(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გასულ კვირას, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მოადგილეებთან და ჟურნალისტებთან ერთად კურორტ ბახმაროს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ჩიტაიშვილის თქმით, მართალია სამუშაოები კურორტზე გვიან დაიწყეს, მაგრამ ცხელი სეზონისთვის პრობლემები მოგვარებული იქნება. ჩვენი შენიშვნა, რომ ცენტრში მდგარი დენის ტრანსფორმატორი, უკვე მესამე წელია ღიაა, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, გუბერნატორმა მიიღო და დავალება გასცა, რომ ტერიტორია, რომელზედაც ტრანსფორმატორია განთავსებული, სასწრაფოდ შემოიღობოს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ბახმაროში, კამეჩებმა ერთი კოტეჯი გადააბრუნეს, სადაც ახალგაზრდა ქალბატონი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. საბედნიეროდ, სახლიდან მათი უვნებლად გამოყვანა მოხერხდა, თუმცა, კურორტზე არხეინად მოსეირნე კამეჩების და ძროხების პრობლემა მოსახლეობას კარგა ხანია აწუხებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩიტაიშვილს “გურია ნიუსმა” მიაწოდა. გუბერნატორის განმარტებით, მოეწყობა სპეციალური ჩიხი, სადაც კურორტის ტერიტორიაზე მყოფ ძროხებს მოათავსებენ. მანამდე კი, მესაქონლეებს გაფრთხილების ფურცლები დაურიგდებათ.
ჩიტაიშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე შენიშვნაც მისცა.