ოფიციალური ინფორმაციით, სიხარულიძეს არც საბანკო ანგარიშები აქვს, არც ბინა და არც ავტომანქანა. თუმცა, ამ უკანასკნელს ხშირად ხედავენ “ნისანის” მარკის ავტომობილის საჭესთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიციის უფროსს მართვის მოწმობა არ აქვს. “გურია ნიუსი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას უშუალოდ პოლიციის უფროსთან შეეცადა, თუმცა _ უშედეგოდ. ჩვენს თხოვნას, მართვის მოწმობა ენახებინა, მან უარით უპასუხა: _ თუ გჭირდებათ, თქვენ თითონ მოიძიეთ, _ ასეთი იყო პოლიცის უფროსის პასუხი.
არც ერთ ელექტრონულ რეესტრში მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის; შესაბამისად, იმის დადასტურება, ნამდვილად აქვს თუ არა მართვის მოწმობა სიხარულიძეს, ვერ მოვახერხეთ.
ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მართვის მოწმობის შესახებ კომენტარის გაკეთება არც შსს პრესამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ გვენეტაძემ ისურვა.
_ გავარკვევ და დაგირეკავთ, _ ამ პასუხის შემდეგ თითქმის ერთი კვირა “დაურეკავად” გავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არც “პრივილეგირებული მძღოლების” შესახებ გააკეთეს. გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიგა ჯაფარიძის თქმით, დაისჯება ყველა, ვინც კანონს დაარღვევს. სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ პოლიციისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, არადა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მართვის მოწმობის გარეშე უპრობლემოდ გადაადგილდება: _ პოლიციელის ცოლის, პოლიციელის ახლობლებისთვის და მათი “მონათესავე” სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, როგორც ჩანს, მართვის მოწმობა სავალდებულო არ არის. აღნიშნული კატეგორიის ადამიანებისთვის სხვა სახის დარღვევებიც დასაშვებია.
7 ივლისს, პოლიციის თანამშრომელმა თემურ მდინარაძემ, მეგობრებს, რომლებიც “ოპელის” მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ, ღვედის გაკეთების აუცილებლობაზე არც კი მიანიშნა (ჯარიმის გამოწერაზე აღარაფერს ვამბობთ). არადა, აღნიშნულმა პოლიციელმა წინა დღეებში მსგავს ფაქტებზე რამდენიმე ჯარიმა გამოწერა, _ ამბობს წყარო, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან გასაგები მიზეზებით ამბობს უარს.
ჩვენს კითხვაზე რატომ სარგებლობენ მისი მეგობრები იმუნიტეტით, პოლიციის თანამშრომელმა მხრების აჩეჩვით გვიპასუხა. სხვათა შორის, ამავე დღეს, პოლიციის წინ ღვედის გარეშე მოძრაობდა ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის ცოლის ძმა, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა “ვერ შენიშნეს”.
_ პოლიცია შემოსავლების სამსახურად იქცა. გაჭირვებულ ხალხს დასდევენ და ზოგს რაზე აჯარიმებენ, ზოგს _ რაზე. არავინ ამბობს, რომ უკანონობაზე თვალი უნდა დახუჭონ, დამსახურებული ჯარიმაც უნდა გამოწერონ, მაგრამ კანონმა ყველასთვის უნდა იკანონოს და არა ერთეულებისთვის. პოლიციელების ახლობლებისთვის ყველაფერი დასაშვებია და რიგითებისთვის ყველაფერი უკანონობად მიიჩნევა, _ გვითხრა ერთ-ერთმა ჩოხატაურელმა, რომელიც ვინაობის გამჟღავნებას პრობლემების თავიდან ასაცილებლად მოერიდა.