ლეიშმანიოზი ე.წ ზაფხულის ვერაგი დაავადებაა და ინფექციის კერა სწორედ ამ სეზონზე იწყებს მომძლავრებას.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ლეიშმანიოზით 14 მილიონი ადამიანია დაავადებული, ყოველწლიურად 2 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 40 000-80 000 კი ფატალურად სრულდება.
რაც შეეხება საქართველოს, ლეიშმანიოზი, ძირითადად, აღმოსავლეთში მძლავრობს. იგი, ძირითადად, 4 წლამდე ბავშვებს ემართებათ.
ლეიშმანიოზი იმ დაავადებათა საერთო სახელწოდებაა, რომელთაც უმარტივესი უჯრედშიდა პარაზიტი _ ლეიშმანია იწვევს. დაავადების წყაროს ადამიანები და ცხოველები წარმოადგენენ, გადამტანი კი პატარა სისხლისმწოველი მწერი _ ფლებოტომუსი გახლავთ. ადამიანებსა და ცხოველებში, შესაძლოა, ლეიშმანიოზის სამი სახე გამოიხატოს: კანის, კან-ლორწოვანისა და ვისცერული.
ლეიშმანიების სხეულში მოხვედრიდან მის კლინიკურ გამოვლენამდე, შესაძლოა, 2-9 თვე გავიდეს. თავდაპირველად, ფლებოტომუსის ნაკბენ ადგილას ჩნდება მცირე ზომის მოყვითალო, კანიდან ოდნავ ამოწეული ხორკლი. 3-6 თვის შემდეგ, კანი იჭიმება, პრიალდება და იფარება თეთრი ხორკლით. ქერქის ქვეშ ჩაღრმავებაა, რომლის ფსკერი ჩირქოვანი ნადებით არის დაფარული. დროთა განმავლობაში წყლული იზრდება და წლის ბოლოს 25 სმ-ს აღწევს.
როგორც წესი, ლეიშმანიოზი სხეულის ღია ადგილებზე _ სახეზე, კისერზე, ყურებსა და კიდურებზე ჩნდება.
დაავადების კლინიკური გამოვლინება იწყება ზოგადი სისუსტით, ცხელებით, აღინიშნება კანის სიფერმკრთალე და გამონაყარი. ავადმყოფის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, მატულობს ანემია, შეინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დაავადების პირველად გამოვლინებებს, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ, რაც დიაგნოსტიკას და შესაბამისად, მკურნალობასაც ართულებს.
ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ლეიშმანიოზით დაავადებული პაციენტი კარგა ხანია, აღარ ჰყოლიათ და შესაბამისად, არც პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო.
თუმცა, პატარა საქართველოში, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთისგან არც თუ ისე შორსაა, ვფიქრობთ, პრობლემა მაინც აქტუალურია.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო გვირჩევს, რომ პირველ რიგში, დავიცვათ პირადი ჰიგიენა; მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გამოვიყენოთ გადადუღებული წყალი და საღამოს საათებში ვატაროთ დახურული სამოსი, ვინაიდან დაავადების გადამტანი მწერები სწორედ საღამო ხანს აქტიურდებიან.