(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიას” მთავარ მწვრთნელად გიგლა იმნაძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა, კახა ებრალიძემ დაგვიდასტურა. ახალი მწვრთნელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. წარსულში “გურიას” ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იმ გუნდის ღირსებას იცავდა, რომელმაც ლანჩხუთურ კლუბს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა _ 1986 წელს “გურიამ” გიგლა იმნაძესთან ერთად საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. მანვე ჩაატარა შეხვედრები უმაღლეს ლიგაში, შუა სეზონში კი გაცილება მოუწყვეს და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. იგი მუშაობდა “გურიას” მაშინდელ უკრაინელ მთავარ მწვრთნელთან, მიხეილ ფომენკოსთან. შემდგომში საფეხბურთო წრეებში ამბობდნენ, რომ გიგლა იმნაძე წვრთნებს სწორედ ფომენკოს სტილში ატარებდა. მას შემდეგ, მან არა ერთი ქართული კლუბი გაწვრთნა, იტალიელ რობერტო ლანდისთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც წვრთნიდა, თუმცა, ყველაზე დიდ წარმატებას მან 1990 წელს, სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო წელს, “გურიასთან” ერთად მიაღწია _ მაშინ, შუა ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ლანჩხუთელი ქომაგების მოთხოვნით, გუნდიდან დაითხოვეს მურთაზ ხურცილავა. იგი იმნაძემ შეცვალა და გუნდს საქართველოს თასი და ვერცხლის მედლები მოაპოვებინა. ბატონი გიგლა “გურიასთან” ერთად, ისტორიაში შევიდა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული თასის მფლობელი. მანვე, კლუბთან ერთად, ვერცხლის მედლები 1991 წლის სეზონშიც მოიპოვა. შემდეგ იგივე ფოთის “კოლხეთში” გაიმეორა. რამდენიმე წლის შემდეგ, ის “გურიას” დაუბრუნდა, მაგრამ ფინანსურ კრიზისში მყოფ “გურიას” პრობლემები შეექმნა. ბოლო წლებში რამდენიმე ქართულ კლუბში მუშაობის გარდა, გიგლა იმნაძე ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწეობდა.