(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. ეს ფესტივალი საიუბილეო 50-ე გახლდათ და მასში მონაწილეობას 43 ქვეყნის ანსამბლი იღებდა. ლანჩხუთელი აპო ქანთარია უკვე 4 წელია, რაც აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრია და გრან-პრის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ჩვენებურები ფინალურ სტადიაში 10-წუთიანი პროგრამით წარსდგნენ და ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს აჯობეს. გრან-პრისთან ერთად მათ ფულადი პრემია _ 4 500 ევრო გადაეცათ. ფესტივალზე მეორე ადგილზე საბერძნეთი, ხოლო მესამე რუსეთი გავიდა. ამ დონის წარმატება ბოლო 17 წელია, ქართულ ანსამბლს საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰქონია.
აპო ქანთარიამ ბათუმის ხელოვნების სასწავლებელი დაამთავრა. ის 26 წლისაა და დაოჯახებულია. ამჟამად ბათუმში ანსამბლთან ერთად რეპეტიციას გადის. რამდენიმე დღეში ანსამბლი იტალიაში მიემგზავრება 10 დღით, რომლის დასრულების შემდეგ სამხრეთ კორეაში გაემგზავრება. “ქართველების ცეკვა ბურსაში გამართულ ფესტივალზე იმდენად მოწონებიათ სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს, რომ ანსამბლი თავის ქვეყანაში დაუპატიჟებიათ,” _ გვითხრა აპოს მამამ კოტე ქანთარიამ.