმა არ გაგვიმართლა, თან რიკოთზე რაც მოხდა, იცით _ დამსვენებელს უჭირს მანქანით გადმოსვლა. ჩვენთან ახლა არიან დამსვენებლები. ჩვენთან, ძირითადად, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან ჩამოდიან. უცხოელებიც გვყავს, ქართველებიც, მაგრამ უფრო მეტად სომხები აქტიურობენ.
ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა _ წყლის და ბუნებრივი გაზის პრობლემაა. დასალევი წყალი არ არის და ბალონებით ვეზიდებით, საიდანაც მოვახერხებთ. გზები რა მდგომარეობაშია, თქვენც კარგად ხედავთ. ჩვენ 2004 წლიდან ვმუშაობთ აქ და წინსვლა ნამდვილად არაა. გზა ჩვენს ქუჩაზე საკუთარი სახსრებით დავაგეთ, მიმდებარე ტერიტორიებს ვასუფთავებთ. წელს პლაჟს ასუფთავებენ, ბუნკერებიც არის, თუმცა, ხალხიც ძალიან ცუდად იქცევა _ ნაგავს ნაგვის ყუთში არ ყრიან. კომუნიკაციები, თუნდაც, ტელეფონი არ არის. შარშან გამოვიყვანეთ ინტერნეტი, წელს კი აღარ გვაქვს _ არ ვიცი, სად წავიდა ის ხაზი. ახლა ხელახლა უნდა გავაკეთოთ _ ჩვენს დამსვენებლებს ინტერნეტით ვემსახურებით.
_ აქ 25-30 ოჯახი ვცხოვრობთ. თავს ლტოლვილების ფულით _ 22 ლარით ვირჩენთ. იატაკზე ვწევართ და ოთახს ვაქირავებთ ორ თვის განმავლობაში _ ეგაა მთელი ჩვენი შემოსავალი. ზამთარში გვეშინია, ქარმა ხეები არ წააქციოს და სახლს არ დაეცეს. ყოველი მხრიდან გვაწვიმს. წვიმიან ამინდში ოთახში ქოლგებით დავდივართ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ახლა ამბობენ, ფოთის მხარეს, მალთაყვაში გადაგიყვანენ, იქ შენდება დევნილების სახლიო. როცა არჩევნებია, მოდიან, დაგიტკბებიან, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. მე დალი ჩიტაიშვილი ვარ, გუბერნატორის მეგვარე. არ მინდა, ცუდი ვთქვა მასზე, მაგრამ გამოეშვა ვინმე ამბის მკითხავი, რა გიჭირთ, რა გილხინთო?! ტელევიზიაც იყო, გადაიღო სახლი, მაგრამ რად გინდა! ზამთარში შეშის ყიდვის საშუალება ვის აქვს. ზღვა თუ გამორიყავს ფიჩხებს, იმით ვთბებით. ახლა ისიც თქვეს, ხელისუფლება პირდაპირ ზღვაზე გასასვლელს აკეთებსო(?!) _ გვითხრეს ლტოლვილებმა.
ურეკს ახლადდანიშნული რწმუნებული ჰყავს. ემზარ გოგიტიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ურეკში არსებული პრობლემების შესახებ საქმის კურსშია:
_ ბატონო ემზარ, როგორ აპირებთ, ურეკში არსებული პრობლემების მოგვარებას?
_ ვიცი, რომ ურეკში ბევრი პრობლემაა, რის მოგვარებასაც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ვეცდები. აღნიშნული პრობლემები მოსახლეობას და დამსვენებელს აწუხებს. თითოეული მოქალაქის გასაჭირის ამბავს მივიტან ხელისუფლებამდე, _ აღნიშნა ახალდანიშნულმა რწმუნებულმა და დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში ვრცლად ისაუბრებს არსებული პრობლემების შესახებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია ტაკიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ პროექტებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება იხილავს და კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება.
_ რაც შეეხება წყლის პრობლემას, ურეკში არსებული ქსელი ანუ ჭაბურღილები იმუშავებს, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, გზასაც გავაკეთებთ, თუ ამინდები მოგვცემს საშუალებას, _ გვითხრა ტაკიძემ.
“საკურორტო სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, ურეკში ჩატარდა საკრებულოს ბიუროს გასვლითი სხდომა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. ზედამხედველობის სამსახური ეწევა ყოველდღიურ კონტროლს ურეკის ტერიტორიაზე, რათა დამსვენებლებს შეუქმნათ მაქსიმალური კომფორტი (?!). კომუნალური მომსახურების ცენტრმა დაასრულა გარე განათების მოწყობა, მიმდინარეობს შიდა გზის სარემონტო სამუშაოები. დასრულდა ტენდერი, რომელიც ეხებოდა ურეკში ზღვაზე გასასვლელის მოწყობას, რომელშიც გაიმარჯვა შპს “კონცეპტმა” და უახლოეს დღეებში გაკეთდება ფილებით მოწყობილი გასასვლელი გზა, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის. ასევე, ეს ფირმა უზრუნველყოფს ურეკის ტურიზმის ცენტრის ოფისის სარემონტო სამუშაოებს. დამსვენებელთა უსაფრთხოებისათვის ადგილზე იქნება მობილიზებული სახანძრო სამსახურის ერთი ჯგუფი, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სრულ მზადყოფნაშია სამაშველო სამსახური”, _ ასეთი კომენტარი გააკეთეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურეკში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
დაბოლოს, გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ურეკიდან. ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ სტუმარს მიაჩნია, რომ კურორტზე არსებული პრობლემების შესახებ რამდენიმე თვის წინ უნდა გვესაუბრა და არა ახლა, საკურორტო სეზონის წინ, რადგან ამით დამსვენებელს “დავაფრთხობთ” და ურეკის მოსახლეობა, რომელიც სწორედ ამ სეზონის იმედად არის, შემოსავალს დაკარგავს.
ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან თუ ამ რჩევას გავითვალისწინებთ, იმის გამო, რომ ურეკელებმა პურის ფული არ დაკარგონ, სიმართლე არ უნდა ვთქვათ, ჩვენი თანამემამულეები ურეკში “შევიტყუოთ” და უსიამოვნო ფაქტის წინაშე დავაყენოთ. ვერც იმ შენიშვნას მივიღებთ, რომ ამ პრობლემების შესახებ რამდენიმე თვის წინ უნდა გვესაუბრა, რათა ხელისუფლებას “ყური გამოეფხიკა” და კურორტისთვის მიეხედა _ ჩვენ ამ თემაზე რამდენიმე თვის წინაც ვწერდით და გასულ წლებშიც, მაგრამ, კურორტზე არაფერი შეცვლილა.
ასე რომ, სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის, საკურორტო სეზონამდე რამდენიმე თვით ადრეც სიმართლეა და საკურორტო სეზონზეც, ჟურნალისტის მოვალეობაც სწორედ ამ სიმართლის თქმაა, ხელისუფლებისა კი _ პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ფოტოების გამოქვეყნება, რომლებიც 2011 წლის 25 ივნისსაა გადაღებული, უფრო საჭირო საქმეა, ვიდრე სირაქლემასავით მშობლიური ურეკის სილაში თავის ჩარგვა!
ჭაობი ურეკის შესავლელთან
ურეკის ქუჩებში ასეთი მდგომარეობაა
გუბეები ურეკის ცენტრალურ ქუჩაზე
ურეკში წყლის პრობლემა რამდენიმე წელია, დგას
ცარიელი პლაჟი ივნისის ბოლოს
პლაჟზე მხოლოდ ძროხებია
დანგრევის პირას მისული “მთის ბროლი”
დაკეტილი ბაზარი
მზესუმზირის გამყიდველები ურეკის ცარიელ ქუჩაზე