(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დემოკრატიული მმართველობის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
16-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტის მნიშვნელობაზე, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ტაბატაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია ამომრჩევლების ჩართვა მმართველობის პროცესში.
პროექტის ფარგლებში შერჩეულია სულ ათი მუნიციპალიტეტი და ტაბატაძის თქმით, 2 წლის განმავლობაში, მუნიციპალური სერვისების სრულყოფის მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებენ. პროექტის გახორციელებისას გამოყენებული იქნება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტების გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსები, საჯარო მოხელეებს კი ჩაუტარდებათ ტრენინგები.