(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ურუშაძემ იმ სიახლეების შესახებ გვაცნობა, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში და სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს დააინტერესებთ: _ შეიცვალა მოსწავლის სკოლიდან სკოლაში გადაყვანის წესი. ამის შესაძლებლობა მოსწავლეს მიეცემა 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. მშობლებმა, რომლებსაც შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა სურთ, თვის ბოლომდე უნდა მოგვმართონ. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლიდან სკოლაში გადასვლა გამონაკლისის სახით, სხვა პერიოდშიც იქნება დასაშვები, თუმცა, პროცედურა გართულებულია და ამაზე განათლების სამინისტროს ნებართვა არის საჭირო, _ გვითხრა ნათია ურუშაძემ. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთათვის ამოქმედებულია დამატებითი სოციალური პროექტი. ჩამონათვალში რამდენიმე კატეგორიაა, მათ შორის ობოლი და უდედ-მამო, მრავალშვილიანი (4 და მეტი) ოჯახის წევრი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მათ წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიღება რესურსცენტრში შეუძლიათ, გამოცდების შედეგების გამოცხადებიდან 10 ოქტომბრამდე.