(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობაზე, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თანხა გამოიყო. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა დააყენა. წელს პირველი შემთხვევაა, როცა ბახმაროს კეთილმოწყობაზე თანხა, რომელიც 56.0 ათასი ლარს შეადგენს, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. როგორც წყარო ამბობს, სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი კორიფაძის თქმით, აღნიშნული თანხა წყალგაყვანილობას, ცენტრის კეთილმოწყობას, საქუჩო განათებას და გზების შეკეთებას მოხმარდება.
_ გარდა ამისა, მოეწყობა ნაგავსაყრელი, რომელიც დასახლებული ადგილებიდან შორს იქნება; ტერიტორია შემოიღობება და სანაგვე ურნებიც დაემატება, _ გვითხრა კორიფაძემ.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კურორტზე სეზონი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება.