(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიას, ისევე, როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობას, ბოლო ხანს არც ოთხფეხა ნადირი აკლია და არც _ ორფეხა. მგელი, ტურა თუ გამგელებული ორფეხა მხეცი ერთნაირად იტაცებს და იპარავს ქათამს, თხას თუ ძროხას.
ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, მურმან ქავთარაძის ეზოში დათვიც გამოჩნდა. ნადირმა თხილის პლანტაციაში კარგად “წაიხემსა”, შემდეგ კი მცენარეები დაამტვრია და გაუჩინარდა.
როგორც გავარკვიეთ, ქაქუთში არა ერთ ოჯახს “სტუმრობდა” დათვი და თხილის მოსავალს სერიოზული ზიანი მიაყენა. ერთადერთი კულტურა, რომელიც წელს მსხმოიარეა და გლეხები სერიოზულ მოსავალს ელიან, თხილია. გურულები სულაც არ აპირებენ, მოძალადე დათვს “ბაბაია” დაუძახონ.