(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ააიპ ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობას ტარიელ ჟღენტი ასრულებს, რომელიც ამავე სამსახურის უბნის უფროსად მუშაობდა, უბნის უფროსად კი ამ დღეებში ოზურგეთელი ვლადიმერ სალუქვაძე დაინიშნა. ტარიელ ჟღენტი დასუფთავების სამსახურში 1991 წლიდან მუშაობს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ ადგილზე დიდხანს გაჩერებას არ აპირებს: _ არ ვაპირებ ამ ადგილზე დიდხანს გავჩერდე. ვისაც დანიშნავენ, თუ გვერდში ამომიყენებს, მეც გავაგრძელებ მასთან ერთად მუშაობას. თუ არა და აბა, რა გითხრათ?
როგორც ტარიელ ჟღენტი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, ვლადიმერ სალუქვაძე მისი კადრია და მან მოიყვანა:
_ მარტო გამიჭირდებოდა მუშაობა. სანამ აქ ვიქნები, გვერდით დამიდგება. ერთს გეტყვით _ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამსახურს შეფერხება არ ჰქონია, ქალაქ ოზურგეთის და ურეკის ტერიტორია ჩვეულ რეჟიმში სუფთავდება.
_ ბატონო ტარიელ, თქვენ ამ სამსახურში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა გეჭირათ და რატომ არ დაგკითხეს?
_ მე უბნის უფროსი ვიყავი და საწვავის არაფერი ვიცი _ საერთოდ არ გავკარებივარ. მე მეხება მანქანის გადაადგილება: დილით ვაძლევ მძღოლს მარშრუტს, ვაკონტროლებ სამ უბანს და დამგველების მუშაობას.